უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებულმა ცნობილმა უკრაინელმა ოლიგარქმა და მედიამაგნატმა, იგორ კოლომოისკიმ, რომელიც თავის დროზე პრორუსულად განწყობილი დონბასელი სეპარატისტების წინააღმდეგ უკრაინელ მოხალისეთა ბატალიონებსაც კი აფინანსებდა, ცოტა ხნის წინ მოულოდნელი მეტამორფოზა განიცადა და განაცხადა, რომ საჭიროა უკრაინამ უარი თქვას დასავლეთზე და კვლავ რუსეთისკენ შეტრიალდეს.
„ნიუ იორკ ტაიმსმა“ სკანდალურ ოლიგარქს ინტერვიუ ჩამოართვა იმ ფონზე, როდესაც აშშ-ში, წარმომადგენელთა პალატაში, დაიწყო ღია მოსმენა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში, რომლის ცენტრშიც ამერიკულ-უკრაინული ურთიერთობებია.
არაკომპლიმენტური კომენტარი ნატოზე
„ადამიანებს სჭირდებათ მშვიდობა, კარგი ცხოვრება, მათ არ სურთ ომი. თქვენ, ამერიკელები, გვაიძულებთ ვიომოთ, თანაც, საამისოდ ფულსაც კი არ გვაძლევთ“, - მოჰყავს „ნიუ იორკ ტაიმსს“ კოლომოისკის სიტყვები.
გაზეთი შეახსენებს მკითხველებს, რომ ეს ის კოლომოისკია, რომელმაც 2014 წელს მილიონობით დოლარი დახარჯა მოხალისეთა ბატალიონების შესაქმნელად და შესაიარაღებლად, დონბასში მოქმედი პრორუსული ფორმირებების წინააღმდეგ საბრძოლველად.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის თაყვანისმცემლად არც ახლა მიიჩნევს თავს, კოლომოისკი ამბობს, რომ საჭიროა „რეალობის აღიარება“.
უკრაინელი ოლიგარქი აცხადებს, რომ ურთიერთობის გაუმჯობესების სანაცვლოდ, მოსკოვი კიევს გამოუყოფს „100 მილიარდი დოლარის“ კრედიტს და, შესაბამისად, უკრაინას აღარ დასჭირდება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან კრედიტების აღება.
ოლიგარქი, რომელსაც, ზოგიერთი პოლიტიკური კომენტატორის აზრით, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს უკრაინის მოქმედ ხელისუფლებაზე, ვაშინგტონში მიმდინარე იმპიჩმენტის პროცედურასაც შეეხო და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი რომ იყოს, თავად დაიწყებდა იმ გამოძიებას, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესწრაფვის.
პასუხად შეკითხვისა, ხომ არ დააყენებდა ეს დარტყმის ქვეშ უკრაინას, თუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაისად დემოკრატები გაიმარჯვებენ, კოლომოისკი ამბობს, „თუ ისინი ჩვენთან მიმართებით ჭკუას ძალას არ დაატანენ, ჩვენ რუსეთისკენ წავალთო“.
ამ კონტექსტში კოლომოისკიმ საკმაოდ არანორმატიული გამოთქმებიც გამოიყენა: „რუსეთის ტანკები განლაგდებიან კრაკოვისა და ვარშავის გარშემო, თქვენი ნატო კი შარვალში ჩაისვრის და პამპერსების შეძენას დაიწყებს“.
ვინ დაიწყებს უკრაინის დეოლიგარქიზაციას?
უკრაინელი ოლიგარქის ამ სკანდალურ ინტერვიუზე ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ის უნდა გაემიჯნოს კოლომოისკის განცხადებებს და სასწრაფოდ დაიწყოს უკრაინის დეოლიგარქიზაციის პროცესი.
„ამ ინტერვიუთი კოლომოისკი საბოლოოდ გამოემშვიდობა ყველაზე პატრიოტული ოლიგარქის იმიჯს და უპირატესობა მიანიჭა ფულის შოვნის შესაძლებლობას. გარდა ამისა, კოლომოისკის ინტერესები არ ემთხვევა უკრაინის ინტერესებს, ხოლო ამერიკაში ოლიგარქს არაერთი პრობლემა აქვს. აღნიშნული ინტერვიუ მოწმობს, რომ ოლიგარქები არ აპირებენ, ფეხი აუწყონ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევში მდებარე „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.
ოლიგარქ კოლომოისკის ინტერვიუ მძლავრი სიგნალი აღმოჩნდა ევროკავშირისთვის, სადაც ეჭვის ქვეშ შეიძლება დადგეს ქვეყნისათვის ფინანსური დახმარების გამოყოფა, თუ კიევი არ გამოიჩენს ძალისხმევას გამოიძიოს „პრივატბანკიდან“ დიდძალი თანხის უკანონო გატანის საქმე.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კიევში გამართულ ფორუმზე განაცხადა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაზე პასუხისმგებელმა ევროპელმა მოხელემ, ლიუკ დევინმა, რომელმაც საკმაოდ მკაფიო მინიშნება გააკეთა, თუ ვინ ჰყავდა მხედველობაში და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა კანონის უზენაესობაზე უკრაინაში.
„ჩვენ არ უნდა ვეძებდეთ იმათ, ვინც საბანკო თაღლითობით იყო დაკავებული. სად არიან ისინი, ვინც 5,5 მილიარდი დოლარი მოიპარა „პრივატბანკიდან“? ციხეში არიან? მიმდინარეობს მათი სისხლისსამართლებრივი დევნა? არა. ეს წარუმატებლობა არის განმსაზღვრელი თავად ევროკავშირისათვის, მაგრამ ამის გამო თქვენივე ხალხი ზარალდება“, - მიუმართავს აუდიტორიისათვის ლიუკ დევინს.
უკრაინის ხელისუფლებამ 2016 წლის ბოლოს, ეროვნული ბანკისა და „პრივატბანკის“ ყოფილი აქციონერების წინადადებებზე დაყრდნობით, მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საფინანსო ინსტიტუტის ნაციონალიზებისა და მისი კაპიტალის - დაახლოებით, 150 მილიარდი ჰრივნის - ეროვნული ბანკის აქტივებში ასახვის თაობაზე.
კოლომოისკი სასამართლოს გზით აპირებს „პრივატბანკის“ აქციების, დაახლოებით, 42 %-ის დაბრუნებას. ამისათვის მხარეები სასამართლო დავებს წარმართავენ საერთაშორისო დონეზეც.
უკრაინული მედიის თანახმად, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში შემავალ პროსაპრეზიდენტო ფრაქცია „ხალხის მსახურში“ ოლიგარქ კოლომოისკის თავისი ჯგუფი ჰყავს.
ამასთან, ზელენსკი და მისი მომხრეები უარყოფენ ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე კოლომოისკის მხრიდან რაიმე სახის გავლენის არსებობას და ღიად ეწინააღმდეგებიან ოლიგარქის მიერ „პრივატბანკის“ დაბრუნების მცდელობას.