Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტოქსიკაციის ნიშნებით მოქალაქეები საავადმყოფოს ისევ მიმართავენ


გორის ბავშვთა საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით მოზარდების შეყვანა დღესაც გაგრძელდა.  დედათა და ბავშვთა ცენტრ "იავნანაში", დღეის მდგომარეობით, 26 პაციენტი მკურნალობს, 29 პირს კი მედიკოსებმა გადაუდებელი დახმარება გაუწიეს და სახლში გაწერეს.

ბოლო ინფორმაციით, გორის სხვადასხვა დასახლებაში მცხოვრებმა 111-მა პირმა მიმართა სამედიცინო დაწესებულებას ინტოქსიკაციის სიმპტომებით.

„იავნანას” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლია ლაზარაძე ამბობს, რომ ექიმებისთვის ძნელი სათქმელია, რა იწვევს მასობრივ ინტოქსიკაციას. მისი თქმით, კლინიკაში შესული პაციენტების მდგომარეობა ნორმალურია.

კლინიკებს ძირითადად გორის გარეუბნის, კომბინატის დასახლების, მცხოვრებლები აკითხავენ, თუმცა ინტოქსიკაციის შემთხვევები სხვა უბნებშიც ფიქსირდება. სოფიო ლომოური კომბინატის დასახლებაში ცხოვრობს და გუშინ მისი ოთხი შვილი მოიწამლა. სოფიო ამბობს, რომ ბავშვები წყლის განსხვავებულ გემოზე აკეთებდნენ აქცენტს.

ამ უბანში ორი საჯარო სკოლაა. მეშვიდე და მეათე საჯარო სკოლებში ბავშვები გაკვეთილებს იმის გამო აცდენენ, რომ თავს შეუძლოდ გრძნობენ. გორში, კომბინატის დასახლებაში, მე-7 და მე-10 საჯარო სკოლებში გაკვეთილებს დღეს 169 მოსწავლე არ ესწრება. მათ ინტოქსიკაციის ნიშნები აქვთ. მეშვიდე სკოლის დირექტორი ნოდარ იარღანაშვილი აცხადებს, რომ ბავშვების დიდი ნაწილი სახლში იმის გამო დარჩა, რომ ბოლომდე გამოჯანმრთელებულნი არ არიან.

გაფართოებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს.
შალვა ტაბატაძე

წინა დღეებში ინტოქსიკაციის გამო სამედიცინო ცენტრ "იავნანაში" 48 არასრულწლოვანი შეიყვანეს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებდნენ, რომ სასმელი წყლის მასიური დაბინძურების ფაქტი არ არსებობს.

გუშინ წყალმომარაგების კომპანიამ და სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ წყლის სინჯები აიღეს მთელ ქალაქში, სათავე ნაგებობაზე, ბინებში. გორში სასმელი წყლის ახალი სინჯების პასუხები წყალმომარაგების კომპანიაში უკვე მიიღეს. წყალმომარაგების კომპანიის გორის სერვისცენტრის ხელმძღვანელმა შალვა ტაბატაძემ განაცხადა, რომ მასობრივი მოწამვლის ფაქტი არ უკავშირდება სასმელ წყალს:

„გაფართოებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს“.

წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ გორში წყლის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით გაფართოებული კვლევა დაასრულა, რომლის შედეგების მიხედვითაც გორში სასმელი წყალი სრულად აკმაყოფილებს წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს.

წყლის სინჯები კომპანიის ლაბორატორიის მიერ კომბინატის დასახლების რამდენიმე ქუჩაზე იქნა აღებული.

გორში არსებული წყლის სათავე ნაგებობა და საქლორატოროს მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ხდება ქალაქის დიდი ნაწილის წყალმომარაგება, შემოსაზღვრული და სტანდარტების შესაბამისად არის დაცული. ასევე, აღნიშნულ ტერიოტრიაზე მოწყობილი წყლის ჭები დახურულია. შესაბამისად, სათავე ნაგებობა და საქლორატორო ობიექტების შიდა და გარე პერიმეტრები მკაცრად კონტროლდება.

"ჩვენ როცა ასეთ შემთხვევებს ვაწყდებით, ყველა სასმელ წყალს აბრალებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ავიღეთ ნიმუშები და პასუხი იდეალურია. სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც აიღო ნიმუშები და შეადარებენ. დარწმუნებულები ვართ, რომ პასუხი იგივე იქნება. ჩემი აზრით, აქ ენტეროვირუსთან ან მსგავს შემთხვევასთან უნდა გვქონდეს საქმე. ამას ალბათ ეპიდემიოლოგები გაარკვევენ" - აცხადებს შალვა ტაბატაძე.

რამდენიმე დღეა გორში სპეციალისტებმა ვერ ადგენენ, რა იწვევს მოქალაქეების მასობრივ ინტოქსიკაციას. მოქალაქეები წყლის ხარისხს აბრალებენ, ვრცელდება უამრავი ვერსია, მათ შორის ის, რომ სათავე ნაგებობის ერთ-ერთ ჭაში საქონელი ჩავარდა და ამან გამოიწვია წყლის დაბინძურება, თუმცა წყალმომარაგების კომპანია გადაჭრით აცხადებს, რომ წყლის ხარისხი სტანდარტის შესაბამისია და ენტეროვირუსის ვერსიის განვითარებისკენ იხრება.

XS
SM
MD
LG