Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბერალიზმის იმიტაცია


“ცხოვრების იმიტაცია” ( “Imitation of Life”, 1959, აშშ, რეჟისორი დუგლას სირკი)

ჯორჯ ფლოიდის შემზარავმა მკვლელობამ შეძრა ჩვენი სოციალური ქსელები და, ზოგადად, ქართული მედიაც, რომელიც, როგორც წესი, ან სრულიად გულგრილია საერთაშორისო ამბების მიმართ, ანდა მათ სადღაც “ბოლოში” განიხილავს ხოლმე. ჩემმა ნაცნობებმა სპირიჩუელსების მოსმენა დაიწყეს, ფეისბუკი აჭრელდა რასიზმის თემაზე გადაღებული ფილმების ფრაგმენტებით.

ე.წ. “შავი კინოს”ისტორია ძალიან საინტერესოა. შეგვიძლია თვალი ვადევნოთ, როგორ განიხილებოდა კინოში რასობრივი დისკრიმინაციის თემა, როგორ გადაიქცა - თუნდაც, ჰოლივუდში - აფროამერიკელი მსხვერპლი თავისი უფლებებისთვის მებრძოლ გმირად. ნუ დაგვავიწყდება, რომ ფილმი, რომლითაც, ფაქტობრივად, დაიწყო ამერიკული კინოხელოვნება, რომლის განხილვით ამერიკელ სტუდენტებს დღესაც ასწავლიან კინორეჟისურას, დევით უორკ გრიფიტის “ნაციის დაბადება” (1915), ამავე დროს, ყველაზე რასისტულ ფილმად ითვლება ჰოლივუდის ისტორიაში. პარადოქსია, მაგრამ ასეა.

სპაიკ ლიმ თავის ბოლო ფილმში “შავი კლანის კაცი” ნახევრად ირონიით გაახსენა ამერიკელებს, რომ ისინი ისევ ეროვნული კინოს კლასიკად მიიჩნევენ გრიფიტის რასისტულ სურათს. უფრო მეტიც, აღადგინა გასული საუკუნის 70-იანი წლები და ღიად უთხრა მაყურებელს, რომ ქვეყანაში მას შემდეგ არც არაფერი შეცვლილა - თეთრებს ზუსტად ისე სძულთ შავები, როგორც გასული საუკუნის 70-იან წლებში... და შავებსაც ზუსტად ასე სძულთ თეთრები. “შავი კინოს” ერთ-ერთმა ყველაზე რადიკალურმა წარმომადგენელმა ამ სურათით ჰოლივუდსაც მიმართა - მიუხედავად იმისა, რომ “ოცნებების ფაბრიკა” იმავე “ოსკარით” დაჯილდოების ცერემონიალზე ცდილობს მაქსიმალურად დაიცვას ბალანსი “თეთრსა” და “შავს” შორის (იმდენად, რომ ცერემონია ლამის ჭადრაკის დაფის სურათად აქციოს) , ე.წ. “სისტემური რასიზმი” ამერიკაში ზუსტად ისეთი ძალით მოქმედებს, როგორც იმ მძვინვარე 70-იანებში. საერთოდ, რასიზმის თემაზე გადაღებულ ამერიკულ ფილმებს თუ გავიხსენებთ, შეიძლება გავიფიქროთ, რომ შავკანიანი რეჟისორები ბევრად უფრო პესიმისტურად უყურებენ “სისტემური რასიზმის” პრობლემის გადაწყვეტას. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ანტირასისტული კინოს ყველაზე სევდიანი, ყველაზე სასოწარკვეთილი ფილმი მაინც არა აფროამერიკელმა, არა “ძირძველმა ამერიკელმა”, არამედ მეორე მსოფლიო ომის წლებში შეერთებულ შტატებში გერმანიიდან გადასახლებულმა რეჟისორმა, დუგლას სირკმა, გადაიღო. თანაც, როდის... ჯერ კიდევ 1959 წელს.

დუგლას სირკის სახელი პირველად რაინერ ვერნერ ფასბინდერის ერთ ინტერვიუში შემხვდა. “აბსოლუტური ფორმააო”, წერდა ფასბინდერი. რამდენიმე წლის შემდეგ სირკი საყვარელ რეჟისორებს შორის პედრო ალმოდოვარმა დაასახელა. ის საერთო, რაც აქვთ ფასბინდერს და ალმოდოვარს (სინამდვილეში, ორ სრულიად განსხვავებულ რეჟისორს) არის დუგლას სირკის სტილი - კიტჩის პირას მისული სიჭრელე, გაკრიალებული ზედაპირები, სარკეები, ანარეკლები, დასამახსოვრებელი კოსტიუმები, ორიგინალური თმის ვარცხნილობა - ყველაფერი, რაც ეკრანულ სივრცეს დეკორად, დიზაინად, ხშირ შემთხვევაში კი, უბრალოდ, ბუტაფორიად, სიცოცხლის იმიტაციად(!) აქცევს. დაუმატეთ ამას მსახიობთა თამაშის უტრირებული მანერა (განსაკუთრებით, ადრეულ ალმოდოვართან), “საპნის ოპერის” სიუჟეტური სქემები, ძლიერი ვნებების დაუფარავი (ზოგჯერ სასაცილო) ჩვენება. მოდურ სიტყვას “პოსტმოდერნიზმი” ჯერ კიდევ არავინ ხმარობდა, როცა დუგლას სირკმა თავისი ფილმებით “ფენოვანი ნამცხვრის ცხობა” დაიწყო - გააერთიანა, უფრო სწორად, თითქოს ერთმანეთს დაადო რამდენიმე ემოცია (სიყვარული და სიძულვილი, პირველ რიგში), რამდენიმე რეალობა, რამდენიმე ჟანრი, მიმართა სტილს, რომელსაც ჰოლივუდის ელიტა დასცინოდა, - “დიასახლისების კინოს” და სწორედ ამ ზეხელოვნური(მაგრამ ლამაზი) ფილმებით, როგორიცაა “ცხოვრების იმიტაცია”, გვიბიძგა გვემსჯელა ყველაზე მწვავე სოციალურ, პოლიტიკურ პრობლემებზე, მათ შორის რასიზმზე.

