Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლექსუსი" მარიუპოლის პლაჟზე და ჩეჩენი გენერლის ბოდიში


გენერალი აფტი ალაუდინოვი „ახმატის“ მეთაური და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური განყოფილების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეა
გენერალი აფტი ალაუდინოვი „ახმატის“ მეთაური და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური განყოფილების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეა

ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფ „ახმატის“ მეთაურმა, გენერალმა აფტი ალაუდინოვმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში იმ კონფლიქტისთვის, რომელიც რუსეთის ჯარის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში ჩეჩნეთის ერთ-ერთი მკვიდრის მიერ ჩადენილ გამომწვევ საქციელს მოჰყვა.

ვინმე ილიას ვახიდოვმა საკუთარი ავტომანქანა „ლექსუსი“ პირდაპირ პლაჟზე დააყენა და შემდეგ ფიზიკური განადგურებითაც დაემუქრა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს.

როგორც „კავკაზ.რეალიის“ მიერ გამოკითხული ადამიანები ფიქრობენ, თავისი თანამემამულის საქციელის გამო გენერალ ალაუდინოვის მოულოდნელი ბოდიში გამოწვეულია არა მხოლოდ იმით, რომ სხვა შემთხვევისგან განსხვავებით, კონფლიქტი არ ჩაიფარცხა. არამედ მაღალჩინოსანი კადიროველის პოლიტიკური ამბიციებითაც.

აპრილში რამზან კადიროვის გარემოცვის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი, გენერალი აფტი ალაუდინოვი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური მუშაობის დარგში მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა. და როგორც ჩანს, ამბიციური ალაუდინოვი არ აპირებს ამ თანამდებობით დაკმაყოფილებას.

„თუ საჭირო გახდა, ნებისმიერს დავმარხავ"

18 ივლისს სოციალურ ქსელში გამოჩნდა მარიუპოლში გადაღებული ვიდეო, რომელზეც ჩეჩნეთის ერთ-ერთი მკვიდრი საკუთარი ავტომანქანა „ლექსუსით“ პლაჟზე შედის, პირდაპირ წყლის ნაპირზე ჩერდება და საცურაოდ ემზადება. სხვა დამსვენებლები მას სთხოვენ, რომ მანქანა სხვაგან, ამისთვის გამოყოფილ პარკინგზე გადააყენოს. თავიდან მძღოლმა უარი თქვა მანქანის გადაყენებაზე, ვიდრე ცურვას არ მორჩებოდა, შემდეგ კი სიტყვიერ მუქარაზე გადავიდა: „თუ საჭირო გახდა, ნებისმიერს დაგმარხავთ“, - ამბობს ვიდეოზე მამაკაცი, რომელიც ტელეგრამის არხ „ოსტოროჟნო ნოვოსტის“ თანახმად, ბიზნესმენი ილიას ვახიდოვი აღმოჩნდა.

სიტყვიერ შელაპარაკებაში მონაწილეობდა, სავარაუდოდ, ოთხი ადგილობრივი მცხოვრები, მანქანის მფლობელი, ქალი ჰიჯაბში და ორი მოზარდი, დიდი ალბათობით, ილიას ვახიდოვის ოჯახის წევრები. როდესაც ერთ-ერთმა დამსვენებელმა სანაპიროზე გაჩერებული მანქანის სანომრე ნიშნების გადაღება დაიწყო, ორიდან ერთმა მოზარდმა მას უთხრა: „ახლა მაგ ტელეფონს დაგიმტვრევ“. ვიდეოჩანაწერი წყდება მას შემდეგ, რაც კონფლიქტის წამქეზებელმა ქალს ტელეფონიდან ხელიდან წაგლიჯა.

ჩეჩნურნომრებიანი „ლექსუსი“, რომლითაც ვახიდოვის პლაჟზე შევიდა, ვინმე მადინა ვახიდოვას, სავარაუდოდ, ილიასის დედის ან სხვა ნათესავი ქალის სახელზე აღმოჩნდა რეგისტრირებული. ღია მონაცემების თანახმად, 38 წლის ილიას ვახიდოვი წარმოშობით ჩეჩნეთის ურუს-მარტანის რაიონის სოფელ გოისკოეს მკვიდრია. 2020 წლიდან ფლობს სამშენებლო ფირმა „ვოკსტროის“, რომლის მოგებამაც გასულ წელს 50 მილიონ რუსულ რუბლს გადააჭარბა.

გამოცემა „ოსტოროჟნო ნოვოსტისთან“ საუბარში ვახიდოვმა თქვა, რომ დამსვენებლებმა თითქოს თავადვე სცადეს მისი პროვოცირება, როდესაც მისი მისამართით რაღაც „ლოზუნგებს“ იძახდნენ. მაგრამ კომენტარის გარეშე დატოვა პლაჟზე მანქანის შეყვანის ფაქტი. „კავკაზ.რეალიის“ რედაქციაც შეეცადა ილიას ვახიდოვთან დაკავშირებას, მაგრამ შეკითხვებზე პასუხების გაცემაზე უარი თქვა.

სწრაფი რეაქცია "არაჩეჩნურ" საქციელზე

იმავე დღეს, როდესაც მარიუპოლში მომხდარი კონფლიქტის ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა, ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების რაზმ „ახმატის“ მეთაურმა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილემ, აფტი ალაუდინოვმა ბოდიში მოიხადა თანამემამულის "არაკაცური“ და „არაჩეჩნური“ საქციელის გამო.


რამზან კადიროვთან დაახლოებულმა მაღალჩინოსანმა სამხედრომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ვახიდოვი არ მონაწილეობდა უკრაინაში შეჭრის ოპერაციაში. ანუ ისე გამოუვიდა, რომ ებრძოლა, ასეთ კონფლიქტში აღარ გაეხვეოდაო.

„კავკაზ.რეალიის“ აზრით კი, ალაუდინოვის ეს სიტყვები შესაძლოა შეიცავდეს გარკვეულ მუქარას, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ 2022 წლიდან უფლებადამცველები რეგულარულად იუწყებიან უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნის მიზნით ჩეჩნეთის მცხოვრებთა გატაცების შესახებ.

რუსეთი ჩეჩნეთში ჩამოყალიბებულ და გაწვრთნილ სპეცდანიშნულების რაზმ „ახმატს“ იყენებს ე.წ. წმენდის ოპერაციისთვის უკრაინის სხვადასხვა რაიონში, მათ შორის - დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში.

აფტი ალაუდინოვმა ბოდიშის მოხდისას თქვა რომ მან მარიუპოლიდან გავრცელებული ვიდეო გადაუგზავნა რესპუბლიკის [ჩეჩნეთის] ხელმძღვანელობას, და პირობა დადო, რომ ამ ფაქტს უახლოეს მომავალში მოჰყვებოდა რეაქცია.

ასეც მოხდა: სამი დღის შემდეგ ვახიდოვმა აღიარა თავისი დანაშაული და ვიდეოკამერის წინ თქვა, რომ ის, "როგორც ჩეჩენი ხალხის წარმომადგენელი", ასე არ უნდა მისულიყო სანაპიროზე.

მარიუპოლელები, ოკუპაცია და კადიროველთა დაუსჯელობის სინდრომი

სამყაროს მათეულ სურათში ისინი ყველაზე მაღლა იმყოფებიან და სხვებთან მიმართებით თავს ყველაფრის უფლება შეუძლიათ მისცენ.
მიხაილ სავა

მარიუპოლის მერის მრჩეველი პიოტრ ანდრიუშჩენკო ამბობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ რუსეთის საოკუპაციო ძალების თავხედური ქცევა ხშირია.

"ყოველ შემთხვევაში, ძალიან გავრცელებულია მარიუპოლის მცხოვრებლების მიმართ აგრესიის გამოვლინება ან ისეთი ქცევა, თითქოს "ყველაფერი ნებადართულია“. აქ საკითხავი ისაა, თუ რამდენად ხშირად ერთვებიან თავად მარიუპოლელები კონფლიქტში. არა, ეს ხშირად არ ხდება. ისინი ცდილობენ თავიდან აიცილონ კონფლიქტი, რადგან საბოლოოდ ისინი აღმოჩნდებიან დამნაშავეები. როგორც წესი, ესაა საოკუპაციო ადმინისტრაციის მხრიდან ჩვეულებრივი ძალადობა ადგილობრივების მიმართ", - ამბობს ანდრიუშჩენკო.

ამ სიტყვებს ადასტურებს უკრაინული საექსპერტო ჯგუფ "სოვას" ხელმძღვანელი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხაილ სავა.


"მარიუპოლში ოკუპანტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის არსებული კონფლიქტების რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მოცემა არავის შეუძლია, რადგან ეს ინფორმაცია იმალება. მაგრამ მონაცემები, რომლებიც მარიუპოლის მოსახლეობიდან მოდის, საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ასეთი კონფლიქტები სისტემურია", - ამბობს მიხაილ სავა.

კადიროველები ადგილობრივებზე ზეწოლას უწოდებენ "მათთვის ადგილის მიჩენას“.

რაც შეეხება 18 ივლისს მარიუპოლის სანაპიროზე მომხდარ კონფლიქტს, სავას თქმით, კონფლიქტი "ხილული " გახდა ზუსტად იმიტომ, რომ ეს მოხდა ჩვეულებრივ ადამიანებს და არა ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, რომლებიც უფრო სერიოზულად არღვევენ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთა უფლებებს.

