Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნებზე დამკვირვებლობა გინდა? აი, რა უნდა გააკეთო ამისთვის


დამკვირვებლების მოსურნეებს ასევე აგროვებენ ჯგუფში “დააკვირდი”, სადაც სპეციალური სარეგისტრაციო ონლაინფორმა უკვე არის ატვირთული (ილუსტრაცია)
დამკვირვებლების მოსურნეებს ასევე აგროვებენ ჯგუფში “დააკვირდი”, სადაც სპეციალური სარეგისტრაციო ონლაინფორმა უკვე არის ატვირთული (ილუსტრაცია)

პირველად საქართველოში, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, გაჩნდა იდეა, რომ საარჩევნო პროცესს ეყოლება ათასობით მოხალისე დამკვირვებელი.

შემიძლია მეც გავხდე დამკვირვებელი?

კი. ყველას შეუძლია, ვისაც ეს სურს და მიაჩნია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ყველა ხმა დასაცავია.

და რა უნდა გავაკეთო ამისათვის?

უნდა შეავსოთ მოხალისე დამკვირვებლებისთვის შექმნილი ფორმა, რომელიც აიტვირთება ფეისბუკჯგუფში “დაიცავი”.

დამკვირვებლების მოსურნეებს ასევე აგროვებენ ჯგუფში “დააკვირდი”, სადაც სპეციალური სარეგისტრაციო ონლაინფორმა უკვე არის ატვირთული.

მოხალისე დამკვირვებლად თუ ვიმუშავებ, ფულსაც გადამიხდიან?

არა, ეს საქმე სრულად ენთუზიაზმზე დგას.

ვინ მასწავლის, როგორ გავხდე დამკვირვებელი?

ამ ეტაპზე ორგანიზაცია “ღია სივრცე კავკასია” (COS) მზადაა გასწავლოთ, როგორ გახდეთ არჩვენების დამკვირვებელი.

COS-ის გამგეობის წევრი თეონა მაჭარაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მოხალისეებისთვის ღია იქნება მათი ყველა ონლაინრესურსი, მათ შორის, ონლაინ სასწავლო პროგრამა. აქაა ინფორმაცია არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებზე, განხილულია კარგი პრაქტიკები და ის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც არეგულირებს არჩევნებს.

მზადაა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასაც” (ISFED).

ამ ორივე ორგანიზაციას აქვს არჩევნებზე დაკვირვების მრავალწლიანი გამოცდილება.

ვთქვათ გადავწყვიტე, რას მასწავლიან?

ყველაფერს, რაც საარჩევნო უბანზე დამკვირვებლად ყოფნისას გამოგადგებათ - მათ შორის, დარღვევების აღრიცხვა, საჩივრების წერა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სხვა წესი.

პირველად ხდებაო და, რატომ გახდა საჭირო ან ვისი იდეაა?

არჩევნებისთვის მოხალისე დამკვირვებლების მომზადების იდეა გაჩნდა საქართველოს პარლამენტის მიერ “აგენტების კანონის” მიღების შემდეგ.

ჯგუფ “დაიცავის” შემქმნელი და “დაიტოვეს” აქტივისტი კოკა ჯახუტაშვილი ამბობს, ამის მთავარი მიზეზი, გახდა განცდა, რომელიც აქციების მონაწილეებს გაუჩნდათ. ისინი შიშობენ, რომ რუსული სტილის “აგენტების კანონის” მიღებით საზოგადოება ვეღარ შეძლებს არჩევნების ისეთ კონტროლს, როგორც ეს იყო შესაძლებელი მანამ, სანამ არასამთავრობო ორგანიზაციებს თავისუფალი საქმიანობის შესაძლებლობა ჰქონდათ.

“მიზეზია რწმენაც, რომ დღეს სახელმწიფოს დაცვის გზა სწორედ ამ პროცესზე გადის”, - ეუბნება კოკა ჯახუტაშვილი რადიო თავისუფლებას.

კოკა ჯახუტაშვილმა თანამოაზრეებთან ერთად სოციალურ სივრცეში ახალი ჯგუფი “დაიცავი” გააკეთა, რომელმაც მიზნად დაისახა არჩევნების დაცვა და აქციების მონაწილე ახალგაზრდების ძალის ამ მიზნისკენ მიმართვა.

“იდეის არსია, რომ ყველა ეს ახალგაზრდა, რომლებსაც ჩაუტარდებათ ტრენინგი, მთელი დღის განმავლობაში იქნებიან საარჩევნო უბნებზე და პროცესს დააკვირდებიან. ეს ის ხალხია, ვინც წელს პოლიტიკურ პროცესში პირველად მიიღო საერთო მონაწილეობა და ახლა ისინი დაიცავენ ყველა ხმას”.

ISFED-ის წარმომადგებელი, გიორგი მონიავა კი გვეუბნება, რომ საქართველოში არცერთი არჩევნების წინ მსგავსი სურვილი არ გაჩენილა:

“ეს იდეა ხალხისგან მოდის. ჩვენ კი შევეცდებით, მათ ამ თხოვნას ვუპასუხოთ და ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ”.

თავად “სამართლიანი არჩევნები” ასევე გეგმავს რეგიონებში მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის ტრენინგების ჩატარებას.

ორგანიზაცია მოელის, რომ მხოლოდ მათ, არჩევნებზე, 1200-1400 დამკვირვებელი ეყოლებათ.

მოიცა, ეს არჩევნები მოხალისე დამკვირვებლების ამარად რჩება?

საქართველომ უკვე მოიწვია არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის წარმომადგენელები.

სულ რამდენი საერთაშორისო დამკვირვებელი დარეგისტრირდება და ჩამოვა საქართველოში, ეს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გაირკვევა.

2020 წლის არჩევნებში, მაგალითად, დამკვირვებლად დარეგისტრირებული იყო 48 საერთაშორისო ორგანიზაცია.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები წელს, 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი პროპორციული არჩევნები.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG