შემოვუშვათ თუ არა რუსები, რომლებიც მას შემდეგ, რაც მათი ქვეყანა უკრაინას დაესხა თავს, საქართველოს მოაწყდნენ? ეს კითხვა ქართულ სოციალურ ქსელებში მწვავე კამათის საგნად იქცა - თუმცა მისი სერიოზული ანალიზი ნაკლებად შემხვედრია.
ის, რომ უკრაინის მიმართ სოლიდარობით გაერთიანებულ საზოგადოებაში რუსულმა მიგრაციულმა ნაკადმა შეშფოთება და პროტესტი გამოიწვია, სრულიად ბუნებრივი რეაქციაა. მაგრამ ის ემოციური თვალსაზრისითაა ბუნებრივი. რა რაციონალური არგუმენტებია მის უკან?
ეს უპირველეს ყოვლისა მორალური საკითხია. მაგრამ დავიწყებ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არგუმენტებით, რომლებიც ასევე გავრცელებულია. ზოგს ეშინია, რომ ამ ტალღას ჯაშუშები და დივერსანტები შემოჰყვებიან. ეს შიში გულუბრყვილოა: ასეთების ჩანერგვა რუსეთს ისედაც არ უჭირს და სათანადო რესურსს ჩვენს ქვეყანაშიც პოულობს. არც ის შიში მგონია საფუძვლიანი, რომ რუსეთი ჯერ რიგით მოქალაქეებს შემოგვიგზავნის, შემდეგ კი მათ დასაცავად ჯარით დაგვესხმება თავს. როგორც უკრაინის მაგალითი გვაჩვენებს, თუ რუსეთს სადმე შეჭრა მოუნდა, საბაბის შესაქმნელად რთული კომბინაციები არ სჭირდება: იტყვის, რომ “მძინარე ცხინვალზე” მორიგი დარტყმა იგეგმებოდა. მიდი და არკვიე.
კიდევ ერთი საფრთხე შეიძლება იმას უკავშირდებოდეს, რომ რუსეთი ჩვენს ქვეყანას მის წინააღმდეგ დასავლური სანქციების გვერდის ასახვევად გამოიყენებს. Ის, რომ ზოგი საქართველოში ჩამოსული რუსი აქ თავის ბიზნესებს არეგისტრირებს, იქნებ, ამ ამოცანას ისახავდეს მიზნად, მაგრამ ამაზე ეკონომიკის საკითხებში ჩემზე უფრო გარკვეულმა ადამიანებმა უნდა იმსჯელონ. აქ ნებისმიერ შემთხვევაში, პრობლემის არსი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, კერძოდ, სანქციებისთვის მიერთებაზე უარის თქმაა. ბევრი რუსი ჩამოვა თუ ცოტა, ამ მხრივ ბევრს არაფერს ცვლის.
ჩამოთვლილი არგუმენტები წინასწარ შექმნილი განწყობის არცთუ დამაჯერებელი რაციონალიზაციაა. ისიც უნდა დავამატოთ, რომ კამათი „შემოვუშვათ - არ შემოვუშვათ“ პრაქტიკულად უსაგნოა: ხელისუფლება „არშემოშვების“ თემას სერიოზულად არ განიხილავს. თუ ვფიქრობთ, რომ მასზე გავლენის მოხდენა შეგვიძლია, უფრო ძირეული პრობლემებია მისახედი. ლაპარაკს მხოლოდ იმაზე აქვს აზრი, რა დამოკიდებულება გვქონდეს მათ მიმართ, ვინც უკვე ჩამოვიდა ან ჩამოვა. პრობლემის გულს უნდა შევხედოთ: ვთვლით თუ არა რიგით რუსს მისი მთავრობის დანაშაულებრივი ქმედებების თანამონაწილედ?
ნაცისტური გერმანიის პრეცედენტი
ამ თემაზე სალაპარაკოდ კლასიკური ისტორიული პრეცედენტია გერმანელი ერის პასუხისმგებლობა ნაცისტური რეჟიმის ქმედებებზე. ის სავსებით მიესადაგება დღევანდელ რუსეთსაც. გადამწყვეტი არაა, რამდენად შეედარება ნაცისტების ბოროტებათა სიმძიმე პუტინის დანაშაულს: მთავარია, ვინ აგებს მათზე პასუხს.
