Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთ-სომხეთის დიალოგის პერსპექტივა და საქართველო 


რეჯეფ ტაიპ ერდოანი, ირაკლი ღარიბაშვილი
რეჯეფ ტაიპ ერდოანი, ირაკლი ღარიბაშვილი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოანმა, 19 სექტემბერს პრესკონფერენციაზე, სომხეთ-თურქეთს შორის არსებული ურთიერთობის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერი შეხვედრას სთავაზობს და რომ ამ შეთავაზების შესახებ მას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადმომცა ფაშინიანის წინადადება დიალოგის შესახებ, თუ ეს შეხვედრა შედგა, თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისთვის მზადაა“, - განაცხადა ერდოანმა და დასძინა, რომ შეხვედრისათვის საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა კეთილგანწყობის დემონსტრირებისთვის.

რა არის ეს ნაბიჯები?

ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ბლოკირებული სატრანსპორტო დერეფნების გახსნა და სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა, რის მისაღწევადაც პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე წინასწარ შეთანხმებას 11 იანვრის მოსკოვის სამიტზე მიაღწიეს აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერებმა.

19 სექტემბრის პრესკონფერენციაზე რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მაგალითად მოიყვანა ერთ-ერთი სატრანსპორტო კვანძის - ზანგეზურის დერეფნის გახსნა, რაც, თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ხელს შეუწყობს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული სირთულეების დაძლევას. მაგრამ ამ მოსაზრებას მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებენ სომხეთში, სადაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ტერმინ „დერეფნის“ ხმარებას. ფიქრობენ, რომ ეს ამ ტერიტორიაზე სომხეთის სუვერენიტეტის შემცირების საფრთხეს შექმნის.

რა შუაშია საქართველო?

უკვე მეორე თვეა, რაც ერევანი და ანკარა საჯარო მესიჯებით გამოთქვამენ მზადყოფნას ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, თავდაპირველად სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ანკარიდან წამოსული „პოზიტიური სიგნალების“ შესახებ პარლამენტის ამასწინანდელ სესიაზე ისაუბრა. შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა გამოხატა მზადყოფნა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის საფუძველზე ერევანთან ვითარების მოსაწესრიგებლად.

„ორ ქვეყანას, სომხეთსა და თურქეთს, მაინც მოუწევთ ერთმანეთთან დიალოგი და ურთიერთობა, გეოგრაფიას ვერავინ ვერ შეცვლის და ეს ურთიერთობა ოდესღაც დაიწყება. ახლა არის მოსინჯვა ნიადაგის, თუ რამდენად რეალური შეიძლება იყოს ამ მომენტისთვის ასეთი მოლაპარაკება. თურქეთის მხარე ხედავს, რომ სომხეთს გარკვეული მზაობა აქვს და, ამავე დროს, მას სურს მიიღოს სარგებელი კონკრეტულად სახმელეთო მარშრუტით, რომელიც ჩადებული იყო შარშან ხელმოწერილ სამშვიდობო შეთანხმებაში. ამ შეთანხმების მონაწილე არ ყოფილა მაშინ თურქეთი, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის პოზიცია მაშინ საერთო იყო. ამიტომ ანკარა ცდილობს შეთანხმებაში ჩადებული ამ პირობის მიღებას სომხეთთან ურთიერთობის დაწყების სანაცვლოდ“, - ამბობს რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი, რომელიც დასძენს, რომ საქართველო ყოველთვის ასრულებდა და ახლაც განაგრძობს პოზიტიური შუამავლის როლის შესრულებას აზერბაიჯან-სომხეთსა და სომხეთ-თურქეთს შორის.

ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი თბილისში. 2021 წლის 8 სექტემბერი
ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი თბილისში. 2021 წლის 8 სექტემბერი

როგორც რეჯეპ ტაიპ ერდოანის განცხადებიდან ჩანს, ამ შემთხვევაშიც საქართველომ ითამაშა თურქეთსა და სომხეთს შორის ერთგვარი გამტარის როლი, რაც თბილისისადმი იმ ნდობის ხაზგასმაა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ სომეხი ტყვეების გათავისუფლების საკითხში მონაწილეობით დაიმსახურა.