ფასბინდერი წერდა, რომ დუგლას სირკთან იდიალიზებული ამერიკის სახე იმდენადაა სტილიზებული, რომ ყველაფერი პაროდიას ემსგავსება - გმირები განიცდიან, მაგრამ მაყურებელს ეღიმება. თუმცა “ცხოვრების იმიტაციაზე” ამას ნამდვილად ვერ იტყვი - სირკის უკანასკნელ ამერიკულ ფილმში მელოდრამა ასევე სცილდება თავის საზღვრებს, მაგრამ იქცევა არა კიტჩად, რამდენადაც ტრაგიკულ სანახაობად. კი, დადგმულად, ხელოვნურად, გაზვიადებული ვნებებით, მაგრამ მაინც ტრაგედიად; როცა ადამიანს რცხვენია იყოს ისეთი, როგორიც არის, როცა მზადაა უარყოს დედაც კი, ოღონდ არავინ გადაეღობოს წარმატების გზაზე, მისი “ამერიკული ოცნება” შეიძლება კატასტროფით დასრულდეს. დასაფლავების სცენა, გადაწყვეტილი თეთრ ფერში, ცხოვრების იმიტაციის” მთავარი ეპიზოდი და, შესაძლოა, ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდი ამერიკული კინოს ისტორიაში, მაჰალია ჯექსონის მონაწილეობით, ფილმს გადააქცევს გრანდიოზულ კინოფრესკად, ანტიკური ტრაგედიის დონის ვნებებით. ამავე დროს, საოცრება ხდება ეკრანზე - ორი ამბავი დედებზე, რომელთაგან ერთს საკმარისად არ უყვარდა თავისი ქალიშვილი, მეორეს კი მეტისმეტად უყვარდა, ერთიანდება. თანაც, ისე ერთიანდება, რომ ემოციებიც ირევა ერთმანეთში; ტკივილი ცინიზმითაც კი გაჟღენთილია - შვილი დასტირის მსხვერპლს და, ამავე დროს, იცის, რომ ამიერიდან ვეღარავინ გადაეღობება მის “ამერიკულ ოცნებას”, მის სვლას წარმატებისკენ.

წარმოგიდგენიათ? დატკბილული კემპი გადაიზარდა მწარე კინოტრაგედიაში, რომელმაც უკანასკნელი იმედიც კი წაგვართვა. რას ამბობს აქ სირკი? გვეუბნება, რომ ამ სამყაროში დემოკრატია, წარმატების მიღწევის შანსი, სამართლიანობა და თანასწორობა მხოლოდ “დიზაინია”, ნამცხვრის ზედა ფენაა. დასაფლავების სცენაში ხომ პირდაპირ ჩაგვესმის ავტორის ხმა: გინდოდათ “თეთრი იმპერია”? ოცნებობდით აბსოლუტურ სითეთრეზე, უმწიკვლობაზე, ლაკირებულ სამყაროზე? მაშინ მიიღეთ ეს სითეთრე და შეძრწუნდით! კიდევ ერთხელ გადაიკვეთება რაინერ ვერნერ ფასბინდერისა და დუგლას სირკის გზები - ბუტაფორიულობა და ხელოვნურობა იმდენად მძაფრდება, რომ ეკრანი კი არ “ყლაპავს” მაყურებელს, როგორც კლასიკურ კინოში, არამედ, პირიქით, ექსტასისის, ანუ “საკუთარი თავის გარეთ ყოფნის”, მიღწევის შემდეგ უბრუნებს მაყურებელს საკუთარ თავს და აძლევს საშუალებას აზრს, დაიბადოს გრძნობებში (როგორც ბერტოლდ ბრეხტთან). აი, ამის შემდეგ მაყურებელი შეიძლება დაფიქრდეს, რომ სინამდვილეში უთანასწორობა და ჩაგვრა სახელმწიფოების მოწყობის ფუნდამენტია. სანამ მის არსებობას არ ვაღიარებთ, სანამ არ შეგვეშინდება, საკუთარ ტყავზე (და “თეთრ კანზე”) არ ვიგრძნობთ კატასტროფის საშიშროებას, წინ მართლა ვერასდროს წავალთ, დავრჩებით “ოსკარის ჭადრაკების” დონეზე, დემოკრატიისა და ლიბერალიზმის იმიტაციით.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG