პირველად საქართველოსა და ამიერკავკასიაში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა. ბილიკი მოიცავს კოშკურებს, ხიდებს, საჰაერო ბილიკს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. ამჟამად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელშიც სამი უცხოური და ერთი ადგილობრივი ორგანიზაციაა ჩართული. სათავგადასავლო-შემეცნებით კომპლექსზე, რომლის მშენებლობაც, სავარაუდოდ, მომავალ წელს დაიწყება, დიდ იმედებს ამყარებენ ადგილობრივები და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია.
თითქმის ორწლიანი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ ლაგოდეხში ხის კენწეროების ბილიკი მოეწყოს. ამჟამად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელზეც გერმანულ-ჰოლანდიური კომპანია „სითი ფორესტერი“ მუშაობს. საპროექტო კომპანიის წარმომადგენელმა, ლანდშაფტის არქიტექტორმა ფრანჩესკო გარეფალომ გვითხრა, რომ ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს, პირველ რიგში, საჰაერო ბილიკს, კოშკურებს, ხიდებს და საგანმანათლებლო სივრცეს. წინასწარი ინფორმაციით, პროექტი მზად იქნები მიმდინარე წლის ბოლოს. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როგორი იქნება ბიუჯეტი. არქიტექტორის თქმით, სიგრძე, სავარაუდოდ, 500 მეტრი იქნება:
„ჩვენ უკვე დავათვალიერეთ რამდენიმე ტერიტორია. წარმოდგენილი იყო 4 სხვადასხვა ადგილი და საბოლოოდ არჩევანი გაკეთდა ტერიტორიაზე, რომელიც ყველაზე ახლოს არის ადმინისტრაციულ შენობასთან. ლაგოდეხის ბუნება მრავალფეროვანია. არის გაშლილი ტერიტორია, მდინარე, ხედი მთებზე. ჩვენ ვფიქრობთ ისეთი სტრუქტურის შემუშავებაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს ყველა ეს ასპექტი წარმოვადგინოთ. პროექტის ღირებულება დამოკიდებულია სტრუქტურაზე, რომელიც ახლა მუშავდება. შესწავლის პროცესშია, თუ რა სიმაღლეზე უნდა განთავსდეს ბილიკები, ასევე რამდენი იქნება სიგრძე. წინასწარი ვარაუდით, ამ ბილიკის სიგრძე იქნება 500 მეტრი. დეკემბრისთვის ჩვენ უკვე გვექნება განსაზღვრული პროექტი. ვიმედოვნებთ, რომ პროექტის წინასწარი ვერსია განხილული იქნება ოქტომბერში“.
ხის კენწეროების ბილიკის პროექტის დაგეგმვა-მომზადების პროცესში, გერმანულ-ჰოლანდიური კომპანიის გარდა, კიდევ ორი უცხოური და ერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩართული. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა CENN-ი. კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის წარმომადგენელი ანი ინასარიძე გვეუბნება, რომ ისინი უცხოურ ორგანიზაციებთან ერთად შეისწავლიან პროექტის ფინანსურ და შინაარსობრივ მხარეებს, ასევე მოამზადებენ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს:
„CENN-ი წარმოდგენილია ადგილობრივ ექსპერტთა ჯგუფით. ზოგადად, პროექტში ჩართული იქნებიან როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ექსპერტები. ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტთან დაკავშირებით ჩვენ საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად შევისწავლით პროექტის ფინანსურ და შინაარსობრივ მხარეს, ასევე მომზადდება გარემოს დაცვის შეფასების დოკუმენტი, რათა შესწავლილ იქნეს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული გარემოს დაცვის და სოციალური უსაფრთხოების რისკები“ .
ხის კენწეროების ბილიკის პროექტზე დიდ იმედებს ამყარებს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი სულამანიძის თქმით, წინასწარი გათვლებით, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 60 000-დან 100 ათასამდე ტურისტს ელოდებიან. სულამანიძე ამბობს, რომ ამჟამად მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია და საქართველოს ტურისტულ რუკაზე ლაგოდეხი ახალი ნიშით იქნება წარმოდგენილი.
„როდესაც ჩვენ კვლევა ჩავატარეთ, აღმოჩნდა, რომ გარკვეულ სეგმენტებზე, რომელიც საკმაოდ მრავალრიცხოვანია, არ გვქონდა არანაირი შეთავაზება. ასეთ სეგმენტებად შეიძლება განვიხილოთ ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ოჯახები, რომლებსაც პატარა ბავშვთან ერთად უნდათ ბუნებაში დასვენება. ეს ახალი პროექტი იქნება, რა თქმა უნდა, ბუნებით ტკბობა და სათავგადასავლო, ასევე შემეცნებითი საშუალება. დაცული ტერიტორიების პირველი დანიშნულებაა ბუნების კონსერვაცია, ამიტომ ჩარევა იქნება მინიმალური. ლაგოდეხის ხის კენწეროების ბილიკი იქნება კავკასიის რეგიონში პირველი“.
რა იციან ლაგოდეხელებმა პროექტის შესახებ და რა მოლოდინები აქვთ? აზრი ჩვენ ადგილობრივებსაც ვკითხეთ
„ეს პროექტი ძალიან წაადგება ხალხს. მოეწყობა ინფრასტრუქტურა, ჩამოვლენ ტურისტები და, შესაბამისად, ადგილობრივები ამით ისარგებლებენ. ზოგი ბინას გააქირავებს, ზოგი ჩურჩხელას გაყიდის. რა თქმა უნდა, კარგია მსგავსი სიახლე. გაჩნდება დამატებითი შემოსავლები და საარსებო წყარო“.
„რეკლამა გაუკეთდება ლაგოდეხს, ბევრი ტურისტი შემოვა და სანახაობაც ბევრი იქნება“.
„თუ ბევრი რამ გაკეთდება, კარგია, თუმცა ბოლო მომენტში რასაც აკეთებენ, ბოლომდე ვერაფერი მიიყვანეს. იმედია, რომ ამ პროექტს მაინც დაასრულებენ ბოლომდე“.
ხის კენწეროების ბილიკის საპროექტო სამუშოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება, სამშენებლო სამუშაოები კი მომავალი წლიდან დაიწყება. ჯერჯერობით არც ერთი მხარე არ ლაპარაკობს პროექტის ფინანსურ ნაწილზე. შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ იქნება დამფინანსებელი და რა რაოდენობის იქნება ბიუჯეტი.