კახეთში ატმის ფასმა დაიკლო. ერთი კილოგრამის ღირებულებამ ლარ-ნახევრიდან 40 თეთრამდე დაიწია. არსებული ფასით და რეალიზაციის მასშტაბით უკმაყოფილონი არიან ფერმერები. ამ დრომდე არ გახსნილა ის საწარმო, რომელშიც ატამი და ვაშლატამა უნდა ჩაიბარონ. რატომ ხდება ისე, რომ ყოველ წელს გლეხი უხვ მოსავალს პრობლემების ფონზე ყიდის ან ვერ ყიდის და რა გამოსავალს ხედავენ დარგის სპეციალისტები?
ორი კვირის წინ კახეთში ერთი კილოგრამი ატამი თუ 1,50 თეთრი ღირდა, ახალი ხილის ფასი 40-დან 70 თეთრამდე მერყეობს. გარდა ამისა, გურჯაანში მცხოვრები ფერმერები, რომლებსაც ატამი გასაყიდად ქუჩაში აქვთ გამოტანილი, ამბობენ, რომ რეალიზაცია 40 თეთრადაც კი გაძნელებულია. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ გურჯაანში მცირე რაოდენობით ექსპორტიორები არიან ჩასული, თუმცა ისინი მხოლოდ უნაკლო ხილს იბარებენ. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე არ გახსნილა სოფელ ჩუმლაყში მდებარე გადამამუშავებელი საწარმო, სადაც სხვა ხილთან ერთად ატამიც უნდა ჩაიბარონ.
ატმისა და ვაშლატამას მოსავალი კახეთში
- წელს კახეთში 36 ათას ტონამდე ატმისა და ვაშლატამას მოსავალს ელოდებიან.
- გურჯაანში სპეციალური შტაბი უნდა გაიხსნას, რომელმაც ატმისა და ვაშლატამას რეალიზაციის პრობლემა უნდა მოაგვაროს.
- შტაბი სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციის ქვეშ იმუშავებს.
„მთელი დღე ქუჩაში ვარ და ერთ ყუთზე მეტი ვერ გავყიდე. ფასი 40 თეთრი აქვს და მაინც არავის მიაქვს. არადა, მოყვანა უფრო ძვირი მიჯდება“.
„ვკრეფთ, მაგრამ გაყიდვა ძალიან გვიჭირს. საექსპორტოდ მაღალი გამავლობის მანქანებია შემოსული, თუმცა ატამს ერთი პატარა უმნიშვნელო წერტილიც რომ ჰქონდეს, არ მიაქვთ. დილას აქეთ ვზივარ, ორი ყუთი მიდგას და ვერ გამიყიდია“.
„მყიდველები არიან, მაგრამ ფასი არ მოსწონთ, 30-40 კაპიკიც კი უკვე ეძვირებათ“.
მართალია, ატმის ფასმა დაიკლო, მაგრამ გურჯაანის მერი, არჩილ ხანდამაშვილი, უკმაყოფილო არ არის. მისი თქმით, გასულ წელს ფასი კიდევ უფრო დაბალი იყო. რაც შეეხება ხილის გადამამუშავებელ საწარმოს, მერის თქმით, დაწესებულებას ტექნიკური პრობლემები აქვს და მისთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როდის დაიწყებს ის ხილის მიღებას:
„რაც შარშან და წინა წლებში იყო, დღევანდელი ფასი შედარებით მაღალია, მაგრამ გეთანხმებით, რომ 1.20 და 1.30 იყო წინა კვირაში. რაც შეეხება გადამამუშავებელ საწარმოს, აქ რაღაც ტექნიკური პრობლემებია, რაშიც ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თუმცა მე ამ წუთისთვის ინფორმაცია არ მაქვს, ეს პრობლემები როდის მოგვარდება“.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ხილის გადამამუშავებელი საწარმო 2014 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.
საწარმო ორი ნაწილისგან შედგება. ერთში ხილის დამუშავება, გასუფთავება და დაფასოება ხდება, ხოლო მეორე 400-ტონიანი სამაცივრე მეურნეობაა.
თქვენ გსმენიათ იმის შესახებ, რომ ქარხანას ჰქონდეს წინასწარ განსაზღვრული დრო, რომელ დღეს და რომელ საათზე გაიხსნება?როდესაც გაიხსნება ქარხანა, დაინახავთ და მოსახლეობას ამის შესახებ ეცოდინება...ლევან ნოზაძე
რადგან მოსახლეობა დიდ იმედებს ამყარებს ხილის გადამამუშავებელი საწარმოს ამუშავებაზე, ჩვენ კომპანიის წარმომადგენელს, ლევან ნოზაძეს, დავუკავშირდით. ის ამბობს, საწარმოს გახსნისთვის სამზადისი მიმდინარეობსო, თუმცა შეკითხვამ, როდის გაიხსნება საწარმო და როდის დაიწყებენ მოსახლეობისგან მოსავლის ჩაბარებას, ლევან ნოზაძის გაღიზიანება გამოიწვია:
„სამზადისი მიდის, რომ საწარმო გაიხსნას. რადგან პროდუქტი მოიწია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი გადამუშავება უკვე შეიძლება. ხილს უნდა ჰქონდეს თავისი შაქრიანობა. თქვენ გსმენიათ იმის შესახებ, რომ ქარხანას ჰქონდეს წინასწარ განსაზღვრული დრო, რომელ დღეს და რომელ საათზე გაიხსნება?როდესაც გაიხსნება ქარხანა, დაინახავთ და მოსახლეობას ამის შესახებ ეცოდინება“.
წელს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ატმის რეალიზაცია და მისი დაბალი ფასი პრობლემას წარმოადგენს. უფრო მეტიც, ყოველთვის პრობლემურია იმ ხილისა და ბოსტნეულის რეალიზაცია, რომელიც უხვად მოდის - მაგალითად, საზამთრო, ნესვი, ბადრიჯანი, წიწაკა, კიტრი, პომიდორი და ა.შ. ასოციაცია “მომავლის ფერმერის” თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი გვეუბნება, რომ ასე იქნება ყოველთვის, თუკი არ განისაზღვრება, რაზეა მოთხოვნა ქვეყანაში და რომელი მიმართულებით უნდა განვითარდეს კონკრეტული დარგი.
„არ შეიძლება სახელმწიფო ყველა კულტურას ჩამოეკიდოს და, საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდეს, რომ არაფერი არ გეჭიროს. ჯობია წინასწარ გამოკვეთო რამდენიმე ძირითადი წამყვანი კულტურა და ეს კულტურები ამუშაო, რომელსაც სახელმწიფოსგან და დონორებისგან დახმარება ექნება. თანხები უნდა მიიმართოს იქით, საითაც გვჭირდება კონკრეტული დარგების განვითარება. ეს არის ის ძირითადი პრობლემა, რომელიც მუდამ ასე იქნება. შარშანაც და შარშანწინაც ასე იყო ატმის შემთხვევაში. იგივე მდგომარეობა მეკარტოფილეობაში“.
წელს კახეთში 36 ათას ტონამდე ატმისა და ვაშლატამას მოსავალს ელოდებიან. გურჯაანში სპეციალური შტაბი უნდა გაიხსნას, რომელმაც ატმისა და ვაშლატამას რეალიზაციის პრობლემა უნდა მოაგვაროს. შტაბი სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციის ქვეშ იმუშავებს.