Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხში გამომცხვარი პური 10 თეთრით გაძვირდა


დღეს ლაგოდეხში ერთი ლავაში 60-ის ნაცვლად 70 თეთრი ღირს.
დღეს ლაგოდეხში ერთი ლავაში 60-ის ნაცვლად 70 თეთრი ღირს.

ლაგოდეხში პური გაძვირდა. დღეს ერთი ლავაში 60-ის ნაცვლად 70 თეთრი ღირს. ამ დროისთვის პური ყველა საცხობს არ გაუძვირებია, მაგრამ ამბობენ, რომ ფასს რამდენიმე დღეში ისინიც მოუმატებენ, რადგან გაძვირებულია ფქვილი. რა ფაქტორებს ასახელებენ სპეციალისტები, როდესაც ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პროდუქტის გაძვირებაზეა ლაპარაკი?

გადმოწერა

ლაგოდეხში პური გაძვირდა

ლაგოდეხში პურის გაძვირების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ:

  • ლარის გაუფასურება;
  • ფქვილის გაძვირება;
  • ახალი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც საქართველოში მარცვლეულის შემოტანა სახმელეთო გზით იკრძალება;
  • 15 სექტემბრიდან დაანონსებული ბუნებრივი აირის გაძვირება.

დღეს დილიდან ლაგოდეხში ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პროდუქტი, პური, 10 თეთრით გაძვირდა. მომხმარებლებმა ამის შესახებ მაშინ გაიგეს, როცა პურის საყიდლად მაღაზიასა ან საცხობში მივიდნენ. ლაპარაკია პურზე, რომელიც შეფუთვის გარეშე იყიდება და ლაგოდეხში ცხვება. ადგილობრივ მცხოვრებთა განცხადებით, პური, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ 60 თეთრად შეიძინეს, ახლა 70 თეთრი ღირს. ლაგოდეხში გამოკითხული რიგითი ადამიანების ნაწილი პურის გაძვირებას „კატასტროფულ“ ამბად მიიჩნევს, ისინი კი, რომლებიც პენსიის იმედად არიან, ვარაუდობენ, რომ მალე პენსია მხოლოდ პურის საყიდლადაც კი აღარ იქნება საკმარისი:

„ერთი-ორი ადამიანის გარდა, ალბათ, მშივრები დავრჩებით ყველა...“

„ძალიან განვიცდი პურის გაძვირებას, რადგან ჩემთვის, პენსიონერისთვის, 5 თეთრსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. შიშის სინდრომი მაქვს უკვე, რომ სხვა პროდუქტიც გაძვირდება. ჩემს გვერდზე ყველა მასეთ მდგომარეობაშია და ვკითხულობთ, რა გვეშველება? საარსებო წყაროს გვიკეტავენ...“

„პენსიას რომ ავიღებ ხოლმე, კაპიკებს ვითვლი. გადადებული მაქვს პურის ფული და სხვა საჭირო ნივთებისთვის და ახლა უკვე პურის ფულიც აღარ მექნება“ .

„არჩევნები რომ იქნება მალე, არ უნდათ, რომ ხალხმა მხარი დაუჭიროთ?! ცოტა უნდა იფიქრონ მაგაზეც“.

პური ლაგოდეხში ყველა საცხობს ჯერ არ გაუძვირებია, თუმცა იქ, სადაც ფასი უკვე მოუმატეს, მიზეზებზე ლაპარაკობენ. ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ერთი ტომარა ფქვილი 10 ლარით გაძვირდა, რამაც პურზე ფასის გაზრდა გარდაუვალი გახადა:

ლაგოდეხში პურის ფასი გაიზარდა
ლაგოდეხში პურის ფასი გაიზარდა

„ერთი ტომარა ფქვილი 40 ლარი ღირდა და ახლა 50 ღირს. არ გვინდოდა, თუმცა პური 10 თეთრით გავაძვირეთ“.

