Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: მარიხუანის მოხმარება მოექცევა მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიხუანის მოხმარების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 30 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებსაც მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარუდგენს. შსს-ს განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ შექმნა სრულიად ახალი სამართლებრივი რეალობა და პირად სივრცეში მარიხუანის მოხმარებისთვის არა მხოლოდ სისხლისსამართლებრივი, არამედ ადმინისტრაციული სანქციაც მიიჩნია არაკონსტიტუციურად, თუმცა, დაუშვა მისი მოხმარების აკრძალვა საჯარო სივრცეში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სკოლების სიახლოვეს, ისეთ ადგილებში, სადაც შეზღუდვა მიზნად ისახავს არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისაგან დაცვას და ა.შ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, მისი „უმთავრესი ამოცანაა დაიცვას მართლწესრიგი და საზოგადოებრივი უსაფრთხოება, მათ შორის დაიცვას საზოგადოება მარიხუანის მავნე ზეგავლენისგან იმ დასაშვებ ფარგლებში, რომელსაც კონსტიტუცია და მის პრინციპებზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადგენს.“ შსს აღნიშნავს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საჭიროებს მასში ასახული მიდგომების საკანონმდებლო დონეზე რეგულაციას“ და „ნებისმიერი დაყოვნება საფრთხეს უქმნის იმ ლეგიტიმურ ინტერესებს, რომელთა დასაცავად მარიხუანის გარკვეულ გარემოებებში მოხმარების შეზღუდვა თავად საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია დასაშვებად.“ ამასთან, შსს-ს განცხადებით, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობა აფერხებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას და ხელს უწყობს მისი მოხმარების წახალისებას.

შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტით, „მარიხუანის მოხმარება მოექცევა მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში. კერძოდ, სანქციის პროპორციულობის კონსტიტუციური პრინციპის გათვალისწინებით, დაისჯება მარიხუანის მოხმარება: საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის, მაგალითად, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის.“

კანონპროექტის მიხედვით, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მარიხუანის მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, შედარებით მკაცრად, სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და არასრულწლოვნისთვის მარიხუანის სასყიდლით ან უსასყიდლოდ გასაღება/გადაცემა ან მარიხუანას მოხმარებაზე დაყოლიება.“

ამავე კანონპროექტით, „გარკვეული პროფესიის ადამიანებს მარიხუანის მოხმარებისთვის ჩამოერთმევათ პროფესიული საქმიანობის უფლება და შეეზღუდებათ სამოქალაქო უფლებები.“

შსს საზოგადოებას შეახსენებს, რომ „ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების პოპულარიზაცია ან რეკლამა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას.“

XS
SM
MD
LG