Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარანტინი თუ ჯოგური იმუნიტეტი: ევროპის პრესა კორონავირუსის კრიზისზე


ევროპის მასშტაბით იხურება საზღვრები, სკოლები, იკრძალება ღონისძიებები. იტალიაში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული, თუმცა ბრიტანეთი სხვა გზას ირჩევს და თავს იკავებს ამგვარი რადიკალური ზომებისგან: ის უშვებს მოსახლეობაში ინფექციის გავრცელებას, რათა ჯოგური იმუნიტეტი გამომუშავდეს. ევროპის პრესა აქტიურად მსჯელობს იმაზე, მაინც რამდენად სახიფათოა ეს სტრატეგია.

ბრიტანეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის ტაბლოიდი (ე.წ. „ყვითელი“) ყოველდღიური გაზეთი The Sun 14 მარტს აცხადებს, რომ ბრიტანეთის მთავრობა სწორია, როცა ეკონომიკურ შედეგებს ითვალისწინებს თავის სტრატეგიაში. „ცხადია, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლის გადარჩენა პრიორიტეტად რჩება, მაგრამ ბიზნესებისა და სამუშაო ადგილების გადარჩენაც შემაშფოთებლად აუცილებელი ხდება. ბრიტანეთის ავიახაზების განცხადება, რომ ეს გიგანტი ავიაკომპანია გადარჩენისთვის იბრძვის, შემაძრწუნებელია. და ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. ... თავისი მუშაობის პირველ სამ თვეში ბორის ჯონსონის ახალ მთავრობას შეეხო, ალბათ, ყველაზე მძიმე მსოფლიო კრიზისი, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. ... მან, რაც საჭიროა, ყველაფერი უნდა დახარჯოს საიმისოდ, რომ ჯანსაღი კომპანიები გადარჩეს“.

„ცეცხლთან თამაში“ - ასე კრიტიკულად აფასებს ასევე ბრიტანეთში გამომავალ, მემარცხენე-ცენტრისტულ გაზეთ The Guardian-ში ჟურნალისტი უილიამ ჰენეჯი ბრიტანეთის მთავრობის სტრატეგიას 15 მარტს. „თქვენი სახლი იწვის და ხალხი, რომელსაც თქვენ თქვენზე ზრუნვა ანდეთ, არაფერს აკეთებს ცეცხლის ჩასაქრობად. იმის მიუხედავად, რომ მათ იცოდნენ ამ საფრთხის შესახებ, ხედავდნენ რა დაემართა მეზობლებს, როგორი შემაშინებელი სისწრაფით გადაიტვირთა მათი სისტემები, ბრიტანეთის მთავრობამ, გაურკვეველი მიზეზებით, ცეცხლის ალის კიდევ უფრო მეტად გაზრდა აირჩია, მცდარი მოსაზრებით, რომ ისინი რაღაც გზით ამ ალის კონტროლს შეძლებენ. ... ბრიტანეთი არ უნდა შეეცადოს ჯოგური იმუნიტეტის შექმნას, რადგან ის თავისთავად შეიქმნება. პოლიტიკა უნდა მიემართოს დაავადების გავრცელების შენელებას (უფრო მეტად) მართვად დონემდე“.

იტალიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის გამოცემა La Stampa 16 მარტს ბეჭდავს ბიზნესის მიმომხილველ ფრანჩესკო გუერერას სტატიას, რომელშიც ის ბრიტანეთის მთავრობის სტრატეგიას რისკიან ნაბიჯად მიიჩნევს. „ბრიტანელებმა ჩათვალეს, რომ ვირუსით ბევრი ადამიანი დაინფიცირდება იმის მიუხედავად, თუ რა ზომებს გაატარებენ მთავრობები. მათი მიზანი არ არის ეპიდემიის გავრცელების შეჩერება, როგორც ამას იტალიაში ცდილობენ. ბრიტანეთის მიზანი იმის უზრუნველყოფაა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის შეზღუდულმა ინფრასტრუქტურამ შეძლოს ეპიდემიის პიკის გადატანა და ყველაზე მძიმე შემთხვევების განკურნება. ძირითადი იდეა აქ ‘ჯოგური იმუნიტეტია’, რომელიც ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ადამიანებს, რომლებიც ამ ვირუსს გადაიტანენ, ის მეორედ აღარ შეხვდებათ. ... ბრიტანეთის ექსპერტები ლაპარაკობენ ‘ინფენქციებსა და ჰოსპიტალიზაციას შორის ბალანსზე’, მაგრამ, ამ ‘ბალანსის’ გათვალისწინებითაც, დაღუპულთა რიცხვი ბრიტანეთში შესაძლოა 80000-დან ნახევარ მილიონამდე მერყეობდეს“.

გერმანიაში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის Frankfurter Allgemeine Zeitung-ი სამხრეთ კორეას აცხადებს მისაბაძ მოდელად და ამბობს, ამ ქვეყანამ დაამტკიცა, რომ დემოკრატიებსაც შეუძლიათ ვირუსთან წარმატებით ბრძოლა ჩაკეტვის რადიკალური ზომების გარეშეო. „პრიორიტეტები თავიდანვე განსაზღვრული იყო: არც ერთ ქვეყანას არ ჩაუტარებია ამდენი ტესტი; ალბათ, არსად ასეთი სიზუსტით არ პოულობდნენ და კარანტინში არ ათავსებდნენ ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს. იზოლაცია სამშობლოსადმი მოვალეობად იქცა. ... ასეთ ფონზე, ინფიცირებულთა თითქმის ყოველი ნაბიჯის მონიტორინგი შესაძლებელი იყო მობილურ ტელეფონებზე ჩამოტვირთული აპლიკაციით. მთავარი პრინციპი იყო იზოლაცია: ამ მესიჯს არა მხოლოდ ხმამაღლა აცხადებდნენ, არამედ ის მოსახლეობამაც მკაფიოდ გაიგო. კორეის დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება და, როგორც ჩანს, არც მთავრობის მიმართ რწმენა შერყეულა. ... წარმატების გაზომვა კი შესაძლებელია, ადამიანთა სიცოცხლე გადარჩა“.

დაე, საუკეთესო კონცეფციამ გაიმარჯვოსო, ასკვნის ესპანეთში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული გაზეთი El País-ი 16 მარტს და დასძენს, რომ მთავრობები კრიზისს ებრძვიან სხვადასხვა მცდელობით და საკუთარ შეცდომებზე სწავლის გზით. „მეცნიერებას კაცობრიობის ისტორიის სხვა არც ერთ კრიზისში არ შეუსრულებია ასეთი მნიშვნელოვანი როლი, მაგრამ ნაცვლად გლობალური კონსენსუსისა კრიზისთან გამკლავების გზაზე, ძალიან იშვიათად თუ გავმხდარვართ მოწმენი ასეთი განსხვავებული სტრატეგიებისა ქვეყნების მხრიდან. ... ჩვენ, მოქალაქეებმა, უნდა გავიგოთ, რომ ჩვენი პოლიტიკოსები მაშინაც კი, როცა საუკეთესო მიზნები და საუკეთესო სამეცნიერო მონაცემები ამოძრავებთ, შეცდომებს უშვებდნენ და დაუშვებენ. სამეცნიერო ცოდნაც სწორედ ასე იქმნება - ცდებით და შეცდომებზე სწავლით. ... ასეთი განსხვავებული ეროვნული სტრატეგიებით ჩვენ მეტ-ნაკლებად მალე დავინახავთ, რომელი ზომა მუშაობს უკეთ. სწორ გადაწყვეტილებებამდე შეცდომები მიგვიყვანს“.

XS
SM
MD
LG