„შეკითხვა, რატომ არა საქართველო, უფრო კანონზომიერია, ვიდრე რატომ საქართველო? მართალია, საქართველო არ არის დიდი სახელმწიფო და ისეთ რთულ მოცემულობაში, როგორიც სომხეთ-თურქეთის ურთიერთობაა, ძალიან ძნელია საქართველო წარმოვიდგინოთ როგორც შუამავალი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მაგრამ საქართველოს შეუძლია ამ შემთხვევაში ითამაშოს ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკატორის როლი. თანაც პირველი გამოცდა წარმატებული აღმოჩნდა, როდესაც ამერიკულ-ქართული შუამავლობით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, 15 სომეხი სამხედრო ტყვე დააბრუნეს სამშობლოში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სომეხმა ექსპერტმა, რუბენ მეჰრაბიანმა.

მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ფილიპ რიკერის ჩართულობით აზერბაიჯანმა სომხეთთან კონფლიქტის დროს დაკავებული 15 მოქალაქე გაათავისუფლა.

მოლაპარაკების ერთ-ერთი პირობა იყო აზერბაიჯანისათვის დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემა, რაც შეფასდა, როგორც განსაკუთრებული ნაბიჯი სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად.

„ნაღმების რუკების მიღება ათიათასობით ჩვენი მოქალაქის - მათ შორის, განაღმვით სამუშაოებზე მომუშავე პირების - სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გადაარჩენს, და იმავდროულად დააჩქარებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ აღდამში ინიცირებულ სარეკონსტრუქციო პროექტებს და იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნებას“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო 2020 წლის 27 სექტემბრის შემდეგ განახლებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა.

44-დღიანი ომის შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 4 რაიონზე, რომლებიც ეთნიკური სომხების ხელთ იყო 1994 წლიდან.

2020 წლის 10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას, რომლის შედეგად სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა კიდევ სამი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები.

ამავე განცხადებაში ასახული კონფლიქტში მონაწილე მხარეთა შეთანხმებით, მალევე მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველსაყოფად რუსეთის 2000-კაციანი სამხედრო ძალა შევიდა.

განხეთქილების „დერეფანი“

მაგრამ როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებული „ცხელი წერტილების“ პრაქტიკა მოწმობს, რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნას შეუძლია მხოლოდ დააკონსერვოს და უსაშველოდ გააჭიანუროს კონფლიქტების გადაჭრა.

შესაძლოა, სწორედ ამიტომაც გადაწყვიტეს სომხეთმა და თურქეთმა, რუსეთის გვერდის ავლით დაიწყონ პირდაპირი მოლაპარაკებები. მით უფრო, რომ ანკარას აშკარად არ უნდა აძლევდეს ხელს ის ფაქტი, რომ მთიან ყარაბაღში განლაგებული რუსეთის სამხედრო ძალა კონკრეტულ ტერიტორიას აკონტროლებს, მაშინ როცა ჯერ კიდევ უცნობია, თუ სად განლაგდება და როგორ გააკონტროლებს მთიანი ყარაბაღის თაობაზე საზავო შეთანხმებას რუსეთ-თურქეთის ერთობლივი ცენტრი, რომელზეც თურქეთისა და რუსეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელებმა პრინციპულ შეთანხმებას 11 ნოემბერს მიაღწიეს.

