Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში, შესაძლოა, თამბაქოს მასობრივი მოყვანა დაიწყოს


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ლაგოდეხში თამბაქოს გადამამუშავებელი საწარმო ნაწილ-ნაწილ დაშალეს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ლაგოდეხში თამბაქოს გადამამუშავებელი საწარმო ნაწილ-ნაწილ დაშალეს.

შესაძლოა, კახეთში თამბაქოს კულტურის მოყვანა კვლავ მასობრივად დაიწყოს. ამის ალბათობაზე ლაპარაკობს მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ გურამ მაჭარაშვილი. ის ამბობს, რომ პროცესი საწყის ეტაპზეა და ჯერ მოკვლევა უნდა ჩატარდეს, თუმცა ცნობილია, რომ თუკი თამბაქოს მოყვანის საკითხი გადაწყდება, პროცესში თანამონაწილე იქნება სახელმწიფო. რას ფიქრობენ ადგილობრივები ახალ ინიციატივაზე და რამდენად რეალურია თამბაქოს კულტურის აღდგენა, როცა შესაბამისი ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია?

გადმოწერა

უკიდურეს აღმოსავლეთ საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მსჯელობა დაიწყო თამბაქოს კულტურის მოყვანაზე. როგორც ლაგოდეხ-ყვარელის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, „პირველ ეტაპზე ბაზრის კვლევა უნდა ჩატარდეს და დადგინდეს, რა დაუჯდება მოსახლეობას თამბაქოს მოყვანა, ასევე სად და რა ფასად გაიყიდება“.

დეპუტატი ამბობს, რომ ამ საკითხზე საუბარი ჰქონდა სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და მისგან პასუხი მიიღო, რომ თანახმაა სახელმწიფო თანამონაწილე იყოს ამ პროექტის განხორციელებასა და ბაზრების მოძიების პროცესში, ისე როგორც ეს ხდება ღვინის რეალიზაციის დროს.

„რამდენადაც ვიცი, ამ ეტაპზე ბულგარეთი და რუმინეთია ის ქვეყნები, სადაც უფრო მეტად არის მოთხოვნა თამბაქოზე.საუბარია მისი სამკურნალო დანიშნულებით გამოყენებაზე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ექსპორტზე მუშაობა. მე ამ საკითხზე ურთიერთობა მაქვს უშუალოდ მინისტრთან. ზოგადად, ეს პროცესი საწყის ეტაპზეა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საბჭოთა საქართველოში ლაგოდეხი, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე,ერთ-ერთი გამორჩეული რაიონი იყო, სადაც თამბაქოს კულტურა მასობრივად მოჰყავდათ.1990-იან წლებამდე თითქმის ყველა სოფელში იყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სადაც თამბაქოს აშრობდნენ და ინახავდნენ. ლაგოდეხში იყო თამბაქოს გადამამუშავებელი საწარმოც, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს ინფრასტრუქტურა მოსახლეობამ ნაწილ-ნაწილ დაშალა და სამშენებლო მასალები სახლში წაიღო.

ჯემალ ხაჩიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც ათწლეულების წინ თამბაქო მოჰყავდა და ამ კულტურის მოყვანის სურვილი ახლაც აქვს, თუმცა ამბობს, ეს უნდა მოხდეს თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც ძვირია და სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე არაფერი გამოვაო.ჯემალ ხაჩიძის თქმით, „მხოლოდ ლაგოდეხში სეზონზე 7 ათასი ტონა თამბაქო მოჰყავდათ, მოსახლეობაც დასაქმებული იყო და შემოსავლითაც კმაყოფილი“.

„თამბაქოს კულტურა აუცილებლად უნდა აღორძინდეს. ადრე სათითაო ფოთოლი ინემსებოდა, ახლა კი უნგრული ტექნოლოგიით თამბაქო შედის სპეციალურ მოწყობილობაში. 2 კვირა მიდის შრობის პროცედურა და 3 დღე უნდა ფერმენტაციას. ამისთვის დანადგარებია საჭირო.მე პროექტიც მაქვს გაკეთებული“.

„თამბაქოს მოყვანა არ არის ადვილი საქმე, თუმცა შემოსავლიანიაო“, - გვეუბნებიან ლაგოდეხში გამოკითხული რიგითი ადამიანები.

ლაგოდეხში თამბაქოს გადამამუშავებელი საწარმო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსახლეობამ ნაწილ-ნაწილ დაშალა და სამშენებლო მასალები სახლში წაიღო.
ლაგოდეხში თამბაქოს გადამამუშავებელი საწარმო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსახლეობამ ნაწილ-ნაწილ დაშალა და სამშენებლო მასალები სახლში წაიღო.

მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ სწორედ იმ დროს მოასწრეს საცხოვრებელი სახლების აშენება, როცა ეს კულტურა მოჰყავდათ და კარგ ფასად იყიდებოდა.

შესაბამისად, მოსახლეობის ნაწილი მზად არის ამ მცენარის მოყვანა განაახლოს, თუკი სახელმწიფო და ბიზნესი მათ გარკვეული გარანტიებით უზრუნველყოფს, რომ მოყვანილი მოსავალი აუცილებლად გაიყიდება.

თამბაქოს კულტურა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მასობრივად თითქმის 1990 წლამდე მოჰყავდათ და მისი რეალიზაცია ძირითადად რუსეთში ხდებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ კულტურის აღდგენაზე ლაპარაკი დაიწყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მაშინ შეიქმნა კოოპერატივებიც, თუმცა იმის გამო, რომ ადამიანთა გაერთიანებებმა შესაბამისი დაფინანსება და გასაღების ბაზრები ვერ მოიძიეს, მათი იდეები ვერ განხორციელდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ცალკეულ ადამიანებს პირადი მოხმარებისათვის თამბაქო დღემდე მოჰყავთ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG