Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში სტიქიის დროს 18 წუთის განმავლობაში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა არ მუშაობდა


დასეტყვილი ყურძენი. 2018 წლის 20 აგვისტო
დასეტყვილი ყურძენი. 2018 წლის 20 აგვისტო

კახეთში 18 სექტემბერს სეტყვის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. სტიქიამ სამი მუნიციპალიტეტის 8 სოფლის მოსახლეობა დააზარალა. განადგურებულია ყურძენი, ხეხილის ბაღები და ერთწლიანი კულტურები. უკვე ცნობილია, რომ დაზიანებულ ყურძენს ორი ქარხანა ჩაიბარებს და კილოგრამში 50 თეთრს გადაიხდის. ახლა შეკითხვები აქვთ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მუშაობასთან დაკავშირებით. ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრში კი ამბობენ, რომ 200-მდე რაკეტა გაისროლეს, დასასეტყვი ტერიტორიების ფართობი შეამცირეს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ დაახლოებით 20 წუთი უამინდობის გამო სისტემა მწყობრიდან იყო გამოსული.

საგარეჯოში, სიღნაღსა და გურჯაანში 18 სექტემბრის საღამოს მოსულმა სეტყვამ 8 სოფლის მოსახლეობა დააზარალა. სეტყვამ, რომელიც ადგილობრივების თქმით, დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა, მოუკრეფავი ვენახები, ვაშლისა და მსხლის ბაღები, ასევე ერთწლიანი კულტურების დიდი ნაწილი გაანადგურა. დაზარალებულ მევენახეებს ახლა ყველაზე მეტად ის აინტერესებთ, ჩაიბარებენ თუ არა ქარხნები დაზიანებულ მოსავალს და რა ფასად. გლეხებს ასევე შეკითხვები აქვთ, იმუშავა თუ არა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ, რომელსაც, წესით, ისინი ბუნებრივი ზემოქმედებისგან უნდა დაეცვა.

„სეტყვა 20-დან 25 წუთამდე გრძელდებოდა, რომელმაც სოფელ დარჩეთში ვენახები სულ გაანადგურა. უნდა ითქვას, რომ წელს ყურძენს ვერ დავწურავთ“.

„აქ გარშემო ყველანაირი მოსავალი განადგურებულია. ამას ჰქვია ძლიერი სეტყვა. აი, ნახეთ, საერთოდ აღარაფერი არ შერჩა ვაზს და ხეს“.

„ყურძნის გარდა აღარ არის ვაშლი, მსხალი, გოგრა. სეტყვამ ყველაფერი გაანადგურა. არადა, დასაკრეფად იყო მზად. არც დაზღვეული მაქვს და რა ვქნა ახლა?!“

ჯერჯერობით უცნობია მიწის საერთო რაოდენობა, სადაც სეტყვამ მოსავალი გაანადგურა. სპეციალური დროებითი კომისია, რომელიც მუნიციპალიტეტების მერიის მიერ შეიქმნა, სტიქიის ზონაში მუშაობს და კონკრეტულ ციფრებს, სავარაუდოდ, გვიან საღამოს გამოაქვეყნებენ. დაზუსტებულ მონაცემებს ელოდებიან რთვლის საკოორდინაციო შტაბშიც. შტაბის ხელმძღვანელის ანდრო ასლანიშვილის თქმით, მუშაობენ იმისთვის, რომ დროულად იქნეს ჩაბარებული სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ორმა ქარხანამ გამოთქვა სურვილი მოსავალი მიიღოს, სავარაუდო ფასი კი კილოგრამზე 50 თეთრი იქნება. ცნობისთვის: ერთი კილოგრამი საღი რქაწითლის ჩასაბარებელი ფასი წელს 70-80 თეთრია.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტში ჩაბარების სურვილი გამოთქვა კომპანია „უნივერსალ თბილისმა“ და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კომპანია „საამომ“. რაც შეეხება ფასს, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ რთველი დავიწყეთ ანალოგიური სამწუხარო მოვლენით, რომელიც განვითარდა ახმეტის მუნიციპალიტეტში და იმისათვის, რომ მაშინდელი და ახლანდელი დაზარალებულები იყვნენ თანაბარ პირობებში, 18 სექტემბერს დაზიანებულ ყურძენს ქარხნები ჩაიბარებენ მინიმუმ 50 თეთრად“.

სეტყვა კახეთის მოსახლეობას თითქმის ყოველ წელს მნიშვნელოვან ზარალს აყენებს. სწორედ ზარალის მასშტაბების გათვალისწინებით, 2015 წლის მაისიდან მუშაობა დაიწყო სისტემამ, რომელმაც მოსავალი სეტყვისგან უნდა დაიცვას. ინფრასტრუქტურის მოწყობა სახელმწიფოს 15 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. სისტემა მუშაობს, თუმცა მოსახლეობის ნაწილი მაინც ზარალდება. ამიტომ შეკითხვები მუდმივად ისმება: თუკი მუშაობს, მაშინ რატომ არ არის შედეგი? სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას სახელმწიფოს მიერ შექმნილი ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი ამუშავებს. ამ ცენტრში გვითხრეს, რომ 18 სექტემბერს კახეთში სეტყვის მოსვლის ალბათობა იყო 8 000 ჰექტარზე, თუმცა, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგად, ამ ტერიტორიის 92 პროცენტზე სტიქია განეიტრალდა. ცენტრის კონსულტანტი ნუგზარ კვესელავა იმასაც ამბობს, რომ 18 წუთის განმავლობაში ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრსა და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებს შორის კავშირი იყო გაწყვეტილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში რაკეტების გასროლა არ ხდებოდა. კავშირის დაკარგვას კი უამინდობით ხსნიან. ნუგზარ კვესელავა ამბობს, რომ სულ 200-მდე რაკეტა გაისროლეს.

სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი
სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი

„ბუნებრივი მოვლენიდან გამომდინარე, 18 წუთის განმავლობაში გვქონდა ტექნიკური ხარვეზი. იყო კავშირის გაწყვეტა და გათიშვები. ასე ხდება ხოლმე რიგ შემთხვევაში, რადგან პროცესი იყო ძალიან ძლიერი. სეტყვასაშიშის კატეგორიამ მიაღწია უმაღლეს, მეოთხე, ხარისხს. ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მისი ლიკვიდირების პროცენტი დადგა მაქსიმალური. შეფერხებამდე სეტყვასაშიშ ღრუბელზე ზემოქმედების პროცესი ჩატარდა სრულად. მთლიანმა კერის ფართობმა შეადგინა დაახლოებით 8 ათასი ჰექტარი, აქედან ჩვენ გავანეიტრალეთ დაახლოებით 92 %“.

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრში ირწმუნებიან, რომ მათი მუშაობის შედეგად სტიქიის დროს უფრო ნაკლები ტერიტორიები ისეტყვება, თუმცა ის ფერმერები, რომლებიც ზარალდებიან, მიიჩნევენ, რომ სისტემა არ მუშაობს და მთავრობამ თავის დროზე 15 მილიონი ლარი არაეფექტურად დახარჯა. დაზარალებული მოსახლეობა ფინანსური ზარალის ანაზღაურებას ზოგჯერ სახელმწიფოსგან ითხოვს, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები მათ ეუბნებიან, რომ აგროდაზღვევის პროგრამით ისარგებლონ და ასეთი ზარალი მათ აუნაზღაურდებათ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG