თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის ჭალის ტყეში საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი 10-მდე მუხის ხეა მოჭრილი. ხეების ნაწილი ტყიდან გატანილია, ნაწილი კი ადგილზევეა მიტოვებული. ფაქტი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის კოორდინატორმა კახეთში კახა სუხიტაშვილმა აღმოაჩინა.
ის სოციალურ ქსელში მოჭრილი მუხების ამსახველ ფოტოებსაც ავრცელებს. სუხიტაშვილი ამბობს, რომ კონდოლის ჭალის ტყეში გაჩეხილია, სავარაუდოდ, 60-დან 300 წლამდე ასაკის საღი ენდემური ხეები.
მისი თქმით, მოსახლეობაში დაუსჯელობის სინდრომია, რაც კანონის აღსრულებაში არსებული პრობლემით არის გამოწვეული:
„პრობლემა არის ის, რომ შესაბამის ორგანოებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ბიომრავალფეროვნების დაცვაზე და გამოვლენილი კანონდარღვევების აღკვეთაზე, სავარაუდოდ, არა აქვთ რესურსი, რომ მოახდინონ სრული რეაგირება. ამ მიმართულებით დაუსჯელობის სინდრომიც არის. ხეები მოჭრილი და გატანილია ცენტრალური გზიდან 100 მეტრში. შესაბამისი ორგანოები ან ვერ ხედავენ, ან ცალკეული პირები თვალს ხუჭავენ. ეს კიდევ სხვა თემაა, რომელზეც მე ინფორმაცია არ მაქვს. ჩემი ვარაუდით, ჭალის მუხები, ზომებიდან გამომდინარე, უფრო სამასალედ იქნა მოჭრილი. რაც შეეხება პატარა ტოტებს, შეიძლება საშეშადაც მიაქვთ“.
მოსახლეობაში არ არის იმდენი ინფორმაცია, განათლება, რომ მან არ უნდა მოჭრას ჭალის მუხა, რომლის გაზრდას 200 წელი სჭირდება. მე უფრო მეტ პრობლემას მოსახლეობაში ვხედავ. ამ კონკრეტულ შემთხეავაზე რეაგირება გვქონდა.იოსებ ტურაშვილი
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის კოორდინატორი კახა სუხიტაშვილი ხეების გაჩეხასთან ერთად კონდოლის ტყეში არსებულ სხვა პრობლემაზეც ლაპარაკობს. მისი თქმით, ტყეში ადგილობრივ მოსახლეობას თვითნებური ნაგავსაყრელი აქვს მოწყობილი. ტყის უკანონო ჩეხასა და მის ადგილზე ასევე უკანონო ნაგავსაყრელის მოწყობას გარემოსდამცველი ეკოლოგიურ კატასტროფას უწოდებს.
კონდოლის ჭალის ტყეში ენდემური ჯიშის მუხების გაჩეხის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვთ კახეთის სატყეო სამსახურში. მეტყევე იოსებ ტურაშვილი ამბობს, რომ ჭალების ტყეში ხეების ჭრა ძირითადად ღამის საათებში ხდება და მისი გაკონტროლება რთულია. ტურაშვილისავე თქმით, კანონდამრღვევებს სანქციებსაც აკისრებენ, თუმცა ეს ვერ უზრუნველყოფს ტყის სრულად დაცვას. მიუხედავად ამისა, სატყეო სამსახურმა კონდოლოს ჭალის ტყეში ენდემური ჯიშის მუხების გაჩეხის ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაიწყო.
„მოსახლეობაში არ არის იმდენი ინფორმაცია, განათლება, რომ მან არ უნდა მოჭრას ჭალის მუხა, რომლის გაზრდას 200 წელი სჭირდება. მე უფრო მეტ პრობლემას მოსახლეობაში ვხედავ. ამ კონკრეტულ შემთხეავაზე რეაგირება გვქონდა. ოქმი დაწერილია, აღრიცხვის მასალებიც გვაქვს შედგენილი, რომელიც გადაიგზავნება პოლიციაში ან პროკურატურაში და დაიწყებენ ამ საკითხის მოკვლევას“.
როგორც ირკვევა, კონდოლოს ჭალის ტყის გარდა, ხეები უკანონოდ კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც იჩეხება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის 01 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 193 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონალური სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. უწყებაში ამბობენ, რომ კონკრეტულ დარღვევებზე მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
გარემოსდამცველები ამბობენ, რომ პრევენციის მიზნით საზოგადოებაში რეგულარულად უნდა ტარდებოდეს საინფორმაციო კამპანია, რათა თვთშეგნების კულტურა ამაღლდეს.