ოღონდ ამ პრეცედენტის განხილვა მარტივ ფორმულას ვერ გამოგვაყვანინებს. დაეკისრა თუ არა გერმანელ ერს კოლექტიური პასუხისმგებლობა ნაციზმის დანაშაულისთვის? გააჩნია, „პასუხისმგებლობის“ ქვეშ რას ვიგულისხმებთ.
თანამედროვე დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი ადამიანის თვალში, პიროვნებას მხოლოდ იმაზე შეიძლება აგებინო პასუხი, რაც თვითონ გააკეთა ან, შესაძლოა, არ გააკეთა. სხვა მიდგომა მიუღებელია.
გერმანელების კოლექტიურ დამნაშავედ წარმოდგენის კლასიკური კრიტიკა მოგვცა ცნობილმა ფილოსოფოსმა ჰანა არენდტმა; ის, რომ არენდტი გერმანელი ებრაელი იყო, ანუ მიეკუთვნებოდა ჯგუფს, რომლის მიმართაც ჰიტლერის რეჟიმმა ყველაზე უფრო სასტიკი ბოროტება ჩაიდინა, მის მოსაზრებებს მეტი ფსიქოლოგიური ლეგიტიმურობა შესძინა. არენდტის აზრით, თუ ინდივიდს ერის (ამ შემთხვევაში, გერმანელი ერის) წევრობის გამო აცხადებ დამნაშავედ, ამით თავად იზიარებ ტოტალიტარული იდეოლოგიების, ნაციზმის და კომუნიზმის, ძირითად პრინციპს. სწორედ მათთვის იყო დამახასიათებელი ადამიანების დასჯა ეროვნების, რასის, სოციალური კლასის, ან დამნაშავედ მიჩნეული პირის ოჯახის წევრობის ნიშნით.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ ხალხი პასუხს არ აგებს თავისი ხელისუფლების ქმედებებზე? არა: რიტორიკა, რომ მთავრობაა ცუდი, ხოლო ხალხი არაფერ შუაშია, ძალიან ზედაპირულია. ავტორიტარული რეჟიმები არსებობს იმიტომ, რომ ხალხის დიდი ნაწილი მას ან აქტიურად უჭერს მხარს, ან პასიურად ემორჩილება. ამ თვალსაზრისით, გერმანელი ერი კოლექტიურად პასუხისმგებელია ჰიტლერის დანაშაულისთვის, ხოლო რუსი ერი - პუტინის ქმედებებისთვის. ხალხის დიდი ნაწილის მხარდაჭერის გარეშე ისინი ვერ გააკეთებდნენ იმას, რაც გააკეთეს, ან რასაც პუტინი ახლა აკეთებს.
როგორ შევათანხმოთ ეს ორი ხედვა? შეიძლება ერთმანეთისგან განვასხვაოთ კოლექტიური დანაშაული და კოლექტიური პასუხისმგებლობა. ეს უკანასკნელი უფრო ზოგადი მორალურ-ფსიქოლოგიური პრინციპია; მისი დედააზრი შეგვიძლია დავინახოთ იმაში, რომ ადამიანს, რომელიც თავს რაღაც ერს აკუთვნებს, არა აქვს უფლება, გულგრილი იყოს იმ ქმედებების მიმართ, რაც ამ ერის სახელით და მისი დიდი ნაწილის მხარდაჭერით ხორციელდება.
მაინც რას ნიშნავს კოლექტიური პასუხისმგებლობა?
როგორ გადავანაწილოთ კოლექტიური პასუხისმგებლობა ცალკეულ ინდივიდებზე? ცხადია, დანაშაულებრივი რეჟიმის მხარდაჭერა, ნებისმიერი ფორმით, ადამიანს მის ქმედებებზე პასუხისმგებლობას აკისრებს. მაგრამ უმრავლესობას, თუნდაც დიდ უმრავლესობას, მთელ ერს ვერ გაუთანაბრებ. ერთი ადამიანიც რომ იყოს დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგი, ეს საკმარისია იმის სათქმელად, რომ ყველა გერმანელი ან ყველა რუსი თანამონაწილე არ არის. ის, რომ ასეთი ადამიანი ცოტაა, არგუმენტად არ გამოდგება.
