გურჯაანის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი იყო კახეთში, რომელიც 18 იანვრიდან 2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებას საკლასო ოთახებში გეგმავდა. ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ მოსწავლეებიც, მაგრამ, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით და სამხარეო ადმინისტრაციის მითითებით, დღეიდან გურჯაანში სწავლა მხოლოდ ონლაინ, დისტანციურ რეჟიმში განახლდა.
ჩვენ ვგეგმავდით და ვემზადებოდით სკოლების გასახსნელად, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა არ მიიჩნიეს მიზანშეწონილად საკლასო ოთახებში სწავლის განახლება...დალი მინდიაშვილი
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელძღვანელმა დალი მინდიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სწავლების ასეთი მეთოდი გაგრძელდება 1-ელ თებერვლამდე. ის იმედოვნებს, რომ ამ დროს მაინც შეძლებენ საკლასო ოთახებში დაბრუნებას.
აღსანიშნავია, რომ ინტერნეტის და შესაბამისი ტექნიკის უქონლობის გამო, გასულ წელს მხოლოდ გურჯაანში, დაახლოებით, 200 მოსწავლე ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრებოდა. გურჯაანის სკოლებში 6 800-მდე მოსწავლე ირიცხება.
„ჩვენ ვგეგმავდით და ვემზადებოდით სკოლების გასახსნელად, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა არ მიიჩნიეს მიზანშეწონილად საკლასო ოთახებში სწავლის განახლება. ადგილობრივმა საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ გამომიგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც უმჯობესია თავი შევიკავოთ სკოლების გახსნისგან. მუნიციპალიტეტის ოცდახუთივე სკოლაში სწავლების დისტანციური მეთოდი გვაქვს და ასე გაგრძელდება 1-ელ თებერვლამდე“, - განაცხადა დალი მინდიაშვილმა და დაამატა, რომ „ონლაინ სწავლება არ არის სკოლების არჩევანი, ეს არის გამოსავალი“.
აღსანიშნავია, რომ, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს პატარა მუნიციპალიტეტებს, კონკრეტულ ადგილებზე არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლიათ თვითონ აარჩიონ რა ფორმით გააგრძელონ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი.
კახეთის რეგიონში, ბოლო ორი კვირაა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს. მაგალითად, დღეს რეგიონში მხოლო 5 ინფიცირებული გამოვლინდა. სკოლის ხელმძღვანელებს სწორედ ასეთი სტატისტიკა აძლევდა საფუძველს ევარაუდათ, რომ 18 იანვრიდან სწავლა მხოლოდ საკლასო ოთახებში განახლდებოდა.
ეს არის მობილობის შესამცირებლად და კახეთში დღეს არსებული ეპიდსიტუაციის შენარჩუნების მიზნით. ასევე გაძნელებული იქნებოდა მასწავლებელთა და მოსწავლეთა გადაადგილება, რადგან არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი...საკოორდინაციო შტაბი
სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, ლია ბეჟაშვილს, ვკითხეთ, არის თუ არა შემთხვევები, როცა მოსწავლეები ინტერნეტისა და სხვა საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის უქონლობის გამო გაკვეთილებს ვერ ესწრებიან.
„ასეთი პრაქტიკულად ძალიან ცოტა შემთხვევაა. მე როგორც ვიცი, არსებული ხარვეზები გზადაგზა სწორდება. ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე სწავლა კვლავ ონლაინ რეჟიმში დაგვეწყო. თითქმის პირველი სემესტრის ბოლომდე სწავლა მხოლოდ კლასში იყო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თავად მშობლები აღარ უშვებდნენ ბავშვებს, რადგან ეშინოდათ ისინი სკოლაში არ დაინფიცირებულიყვნენ“.
„არსებულ კლებად სტატისტიკას შენარჩუნება უნდაო“, - ასე უპასუხა რადიო თავისუფლებას კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შიოშვილმა შეკითხვაზე, თუ რატომ არ მიეცათ მოსწავლეებს საშუალება საკლასო ოთახებს დაბრუნებოდნენ. სწორედ შიოშვილი ხელმძღვანელობს ადგილობრივ საკოორდინაციო შტაბს. შტაბმა სპეციალური ოქმიც გამოსცა, სადაც სხვა მიზეზებზეც არის ლაპარაკი, თუ რატომ არ განახლდა სწავლა საკლასო ოთახებში.
„ეს არის მობილობის შესამცირებლად და კახეთში დღეს არსებული ეპიდსიტუაციის შენარჩუნების მიზნით. ასევე გაძნელებული იქნებოდა მასწავლებელთა და მოსწავლეთა გადაადგილება, რადგან არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. კიდევ ერთი მიზეზია ცუდი მეტეოროლოგიური პროგნოზი - რომ არ დაემთხვეს რესპირატორული დაავადებები კოვიდის გავრცელებას და ფატალური შედეგები არ გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სწავლა კვლავ ონლაინ რეჟიმში განახლებულიყო. ეს ყველაფერი შეთანხმებულია ასევე ეპიდემიოლოგებთან“.
საერთო ჯამში, კახეთის რეგიონში 190-მდე საჯარო სკოლაა, სადაც 18 იანვრიდან სწავლა მხოლოდ ონლაინ რეჟიმში განახლდა. ვინც გაკვეთილებს ონლაინ ვერ ესწრება, მათთვის განათლების სამინისტრომ პროექტი “ტელესკოლა” დაიწყო. სკოლის პროგრამის სხვადასხვა საფეხურის შესაბამისად, მასწავლებლები ვიდეოგაკვეთილებს წერენ, რომლებსაც შემდგომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი უჩვენებს. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად ეფექტურია ეს პროექტი. აღსანიშნავია, რომ კახეთში ასევე ონლაინ რეჟიმზე არიან გადასული ბაგა-ბაღები. ამ შემთხვევაში ონლაინ სწავლება კვირაში სამჯერ მხოლოდ ყველაზე უფროსი ასაკის ბავშვებს უტარდებათ.