ლაგოდეხში ათეულობით საცხობია, სადაც ყოველდღიურად სხვადასხვა ზომისა დაფორმის პურს აცხობენ - არის კახური შოთი, ლავაში, ე. წ. ბერძნული პური და სხვა. იმ საცხობში, სადაც ფასი ჯერ არ მოუმატებიათ, ამბობენ, რომ ამას აუცილებლად გააკეთებენ რამდენიმე დღეში, რადგან თუ ასე არ მოიქცევიან, მუშაობა უნდა შეაჩერონ. ერთ-ერთი საცხობის მფლობელმა ისიც გვითხრა, რომ თუ ფასი არ მოუმატეს, მაშინ პურის წონა დაიკლებს:

გაზრდილია ფქვილის ღირებულებაც
გაზრდილია ფქვილის ღირებულებაც

„სხვა გამოსავალი როცა არ არის, იძულებული ხარ ან გააძვირო, ან წონა დააკლო, რადგან სხვანაირად არ გამოვა არაფერი. მართალია, ჯერჯერობით ჩვენ არ გაგვიძვირებია, თუმცა ფასის მომატებას ვგეგმავთ ყველაზე მცირე 10 თეთრით“.

ფქვილი რომ გაძვირებულია, ამას პროდუქტის რეალიზატორებიც ადასტურებენ. მაღაზიაში, სადაც ფქვილი და პურ-პროდუქტები იყიდება, გვითხრეს, რომ ფასების ზრდა მიმდინარე წლის სექტემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყო, ფასნამატი კი ფქვილის ხარისხისა და ტომრის სიდიდის მიხედვით სხვადასხვაა:

„მთელი ზამთრის პერიოდში ფქვილის ფასი იყო 39, 40, ახალ აკი 48-მდე ავიდა. გვაქვს სხვაფასიანი უმაღლესი ხარისხის ფქვილი და 51 ლარი ღირს. ჩვენთან ფქვილი 2 სექტემბრიდან არის გაძვირებული“.

ლაგოდეხი
ლაგოდეხი

პურზე ფასის მომატებას რამდენიმე ფაქტორით ხსნის პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე. ამბობს, რომ ლარი გაუფასურდა, ბოლო პერიოდში ფქვილი 30 პროცენტით გაძვირდა, 15 სექტემბრიდან კი დაანონსდა ბუნებრივი აირის გაძვირება.მისივე თქმით, სახელმწიფომ ახალი რეგულაციები შემოიღო, რომლის მიხედვითაც საქართველოში მარცვლეულის შემოტანა სახმელეთო გზით იკრძალება. დოლიძის განცხადებით, ამ ყველაფრის ერთობლიობამ პურზე ფასის გაზრდა გარდაუვალი გახადა:

„მკვეთრად, 30 %-ით, მოიმატა ფქვილის ღირებულებამ. ამავე დროს, როგორც ვიცი, ბუნებრივი აირი 15 რიცხვიდან იმატებს. რაიონებში უკვე მომატებული იყო. მეწარმეს პროდუქციის თვითღირებულება თუ მეტი დაუჯდა, სხვა გზას ვერ ნახავს და გააძვირებს. ახალი რეგულაციებიც მიიღო მთავრობამ - საზღვრებზე პროდუქტის ტრანსპორტით შემოტანა შეზღუდეს, უნდა დაიტვირთოს გემები და რკინიგზაო. ამ ყველაფერმა პროდუქციის თვითღირებულების აწევა გამოიწვია და, შესაბამისად, ფასებმაც მოიმატა. საგულისხმოა ლარის გაუფასურების წილიც“.

ლაგოდეხში პური ბოლოს 2010 წლის აგვისტოში გაძვირდა. ფასნამატი მაშინაც 10 თეთრი იყო, მიზეზად კი მსოფლიოში ხორბლის კრიზისი სახელდებოდა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG