რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ცენტრალური ხიდიდან დაახლოებით 800 მეტრში მაგისტრალური საკანალიზაციო კოლექტორიდან გაუფილტრავი კანალიზაციის წყალი პირდაპირ მტკვარში ჩაედინება. მოსახლეობა ჩივის, რომ იქაურობა გაუსაძლისად ყარს და, ამასთან, სახიფათო გახდა.
მაგისტრალური საკანალიზაციო კოლექტორი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ფაუერმა“ (GWP) გახვრიტა, მდინარემდე არხიც მან გაჭრა. ხიდიდან მოშორებით, კოლექტორის გასწვრივ, ორმოცამდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივი მკვიდრის, თამარ ჩოხელის თქმით, ორი კვირის წინ გახვრეტილი კოლექტორიდან გამოსული ფეკალური მასა მათ ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის:
„კანაო რომ იყო აქ, ადრე ასე არ იყო, დაკეტილი იყო. ბავშვები გვყავს. მარტო ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ! ზემოთ პატარა ბავშვები ჰყავთ გარეთ და, სავარაუდოდ, რომ ჩავარდეს ვიღაც, ნამდვილად საშიშია. გაუსაძლისი გახდა აქაურობა, საშინელი სუნი ამოდის კანალიზაციიდან, მთელი ქალაქის კანალიზაცია აქ ჩამოდის“.
თამარ ჩოხელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თავად აკვირდებოდა, როგორ თხრიდნენ მძიმე ტექნიკით საკანალიზაციო არხს კოლექტორიდან მტკვრის მიმართულებით. მისივე თქმით, მუშებმა უთხრეს, რომ კოლექტორში „რაღაც გაფუჭდა“.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციების დირექტორი მამუკა კიკალიშვილი ამბობს, რომ საკანალიზაციო წყლის ავარიული გადაღვრა დროებითია და აუცილებლობითაა გამოწვეული:
„ჩვენ ვაპირებთ 25-ში [ივლისს] გარდაბნის ახალი [გამწმენდი] სადგურის გაშვებას. რეაბილიტაციის სამუშაოები პრაქტიკულად დამთავრებულია. ეს მონაკვეთი, დაახლოებით, 10-დღიანი, რომელიც ჩვენ ავარიული გადამღვრელის გამოყენებისთვის დაგვჭირდა, [საჭიროა], ვინაიდან ახალი სადგური ახალ ქსელს უნდა შეუერთდეს. რაც შეეხება ჩადინებას, ჩვენს ლაბორატორიას აყვანილი აქვს მონიტორინგზე, გარემოსდაცვითი კუთხით ყველა პარამეტრი არის ნორმაში და ამით არანაირი ზიანი არ ადგება გარემოს“.
შედგენილი მაქვს აქტი და ჯერ ხომ უნდა გავერკვე...როგორ და რანაირად. ესენიც [GWP] მაგას [დაზიანებულ კოლექტორს] გააკეთებენ ჩვეულებრივად და აღადგენენ, ისე არ დატოვებენ. მიდის მაგაზე მუშაობა. მანამდე ჩვენ გავარკვევთ, რა არის და როგორ არის.გუჯა გედევანიშვილი
მამუკა კიკალიშვილის თქმით, 25 ივლისამდე დაზიანებულ კოლექტორზე სპეციალურ ჩამკეტს დააყენებენ, რათა საჭიროების შემთხვევაში მისი ავარიული გახსნა შესაძლებელი იყოს.
საგულისხმოა, რომ ოლექტორი ისე გახვრიტეს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედეველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურისთვის არც კი შეუტყობინებიათ.
კოლექტორის დაზიანების შესახებ რეგიონალურმა სამსახურმა რადიო თავისუფლებისგან შეიტყო და შესაბამის ადგილსაც ჩვენი დახმარებით მიაგნო. სამსახურის უფროსმა გუჯა გედევანიშვილმა რადიო თავისუფლებასთან მაშინ კომენტარზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ჯერ „ჯორჯიან უოთერ ფაუერის“ წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა. ეს შეხვედრაც შედგა და შესაბამისი აქტიც გაფორმდა.
„შედგენილი მაქვს აქტი და ჯერ ხომ უნდა გავერკვე...როგორ და რანაირად. ესენიც [GWP] მაგას [დაზიანებულ კოლექტორს] გააკეთებენ ჩვეულებრივად და აღადგენენ, ისე არ დატოვებენ. მიდის მაგაზე მუშაობა. მანამდე ჩვენ გავარკვევთ, რა არის და როგორ არის. შეიძლება ნორმის ფარგლებშიც იყოს [გარემოსდაცვითი პარამეტრები], ისეთი ნივთიერებები არ ხვდება, რომ რაღაც მოხდეს“, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გუჯა გედევანიშვილი.
აქტის შედგენის ფაქტს ადასტურებს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციების დირექტორი მამუკა კიკალიშვილი, რომელიც დასძენს, რომ საკანალიზაციო წყლის ავარიულ გადაღვრებს არა მხოლოდ საქართველოში, ყველგან მიმართავენ, თუნდაც, იმ მასშტაბის სამუშაოების ჩასატარებლად, რომელიც ახლა გარდაბნის გამწმენდ ნაგებობაზე მიმდინარეობს:
„გამწმენდი სადგური გაშვებულია [გასული საუკუნის] 80-იან წლებში და მას მერე, საბჭოთა პერიოდში, მას არანაირი რეაბილიტაცია არ ჰქონდა გაკეთებული. ჩვენ გვქონდა სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება, რომ 2018 წელს გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციას განვახორციელებდით. გვექნება როგორც ქიმიური გაწმენდა, ასევე მექანიკური გაწმენდა, ასევე ბიოლოგიური გაწმენდა“.
მამუკა კიკალიშვილის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია „სტრაბაგი“ ახორციელებს. მოწვეული ჰყავთ გერმანელი კომპანიის, „შლეგელის“, ექსპერტებიც.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციების დირექტორი დასძენს, რომ მოზიდულია 60 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია. რეაბილიტირებული გამწმენდი ნაგებობის პრეზენტაცია სექტემბერში გაიმართება.