Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონპროექტი „მარიხუანა, მარიხუანამ, მარიხუანის“ შესახებ


მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის მხარდმაჭერთა აქცია თბილისში. 2015 წელი
მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის მხარდმაჭერთა აქცია თბილისში. 2015 წელი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც მარიხუანის მოხმარებას, რეგულაციებსა და სანქციებს ეხება. ამ კანონპროექტს შსს მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარუდგენს, თუმცა კონკრეტულად რა წერია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში, რა სანქციებსა და რეგულაციებს მოიაზრებს ის, ამის შესახებ დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. შსს ავრცელებს საკანონმდებლო პაკეტის მხოლოდ და მხოლოდ ზოგად მიმოხილვას, სადაც მიუთითებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა დაიცვას მართლწესრიგი და საზოგადოებრივი უსაფრთხოება, მათ შორის დაიცვას საზოგადოება მარიხუანის მავნე ზეგავლენისგან იმ დასაშვებ ფარგლებში, რომელსაც კონსტიტუცია და, მის პრინციპებზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადგენს.

კანონპროექტის მიხედვით მარიხუანის მოხმარება იკრძალება:

  • საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას;
  • ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
  • არასრულწლოვნის თანდასწრებით;
  • სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;
  • არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში;
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის (მაგალითად, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის).

კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მარიხუანის მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, შედარებით მკაცრად, სისხლის სამართლის წესით დაისჯება:

  • სატრანსპორტო საშუალების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ;
  • არასრულწლოვნისთვის მარიხუანის სასყიდლით ან უსასყიდლოდ გასაღება/გადაცემა ან მარიხუანის მოხმარებაზე დაყოლიება.

ამასთანავე, შსს-ს მიერ შექმნილი კანონპროექტის მიხედვით, გარკვეული პროფესიის ადამიანებს მარიხუანის მოხმარებისთვის ჩამოერთმევათ პროფესიული საქმიანობის უფლება და შეეზღუდებათ სამოქალაქო უფლებები. უწყების მიერ გავრცელებულ ზოგად განცხადებაში არ არის მითითებული რომელი პროფესიის ადამიანები დაექვემდებარებიან ამ პუნქტს.

აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ და მხოლოდ მარიხუანის მოხმარებას, ანუ მეორად ქმედებას. საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ მარიხუანის მოხმარება გაათავისუფლა ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი სასჯელისგან, ანუ სამართალდამცავი სისტემა მხოლოდ მოხმარების გამო პირს სანქციას ვერ დაუწესებს. თუმცა პირველადი ქმედება, რაც გულისხმობს მოპოვებასა და ფლობას, სხვადასხვა ფორმით კვლავაც დასჯადია როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი წესით. მოიცავს თუ არა შსს-ს მიერ შემუშავებული კანონპროექტი მარიხუანის ე.წ. კანონიერი გზით მოპოვების შესახებ ჩანაწერს, ეს ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ის, რომ მარიხუანის მოხმარების თვალსაზრისით გარკვეული რეგულაციები უნდა არსებობდეს, ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ეუბნება პოეტი გიორგი შონია, თუმცა იმასაც ამბობს, რომ შს სამინისტროს მიერ გავრცელებული წინასწარი ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თაობაზე საკმაოდ მკაცრ რეგულაციებსაც გულისხმობს:

პოეტი გიორგი შონია მარიხუანის შესახებ შსს-ის კანონპროექტზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:00 0:00

რა შემთხვევაში დაგეკისრებათ სასჯელი?

მარიხუანის რეალიზაცია იკრძალება სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით. ამ მუხლის თანახმად, მარიხუანის უკანონო გასაღება ისჯება სამიდან რვა წლამდე პატიმრობით. თუკი ეს ხდება დიდი ოდენობით (70 გრამი გამომშრალი, 140 გრამი ნედლი), ან ჯგუფურად, ან არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელი 9 წელია. განსაკუთრებით დიდი ოდენობის გასაღების შემთხვევაში (500 გრამი გამომშრალი, 1 კგ ნედლი) დაგეკისრებათ 10-წლიანი სასჯელი. აღსანიშნავია, რომ მარიხუანის უფასოდ გადაცემა შეიძლება ჩაითვალოს გასაღების ფაქტად. გასაღების მუხლი არ შეიცავს განმარტებას მისი მინიმალური მოცულობის შესახებ.

ნედლი სახით მარიხუანის 100 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის გაუქმდა საპატიმრო სასჯელი. ამ ქმედებას არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი კრძალავს.

რაც შეეხება მარიხუანის შეძენას, საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნებისათვის შეძენისა და შენახვის გამო. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა მხოლოდ სასჯელი. თავად მუხლი კი კვლავაც არსებობს.

სოფიო ვერძეული, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დეტალურად გაიწეროს ის რეგულაციები, რომლებიც საჯარო სივრცეში შეზღუდავს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას, და იმასაც ამბობს, რომ ეს რეგულაციები დროულად უნდა იყოს შემუშავებული. თუმცა, მისი თქმით, აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა ტიპის სანქციები ამუშავდება და ხომ არ წარმოქმნის ახალი სანქციები ახალ საკონსტიტუციო დავებს. სოფიო ვერძეული ამბობს, რომ იმ კანონპროექტის შექმნაში, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა წარუდგინოს შსს-მ მთავრობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს მონაწილეობა არ მიუღიათ:

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც, სამინისტროს განმარტებით, შეიქმნა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მარიხუანის მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, ვერ იქნება ეფექტური და, შესაბამისად, ის არც რეგლამენტების შემოღების მომხრეა:

ალოგიკურ რეალობად მიიჩნევს ზურაბ ჯაფარიძე, ერთ მხრივ, მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციას და, მეორე მხრივ, მისი მოყვანისა და შეძენის კრიმინალიზაციას. მისი თქმით, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ განსაზღვროს მარიხუანის მოპოვების ლეგალური გზები.

რაც შეეხება იძულებით ურინოტესტირებას, ანუ ნარკოტესტირებას, სხვადასხვა დაკვირვების მიხედვით, ბოლო ხანებში მათი რიცხვი შემცირებულია. ზურაბ ჯაფარიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ეს კლება არ უკავშირდება საკანონმდებლო ცვლილებებს. მისი თქმით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ საზოგადოებამ საკუთარი უფლებების დაცვა ისწავლა.

შს სამინისტროში ამჯერად არ კეთდება არანაირი დამატებითი განმარტება მათ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტის შესახებ. ჯერჯერობით, არც ის არის ცნობილი, როდის წარუდგენს სამინისტრო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს მთავრობას.

XS
SM
MD
LG