"იქ, სადაც არიან კადიროველები, ყოველთვის წარმოიქმნება მსგავსი კონფლიქტები. ისინი ცდილობენ თავიანთი უპირატესობის დემონსტრირებას ყველგან. ეს არის ის, რასაც ისინი უწოდებენ "მავანისთვის ადგილის მიჩენას". სამყაროს მათეულ სურათში ისინი ყველაზე მაღლა იმყოფებიან და სხვებთან მიმართებით თავს ყველაფრის უფლება შეუძლიათ მისცენ“, - ამბობს სავა.

ჩვეულებრივ, ჩეჩნეთის ხელმძღვანელობა მხარს უჭერს "თავისიანებს" და თუ კონფლიქტი ვიდეოზე არ არის ჩაწერილი, მაშინ „თავისიანის“ ნათქვამ სიტყვას გაცილებით მეტი წონა აქვს, ვიდრე ნებისმიერი რაოდენობის "უცხოს" ნათქვამს, - განაგრძობს მსჯელობას პოლიტოლოგი.

საკუთრივ ჩეჩნეთში რამზან კადიროვის სიახლოვე თავისთავად წარმოადგენს ინდულგენციას, რომელიც მოძალადეს ყველაზე გახმაურებულ საქმეზეც კი იცავს.

ცნობილია, თუ როგორ შეაქო ჩეჩნეთის ლიდერმა თავისი უმცროსი შვილი, ადამ კადიროვი, რომელმაც ყურანის დაწვაში ეჭვმიტანილ ნიკიტა ჟურაველს კაბინეტში სცემა. რამზან კადიროვმა ამ ცემის ამსახველი ვიდეო ტელეგრამის არხში გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ამაყობს თავისი შვილის საქციელით.

"მარიუპოლის მოსახლეობის ლოიალობა კითხვებს აჩენს"

ეს არის ადამიანი, რომელიც პოზიციონირებს, როგორც კადიროვისგან დისტანცირებული, მიუხედავად იმისა, რომ ამ დიდი სისტემის ნაწილს წარმოადგენს.
რუსლან აისინი

პოლიტოლოგ რუსლან აისინის თქმით, ოკუპირებულ მარიუპოლში მომხდარი კონფლიქტი ბოლო წვეთია კადიროველების ქცევით გამოწვეულ მზარდ უკმაყოფილებაში.


"ადგილობრივი მოსახლეობის ლოიალობა რუსეთის ხელმძღვანელობაში შეკითხვებს ბადებს. და კადიროველებიც, რომლებიც მარიუპოლში შევიდნენ, ერთი მხრივ, თავს ძალიან თავდაჯერებულად გრძნობენ ადმინისტრაციული სიტუაციის თვალსაზრისით, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულების თვალსაზრისით მათ ეს რწმენა აკლიათ", - ამბობს აისინი.

მან ასევე აღნიშნა, რომ მარიუპოლში ილიას ვახიდოვის უხეში საქციელი აფტი ალაუდინოვისთვის პოლიტიკური ქულების მოპოვების საბაბად იქცა. კარგა ხანია ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, რომ კრემლი ფსონს სწორედ ალაუდინოვზე აკეთებს, როგორც ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის შესაძლო მემკვიდრეზე.

"ამ სიტუაციაში ალაუდინოვი შეეცადა მაქსიმალური გამორჩენა მიეღო, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისთვის, რადგან ის არის თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო მუშაობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და აქვს გარკვეული უფლებამოსილებები და ვალდებულებები. ანუ მას დაავალეს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ასეთ პრობლემებსაც გაუმკლავდეს. კარგად არის ცნობილი, რომ ალაუდინოვი სერიოზულადაა ინტეგრირებული რუსეთის იდეოლოგიურ და პოლიტიკურ დღის წესრიგში და თავს თითქმის რუსად აცხადებს. ანუ, ეს არის ადამიანი, რომელიც პოზიციონირებს, როგორც კადიროვისგან დისტანცირებული, მიუხედავად იმისა, რომ ამ დიდი სისტემის ნაწილს წარმოადგენს“, - აცხადებს აისინი.

  • 2024 წლის 16 აპრილს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე აფტი ალაუდინოვის დანიშვნის შესახებ. ამ საკადრო გადაწყვეტილებამ რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური რედაქციის პროგრამის, Kavkaz.Realii-ს ანალიტიკოსები დაარწმუნა იმაში, რომ კრემლი სწორედ ალაუდინოვს განიხილავს კადიროვის მემკვიდრედ. მათივე თქმით, გარდა ამისა, ალაუდინოვის დანიშვნა შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ კრემლმა გადაწყვიტა ბოლო მოუღოს ჩეჩნეთის განსაკუთრებულ, გამორჩეულ მდგომარეობას.
  • რამზან კადიროვის ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე, ზოგიერთი ანალიტიკოსი ჩეჩნეთის ხელმძღვანელის კიდევ ერთ სავარაუდო მემკვიდრედ, ჩეჩნეთის პარალამენტის ყოფილ სპიკერს, მაგომედ დაუდოვს ასახელებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG