კორონავირუსმა საქართველოს მოქალაქეებს უამრავი საფიქრალი გაუჩინა. ადამიანები, რომლებიც სამსახურს კარგავენ, ჯანმრთელობასთან ერთად, ოჯახის გამოკვებაზეც დარდობენ. ლარი უფასურდება, ფასები იზრდება. არავინ ამბობს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ აკრძალვები არ უნდა დაწესდეს, მაგრამ ხალხი დახმარებას ითხოვს.
რას სთავაზობს ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს? რამდენად შედეგიანია მთავრობის მიერ სოციალური და ეკონომიკური კუთხით გადადგმული ნაბიჯები? რა იწვევს დისკუსიებსა და უკმაყოფილებას?
დაუფიქრებელი აკრძალვა?
ავტობუსების დამატება პრობლემა არ არის, მაგრამ ახლა, მთავარია, ხალხს ავუხსნათ, რომ სახლში დარჩნენ - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენმდივანმა, კახა კალაძემ 18 მარტს ჟურნალისტის შეკითხვას სამარშრუტო ტაქსების აკრძალვით გამოწვეულ პრობლემებზე.
- სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა 18 მარტიდან მთელ საქართველოში აიკრძალა, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო;
- უმანქანო ხალხს გადასაადგილებლად დარჩა მეტრო (თბილისში), ტაქსები და ავტობუსები;
- ავტობუსებში ხალხმრავლობა იყო, მგზავრებს პრობლემები შეექმნათ.
ჯერ ავტობუსები დაემატებინათ და „მარშრუტკები“ მერე აეკრძალათო - ამბობდნენ ავტობუსებში ძლივს ასული ადამიანები.
მართალია, ხალხი კორონავირუსის საფრთხეებთან ყველანაირ ბრძოლას მიესალმება და მთავრობას ინფექციის შეკავების შედეგებსაც უფასებს, მაგრამ რა ქნან, როცა „დამსაქმებლები სამსახურში მისვლას ითხოვენ?!“. კიდევ ბევრი მიზეზია, გადაადგილებას რომ მოითხოვს და თანაც - „ეს არ აკრძალულა - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ჯერ არ გამოცხადებულა“.
სამარშრუტო ტაქსების აკრძალვამ დარგის სპეციალისტების აღშფოთებაც გამოიწვია. მათთვის ცხადია, რომ - კორონავირუსთან ბრძოლისთვის გადადგმულმა ამ ნაბიჯმა საპირისპირო შედეგი მოიტანა.
„სასწრაფოდ დააბრუნეთ ყვითელი მარშუტკები, სასწრაფოდ! ახსნაც არ არის საჭირო რატომ. იმის მაგივრად ტრანსპორტი დაგემატებინათ, რომ სიხალვათე ყოფილიყო ტრანსპორტში, როგორ აკრძალეთ?“ - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი, დავით მესხიშვილი.
ჯანდაცვის მინისტრმა 18 მარტს უთხრა მედიას, რომ განსაკუთრებით ხალხმრავალ მარშრუტებს ავტობუსები დაემატება. დედაქალაქის მერს კი, 18 მარტის ბრიფინგზე მკვეთრი პირობა არ დაუდია.
კორონავირუსისა და შიმშილის შიში
გაჩერებული სამარშრუტო ტაქსების მძღოლები კიდევ ერთი დიდი ჯგუფია, რომელიც უსამსახუროდ დარჩა. ბევრი დარდობს, რომ მათ ოჯახებს ელემენტარული საკვებიც მოაკლდებათ. კახა კალაძემ თქვა რომ „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მძღოლებს ანაზღაურების გარეშე არ დატოვებს.
- რამდენს გადაუხდიან თბილისელ მძღოლებს, როგორ და რა გზებით - დედაქალაქის მერმა ეს ჯერ ზუსტად არ იცის.
- ჯერჯერობით გაურკვეველია მათი ბედიც, ვინც სამსახური რეგიონებში დაკარგა.
