ფაქტი შედგა - სანახევროდ დახურულმა და სანახევროდ ღია პარტიულმა ყრილობამ ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩია. ის ოფიციალურად დაბრუნდა, თუმცა, ყრილობისა არ იყოს, სანახევროდ დაბრუნდა და სანახევროდ - არა. ივანიშვილი არც აღმასრულებელ ხელისუფლებას უხელმძღვანელებს და, ბუნებრივია, არც საკანონმდებლოს, რომლის არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მაგრამ უხელმძღვანელებს პარტიას, რომელიც მის თავკაცობით ხელისუფლების ორივე ორგანოზე მაღლა დგას.
ბიძინა ივანიშვილს არ მოუწევს სამსახურში რუტინული სიარული, ყოველდღიურ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა და გადაწყვეტილების მიღება (ასე რომ არ იყოს, მეორედაც პრემიერ-მინისტრად მოვიდოდა და არა პარტიის თავმჯდომარედ). ის საჭიროების შემთხვევაში გამოჩნდება ან სულაც არ გამოჩნდება და მასთან მივლენ რჩევების მისაღებად, მაგრამ განა ყოველთვის ასე არ იყო?
რა შეიცვალა?
როგორც ჩანს, თვითონ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ „გარკვეული ძალებისთვის“, შესაძლებელია საზოგადობის ნაწილისთვისაც, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ „ბიძინაა“ მთავარი ინსტანცია, რომ „ბიძინა“ აქტიურადაა ჩართული ქვეყნის მართვაში და, რომ ხელისუფლების ან მმართველი პარტიის რომელიმე რგოლის წინააღმდეგ გალაშქრება, „ბიძინას“ წინააღმდეგ გალაშქრებაა.
დაბრუნების სამი მიზეზი თვითონაც ჩამოთვალა. რომელი შეიძლება იყოს მათგან უმთავრესი?
- ობიექტურად არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ამ ვითარების ხელოვნურად დამძიმებულ ფერებში წარმოჩენის განუწყვეტელი მცდელობები.
- ოპონენტებისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი თუ 3. „ხელისუფლების შიგნით არსებული მართალია სუსტი, მაგრამ სრულიად არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები“?
ჩვენი ოპონენტების უღირსი ნაწილი შეპყრობილია ანტიდემოკრატიული რევანშით. არეულობა სიტუაციის შეცვლის ერთადერთ გზად მიაჩნიათ...ბიძინა ივანიშვილი
პირველი ორი ფაქტორი (ცხადია ბიძინა ივანიშვილის მიერ აღქმული) ახალი არაა: ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის მიაჩნდა, რომ მისი ოპონენტები ბოროტად იყენებენ დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ახერხებენ.
ახალი გარემოება, რომელიც თვისებრივად განასხვავებს დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას ორი, ოთხი ან ექვსი წლის წინანდელი ვითარებისგან, „ქართული ოცნების“ შიგნით გაჩენილი განხეთქილებაა.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული დაბრუნების სამი მიზეზიდან პირველი ორი ის პრობლემებია, რომლებსაც მესამე მიზეზში აღწერილი პარტია შეიძლება ვერ გაუმკლავდეს. არადა, გამოწვევები, მისი თქმით, დრამატულად მნიშვნელოვანია.
„ჩვენი ოპონენტების უღირსი ნაწილი შეპყრობილია ანტიდემოკრატიული რევანშით. არეულობა სიტუაციის შეცვლის ერთადერთ გზად მიაჩნიათ“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა ყრილობაზე გამოსვლისას, - "არ გვაქვს უფლება ფუჭ კინკლაობაში დავხარჯოთ ენერგია. ვიგრძენი, რომ ჩემი შექმნილი პარტია შორდებოდა ხალხს და გადავწყვიტე დაბრუნებულიყავი“.
რაში გამოჩნდა „ქართული ოცნების“ ხალხისგან დაშორება? ორი წლის ან ოთხი წლის წინ უფრო ახლოს იყო? რა პარამეტრებით?
პარტიის წევრები ბიძინა ივანიშვილს სიტყვით გამოსვლის დროსაც უშლიდნენ ხელს. ხშირად (ლამის ყოველი წინადადების შემდეგ) აწყვეტინებდნენ მქუხარე აპლოდისმენტებით.
ბიძინა ივანიშვილმა (მანამდე პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმა) თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი მოანდომა იმ წარმატებების აღწერას (არგუმუნეტებისა და ფაქტობრივი მასალის გარეშე), რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ მმართველობის ექვს წელში მიაღწია აბსოლუტურად ყველა სფეროსა და ყველა მიმართულებით. დასახელდა სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა, დასაქმება, საგარეო ურთიერთობები, ეკონომიკის ზრდა, კონფლიქტების მოგვარება, კორუფციასთან ბრძოლა, ინვესტიციების მოზიდვა, დემოკრატია და ა.შ.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ხალხი ბევრად ნაკლებად უკმაყოფილი იქნებოდა, ვინმეს რომ აეხსნა, თუ რატომ არის ევროპაში ცხოვრების „ათჯერ და ოცჯერ“ უფრო მაღალი დონე, ვიდრე საქართველოში. მიზეზები, ცხადია, ობიექტურია და მთავრობისგან დამოუკიდებელი.
ბიძინა ივანიშვილმა სულ არასრული ნახევარი საათი ილაპარაკა. არ დაუმალავს, რომ არ უხაროდა დაბრუნება, რომ ხელი შეეშალა პოლიტიკიდან წასვლისას დასახული მიზნების (?) შესრულებაში და რომ, ყველაზე მეტად, თავისივე პარტიის („ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობების“ მომწყობმა) წევრებმა შეუშალეს ხელი.
პარტიის წევრები ბიძინა ივანიშვილს სიტყვით გამოსვლის დროსაც უშლიდნენ ხელს. ხშირად (ლამის ყოველი წინადადების შემდეგ) აწყვეტინებდნენ მქუხარე აპლოდისმენტებით.
იქნებ, არც უშლიდნენ?
ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, ისევე, როგორც ყველაფერი სხვა მთავრობაში, პარლამენტში, პარტიაში და, ქვეყანაშიც.