ჩემი აზრით, კოლექტიური პასუხისმგებლობის ცნება, სულ მცირე, შემდეგს გულისხმობს: როცა შენი ქვეყანა რაღაც ფუნდამენტურად მიუღებელს აკეთებს, გერთმევა უფლება, ამის მიმართ გამოკვეთილი პოზიცია არ გქონდეს. პირადად ჩემთვის, გამოთქმა „პოლიტიკა არ მაინტერესებს“ ყოველთვის მორალურად საეჭვოა; მაგრამ ვითარებაში, როცა შენი სახელით ბოროტებას სჩადიან, ასეთი დამოკიდებულების შეწყნარება შეუძლებელი ხდება. საკუთარი ქვეყნის სახელით ჩადენილი დანაშაულის დაგმობაზე უარის თქმაც მის მორალურ თანამონაწილედ გაქცევს და არ უნდა გაგიკვირდეს, თუ შესაბამისად მოგექცევიან. გამართლება „მე პატარა ადამიანი ვარ და არავინ არაფერს მეკითხება“ არ მუშაობს.
კოლექტიური დანაშაულის და კოლექტიური პასუხისმგებლობის პარადიგმათა გასამიჯნად მივუბრუნდეთ პოსტ-ნაცისტური გერმანიის მაგალითს. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო ჰენრი მორგენთაუს (ჩვენებურად, ფინანსთა მინისტრის) გეგმა, რომელიც გერმანელი ერის, როგორც კოლექტიური დამნაშავის, დასჯას გულისხმობდა: ის არა მხოლოდ გერმანელებისთვის ჯარის ქონის აკრძალვას, არამედ გერმანული ინდუსტრიის სრულ განადგურებას ნიშნავდა. გერმანია ღარიბი, განუვითარებელი და გარიყული ქვეყანა უნდა გამხდარიყო. ეს გეგმა ამერიკული ადმინისტრაციის ბევრ წარმომადგენელს არ მოსწონდა, მაგრამ პრეზიდენტ რუზველტთან სიახლოვის წყალობით მორგენთაუმ თავისი გაიტანა. ომის დამთავრების შემდეგ ამ მიდგომის კონტრპროდუქტიულობა ცხადი გახდა. ტრუმენის ადმინისტრაციამ უარყო გერმანელი ხალხის კოლექტიური დანაშაულის წანამძღვარი და პოლიტიკა საპირისპიროდ შეცვალა; ის დაეხმარა გერმანიას, ეკონომიკურად ფეხზე წამომდგარიყო და საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი გამხდარიყო.
ოღონდ ამის აუცილებელი წინაპირობა იყო გერმანიის მიერ საკუთარი უახლოესი წარსულის უკიდურესად მკვეთრი დაგმობა. ეს არ გულისხმობდა მხოლოდ რაიმე ფორმალურ დეკლარაციას: ფაქტობრივად, ყველა გერმანელს დაეკისრა მორალური ვალდებულება, ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია გამოეხატა. სხვა შემთხვევაში გერმანელები (კოლექტიურად) „დამნაშავე ერის“ დამღას ვერ მოიცილებდნენ. ცხადია, ნაციზმის დაგმობაში ყველა გულწრფელი არ იქნებოდა: მაგრამ ქვეყანაში პრინციპულად ახალი მორალური კლიმატი შეიქმნა.
ამ გამოცდილებას რუსეთზე ადვილად ვერ გადავიტანთ. ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიმდინარე ომში რუსეთის მარცხს ელის, მაგრამ არა იმ დონეზე, რაც ჰიტლერის გერმანიას დაემართა: მის სრულ სამხედრო განადგურებას და, მით უმეტეს, გამარჯვებული ძალის მიერ ოკუპაციას. ვერ გამოვრიცხავთ, რომ მარცხი რუსეთის პოლიტიკურ ელიტას და ხალხის დიდ ნაწილს პუტინის აგრესიული პოლიტიკის უგუნურებას გაააზრებინებს, ოღონდ ეს შეიძლება არ ნიშნავდეს რადიკალურ ზნეობრივ კათარსისს, რაც გერმანიამ ომის შემდეგ განიცადა. დიდი ალბათობით, რუსეთის პრობლემა მაინც ვერ გადაიჭრება.
მაგრამ თუ ვისაუბრებთ არა მთლიანად ქვეყანაზე, არამედ კონკრეტულ რუსებზე, ანალოგიას აზრი ეძლევა. თუ რუსებს, მათ შორის პოლიტიკასთან დაუკავშირებელ რიგით ადამიანებს, უნდათ, პუტინის რეჟიმის დანაშაულით გამოწვეული აღშფოთება და ბრაზი მათზე არ გავრცელდეს, მათ აქვთ მორალური ვალდებულება, უკრაინის მიმდინარე ომის, ისევე როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის მიმართ ცალსახა პოზიცია დაიკავონ და ეს პოზიცია ღიად გამოხატონ.
რეჟიმის შეცვლის მოვალეობა
ვიცი, ამ მოსაზრებას ზოგი მეტისმეტად „რბილად“ ჩამითვლის. ხშირად მესმის: თუ რიგითი რუსი პუტინს ნამდვილად არ უჭერს მხარს, ის კი არ უნდა გამორბოდეს, არამედ თავის ქვეყანაში უნდა დარჩეს და დანაშაულებრივი რეჟიმის შეცვლაზე იზრუნოს.
ეს აზრი ამკვეთრებს ინგლისელი ფილოსოფოსის, ჯონ ლოკის დებულებას „აჯანყების უფლებაზე“: ხალხს არა მარტო უფლება აქვს, დანაშაულებრივ რეჟიმს აუჯანყდეს, როგორც ამას ლოკი ამბობდა, არამედ ასეთი მოვალეობაც ეკისრება.
ბევრ რუსს ამ დღეებში გააზრებული აქვს ეს დილემა: კოლექტიური პასუხისმგებლობა ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ დანაშაულებრივ რეჟიმს მხარი არ დაუჭირო, არამედ იმასაც, რომ მას აქტიურად ებრძოლო; ბრძოლა კი ნიშნავს, სახლში დარჩე და ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ შენი ქვეყანა ბოროტების გზას ააცილო - თუნდაც ამისთვის მსხვერპლის გაღება დაგჭირდეს. თუ რუსეთი ოდესმე უკეთესობისკენ შეიცვლება (არ დავიწყებ მსჯელობას იმაზე, რამდენად დიდია ამის ალბათობა), ეს მხოლოდ ამ ქვეყანაში მცხოვრები რუსების ძალისხმევით მიიღწევა.
ზოგადი ნორმატული იდეის დონეზე, ამ მსჯელობას ვერ შევეკამათები: კი, ასეა. პრობლემა სხვაშია: ვის აქვს ასეთი მაქსიმალისტური მოთხოვნის წამოყენების მორალური უფლება? თავისთავად მახსენდება ახალი აღთქმის ცნობილი შეგონება: „რად უყურებ წველს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ამჩნევ?“ ქართველი „კლავიატურის ლომები“, ვინც რუსებს უკიჟინებს, სახლში დაეგდონ და პუტინი გააგდონ, ჩვეულებრივ, ასევე მიუღებლად და სამარცხვინოდ თვლიან საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, მაგრამ ბევრს ვერაფერს აკეთებენ მის შესაცვლელად. ზოგი მათგანი უკვე ემიგრაციაშია ან ფიქრობს, ხომ არ გადადგას ეს ნაბიჯი. ზოგს თავისი ვირტუალური „ბაბლი“ უკვე სხვა ქვეყანა ჰქონია.
საქართველო არავის დასხმია თავს და, ამ აზრით, ჩვენი პასუხისმგებლობა რუსეთისას არ უთანაბრდება; მაგრამ ბევრი ვეჭვობთ, რომ იმ ფუნდამენტურ ღირებულებით კონფლიქტში, რასაც რუსეთ-უკრაინის ომი ქვია, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან უფრო ახლოსაა (თუმცა ამის აღიარება არ უნდა). ჩვენ, კოლექტიურად, ზუსტად ისევე ვაგებთ პასუხს ივანიშვილი-ღარიბაშვილის ხელისუფლებაზე, როგორც რუსები აგებენ პასუხს პუტინისაზე. თუ უარს ვამბობთ, ერთმანეთისგან განვასხვაოთ პუტინის აქტიური თუ ნაკლებ აქტიური მოწინააღმდეგეები მისი მომხრეებისგან, ასევე ვაძლევთ უფლებას უკრაინელს, ან ნებისმიერ სხვას, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ჩვენს კოლექტიურ პოზიციად ჩათვალოს. ხოლო თუ პრეტენზია გვაქვს, საქართველოს ხელისუფლებას გავემიჯნოთ მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლებას, ფეისბუკ-სივრცის გარეთ, საკმაოდ მშვიდად ვიტანთ, მაშინ ასეთი გამიჯვნის უფლება რუსებსაც უნდა მივცეთ, ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულს თუ იქ დარჩენილს.
როგორც დაგპირდით, დასმულ კითხვებს მარტივი პასუხები ვერ გავეცი; იმედია, დაგარწმუნეთ, რომ ასეთი პასუხები არც არსებობს.