Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქიმიური კასტრაცია პედოფილიისთვის - ჩერნოვეცკის ინიციატივას პარლამენტი განიხილავს


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 26 თებერვალს განიხილავს ლეონიდ ჩერნოვეცკის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში პედოფილი პირების მიმართ ქიმიური კასტრაციის შემოღებას გულისხმობს.

“მთელ მსოფლიოში დადასტურებულია, რომ პედოფილია ეს არის საზოგადოებისთვის საშიში დანაშაული და პატიმრობა ასეთ, ფსიქიკურად ავადმყოფ ადამიანებს უფრო მეტად საშიშებს ხდის.პედოფილების პატიმრობით დასჯით, ვქმნით ბევრად უფრო მძიმე შედეგების მიღების საშიშროებას, რითიც საფრთხეში ვაგდებთ ქართველი ბავშვების უსაფრთხოებას.” - ვკითხულობთ საკანონდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში. ამ ბარათში ლეონიდ ჩერნოვეცკი ასაბუთებს მისი ინიციატივის საჭიროებას და სთხოვს პარლამენტს, იურიდიულად გამართოს კანონპროექტის დეტალები, ვინაიდან თავად სათანადოდ არ იცნობს ადგილობრივ კანონმდებლობას.

“რეგულაციების არ არსებობის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას, არის შემთხვევები, როდესაც წვავენ დამნაშავის სახლ-კარს. იმისათვის, რომ დავიცვათ ბავშვების ინტერესები და მინიმუმამდე დავიყვანოთ საზოგადოების თვითნებური ჩარევის გზით ასეთი დამნაშავეების “გასამართლების” შესაძლებლობა, გთხოვთ განიხილოთ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხება პედოფილების იძულებით კასტრაციას.

მიუხედავად იმისა, რომ მე გამაჩნია იურისტის უმაღლესი კვალიფიკაცია, თითქმის არ ვიცნობ საქართველოს კანონმდებლობას, ამიტომ თუ თქვენს მიერ მართული პარლამენტის ადმინისტრაცია დააზუსტებს კანონპროექტის დეტალებს - მადლობელი ვიქნები, მაგრამ რაც მთავარია მადლობელი იქნება მთელი ქვეყანა, რომელიც დღეს არ არის დაცული ამ საშინელი მოვლენისგან - პედოფილიისგან.”

ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ წარმოდგენილი ინიციატივის მიხედვით, ქიმიური კასტრაცია თავისუფლების აღკვეთასთან ერთად უნდა გამოიყენებოდეს პედოფილიაში ბრალდებული პირების წინააღმდეგ და დაუშვებელი უნდა იყოს მათთვის სასჯელის შემსუბუქება.

საკანონმდებლო ინიციატივა განსაზღვრავს ასევე იძულებითი ქიმიური კასტრაციის დეტალებს.

“სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დამნაშავის ორგანიზმში სამედიცინო პრეპარატების შეყვანა, რომლებიც ამცირებს არაჯანსაღ სქესობრივ მიდრეკილებას.

გამოსაყენებელი სამედიცინო პრეპარატების სახეობას, ასევე მათი დამნაშავის ორგანიზმში შეყვანის პერიოდულობას და ოდენობას განსაზღვრავს სამედიცინო დაწესებულება საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. “

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ პარლამენტს ამ ინიციატივით 2018 წლის ბოლოს მიმართა, თუმცა მისი განხილვა პარლამენტის ბიურომ 30 დღით გადაავადა.

ლეონიდ ჩერნოვეცკი კიევის ყოფილი მერი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი უკრაინული ბანკის (Pravex Bank) დამაარსებელია. ბიზნესმენი აჭარაში რამდენიმე ბავშვთა სახლს მართავს, მონაწილეობას იღებდა საქართველოს არჩევნებშიც, როგორც ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

XS
SM
MD
LG