კარანტინის წესების, მათ შორის, თვითიზოლაციის წესების დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და დამრღვევ ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა 3 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირებს - 15 000 ლარს, - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ბრიფინგზე ახალი ცვლილებების პროექტის შესახებ ილაპარაკა, რომლის აუცილებლობაც კორონავირუსის (COVID – 19) ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული ზომების შემდეგ დადგა.
განმეორებითი ქმედებისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებულ დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით, რაც შედეგად გამოიწვევს პირის ნასამართლეობას.
„ახალი კორონავირუსი (COVID 19) 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ პირთა ნაწილი იმყოფება ე.წ. თვითიზოლაციაში ან საკარანტინო სივრცეში. თუმცა, არის ცალკეული შემთხვევები, რა დროსაც, სამწუხაროდ, ეს პირები არ იჩენენ სათანადო სამოქალაქო პასუხისმგებლობას და არღვევენ თვითიზოლაციისა და კარანტინის რეჟიმს, რითიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სწორედ ამიტომ, საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება და დღეს დავაინიცირებთ კანონპროექტს“, - ამბობს ოხანაშვილი.
კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იქნებიან.
17 მარტის მდგომარეობით საქართველოში თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 71 ადამიანია გადაყვანილი.
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა კი 34-ს შეადგენს. მათგან ერთი განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64