კორონავირუსის გამო დაიხურა რესტორნები, კაფეები, სპორტდარბაზები, საცურაო აუზები, უმაღლესი სასწავლებლები სკოლები, ბაღები თუ სხვა ხალხმრავალი ადგილები.
კორონავირუსთან დაკავშირებული აკრძალვების გამო, უსამსახუროდ უკვე დარჩა ბევრი, სხვებს კი - ასეთი ბედის გაზიარების ეშინიათ. შემოსავლის გარეშე დარჩნენ, მაგალითად - მიმტანები, ხელოსნები, მძღოლები, დამლაგებლები, რეპეტიტორები თუ კულინარები.
უსამსახუროდ დარჩენილ ხალხზე მთავრობამ უნდა იზრუნოს, რადგან დაწესებული აკრძალვებით მთავრობამ უკვე აიღო კონსტიტუციური ვალდებულება - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია.
„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ დემოკრატიულ სახელმწიფოზე, როგორცკი ხელისუფლებას შემოაქვს შეზღუდვები, ის თავად ხდება მოქალაქეების ცხოვრების განმკარგველი... თუ მე მიკრძალავს შრომას, გადაადგილებას და შემოსავლების მოპოვებას, ხელისუფლებამ სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამ ყველაფერზე“.
პოლიტოლოგის თქმით:
- „არავინ დავობს, რომ კორონავირუსთან ბრძოლა აუცილებელია და აკრძალვებიც აუცილებლად დასაწესებელი იყო, მაგრამ მთავრობამ ხალხს სწრაფად უნდა შესთავაზოს ჩამორთმეული უფლებების ალტერნატივა“;
- „მთავრობამ უნდა აუხსნას ხალხს - როგორ გაუმკლავდნენ მაგალითად კომუნალური გადასახადების გადახდას და ვინ მისცემს მათ იმ შემოსავალს, რომლითაც ოჯახს არჩენდნენ“.
„ჯანდაცვითი კონტექსტის წარმატებული მართვისგან“ განსხვავებით, არჩილ გამზარდია ჯერჯერობით შედეგებს ვერ ხედავს სოციალური თუ ეკონომიკური კუთხით - „ჯერჯერობით ყველაფერი იდეებისა და სადღეგრძელოების დონეზეა“.
„ჩვენ პრობლემების წინაშე არ დავტოვებთ არავის... ყველას მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით... მხარს დავუჭერთ... იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები იმისთვის, რომ ამ დარტყმის შემდეგ ბიზნესმა შეძლოს ღირსეულად ფეხზე წამოდგომა... რა თქმა უნდა იქნება გათვალისწინებული ყველა დახმარება... ამაზე ცოტა მოგვიანებით“ - თქვა 18 მარტს კახა კალაძემ და არაფერი დაუკონკრეტებია.
18 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე შეხვედრა გამართა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თემატური ჯგუფების ფარგლებში. ოფიციალური ინფორმაციით, გაჟღერდა და გამეორდა რამდენიმე ინიციატივა:
- „საქართველოს ფოსტას დაევალა, მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაასრულოს მექანიზმის შექმნა, რომელიც 70 წელს გადაცილებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერებისთვის სახელმწიფო სერვისების ადგილზე მიწოდებას უზრუნველყოფს“.
- „პრემიერის დავალებით, შეიქმნება მექანიზმი, რომელიც ბიზნესთან კოორდინაციით თავიდან აგვაცილებს ფასების ზრდას ძირითადი მოხმარების 7 სასურსათო პროდუქტზე“.
- „ეკონომიკური გუნდის მინისტრებს დაევალათ, შეიმუშაონ გეგმა კორონავირუსით დაზარალებული დარგების მხარდაჭერისა და პროგრამა ეკონომიკის სექტორების სტიმულირებისთვის".
ოპონენტები ბოლო დროს ხშირად აკრიტიკებენ ხელისუფლებას, რომ ის არაფერს ამბობს ე.წ. „ქამრების შემოჭერის“, ხარჯების შემცირებისა და საბიუჯეტო პრიორიტეტების გადახედვის აუცილებლობაზე, მით უფრო ლარის სწრაფი ვარდნის პირობებში.
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის უკუშედეგი?
13 მარტს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსით დაზარალებულ ტურიზმის სექტორს ამცნო მთავრობის ინიციატივა გადასახადებისა და საბანკო სესხების გადავადების შესახებ. ამავე კონტექსტში ითქვა ისიც, რომ ბანკები სესხის გადასახადს ფიზიკურ პირებსაც გადაუვადებდნენ.
ლარის სწრაფ გაუფასურებას დიდწილად სწორედ მთავრობის ამ ანტიკრიზისული გეგმას აბრალებს „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორ რამაზ გერლიანი. უფრო სწორად, რადიო თავისუფლებასთან ის მთავრობის მოუმზადებლობაზე და გაუთვლელ სვლაზე ლაპარაკობს.
„კარგია ბანკების ეს კეთილი ნება, ხალხს რამდენიმე თვით მაინც აღარ უწევს ფიქრი სესხზე, მაგრამ - მთავრობას უნდა გაეთვალა, რომ ხალხს ამით მეტი სახარჯი ფული, მეტი ლარი დარჩებოდა ... ეს კარგია, ხალხს რომ ფული დარჩებოდა... მაგრამ ბევრმა კორონავირუსის შიშის ფონზე არასაჭირო პროდუქტების შესყიდვაც დაიწყო და დარჩენილი თანხით - მისთვის სანდო ვალუტა იყიდა (დოლარი თუ ევრო)... პარალელურად, ეროვნულმა ბანკმაც გაზარდა ფულის მასა ეკონომიკაში და შედეგმაც არ დააყოვნა - ლარმა სწრაფი გაუფასურება დაიწყო“, - ამბობს გერლიანი.
გეგმა, რომელის განხორციელებასაც ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურების შესაკავებლად აპირებს, რამაზ გერლიანს დაგვიანებულად მიაჩნია - „მათ არ უნდა დაეშვათ, რომ ლარი დოლართან მიმართებით 3-ლარიან ნიშნულს გადაშორებულიყო“.
რა უნდა გაეკეთებინა მთავრობას?
ეკონომისტის თქმით, მთავრობას უნდა გაეთვალა ასეთი შედეგი და რისკების დაზღვევაზე უნდა ეზრუნა - მათ შორის ბანკებთან მოლაპარაკებისა და სწორი გეგმის შემუშავების გზით. ასევე უნდა შემცირებულიყო საბიუჯეტო ხარჯები და თავიდან უნდა აგვერიდებინა ეროვნული ბანკის მიერ დაშვებული შეცდომები.
რამაზ გერლიანის თქმით, გარდაუვალი აუცილებლობაა ახლაც, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს საბიუჯეტო ხარჯები და გადაიხედოს საბიუჯეტო პრიორიტეტები. ეკონომისტი ფიქრობს, რომ - ასე შეიძლება თანხის მოძიება ხალხის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ამ კრიზისის დროს.
ბოლო დღეებში ეკონომიკური გუნდი ბევრს საუბრობს ხელსაყრელი ფასების შენარჩუნების აუცილებლობაზე და მოვაჭრეების გარკვეული ჯგუფების უსინდისობაზე.
რამაზ გერლიანიც ამჩნევს, რომ კორონავირუსის ფონზე ვიღაცეებმა ფასების არაადეკვატური ზრდით მართლაც მოითბეს ხელი, მაგრამ თუკი მთავრობა ფასების შენარჩუნებას კონტროლის გზით შეეცდება, "შესაძლოა დახლებზე გაძვირებული პროდუქტიც ვეღარ ვნახოთ".