„იმით, რომ ახსენა საქართველო და არა რუსეთი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი თავის მხრივ იტოვებს ფართო სივრცეს საკუთარი მანევრისთვის, ვინაიდან რუსეთის ბოლო ჩართულობა დასრულდა იმით, რომ რეგიონის წინაშე არსებული საკითხები კი არ გადაიჭრა, არამედ გადაწყდა რეგიონში რუსეთის გაფართოებული ყოფნის საკითხი. და ამის შემდეგ ერდოანს უბრალოდ არ სურს, რომ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის საკითხში კიდევ ჩართოს რუსეთი. მნიშვნელოვანია გავიხსენოთ კონტექსტიც: რომ ეს განცხადება გაკეთდა აშშ-ში ერდოანის ვიზიტის წინ. და ამ ფაქტის გახმაურება, ჩემი აზრით, შეთანხმებულია ვაშინგტონთან და მოსკოვთანაც, ვინაიდან პოლიტიკური დიალოგი ანკარასა და ერევანს შორის, ისევე როგორც კომუნიკაციების განბლოკვა, რეგიონის ყველა ქვეყანას უნდა აძლევდეს ხელს“, - დასძენს მეჰრაბიანი.

მაგრამ ჯერჯერობით ერთიც და მეორეც საკმაოდ პრობლემატური ჩანს, რაც რეჯეპ ტაიპ ერდოანის განცხადებაზე სომხეთის ოფიციალური პოზიციით კიდევ ერთხელ დადასტურდა.

განსაკუთრებით ეს ეხება ტერმინ „დერეფანს“, რასაც ზანგეზურთან მიმართებით ხმარობს ბაქო.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა არაერთგზის განაცხადა, რომ ზანგეზურის დერეფანი უნდა ამოქმედდეს სომხეთის ტერიტორიაზე, სიუნიქის ოლქში. ერევანი კი დაჟინებით აცხადებს, რომ დერეფანი არ ფიგურირებს არც 2020 წლის 9 ნოემბრის და არც 2021 წლის იანვრის შეთანხმებაში.

ამას გარდა, სომეხი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ტერმინი „დერეფანი“ მიუღებელია იმიტომ, რომ იგი ზღუდავს სომხეთის სუვერენიტეტს აღნიშნულ ტერიტორიაზე.

„პირველ ყოვლისა, უნდა დაზუსტდეს ტერმინი. „დერეფანი“ თავის თავში გულისხმობს სომხეთის სუვერენიტეტის შეზღუდვას ამ ტერიტორიაზე, რაც ერევნისთვის მიუღებელია. ანუ სუვერენიტეტი ამ გზაზე უნდა იყოს არანაკლები, ვიდრე სუვერენიტეტი ყველა იმ გზაზე, რომელიც სომხეთზე გადის. სხვა საქმეა, რომ სომხეთს შეუძლია მოლაპარაკების გამართვა ამ გზაზე გადაადგილების თავისუფალი რეჟიმის დაწესების შესახებ“, - ამბობს მეჰრაბიანი.

ზანგეზურის გახსნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვის, რომელიც პირდაპირ და უმოკლესი გზით დაამყარებს კავშირს ნახიჭევანის ავტონომიასთან, რომელიც ანკლავს წარმოადგენს. ამჟამად აზერბაიჯანი ნახიჭევანს ირანის ტერიტორიის გავლით უკავშირდება.

ერევანი აცხადებს, რომ ზანგეზურის გახსნას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ გაიხსნება ასევე იჯევანიდან აზერბაიჯანის გავლით სომხეთთან დამაკავშირებელი გზა, ე.წ. ჩრდილოეთის მარშრუტი, რასაც ერევანი თავის მხრივ უფრო მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

ნიშანდობლივია, რომ ერევანში 20 სექტემბერს დაიწყო რუსეთ-სომხეთის დიდი ბიზნესფორუმი, რომელშიც რუსეთის მხრიდან ვიცე-პრემიერი ალექსეი ოვერჩუკი მონაწილეობს. იგი რუსეთს წარმოადგენს სამმხრივ - აზერბაიჯან-სომხეთ-რუსეთის - სამუშაო ჯგუფში, რომელიც 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივი შეთანხმების ეკონომიკური პუნქტების რეალიზებისთვის შეიქმნა. „სამმხრივი ჯგუფის მუშაობა ნორმალურად მიმდინარეობს. მხარეებს განზრახული აქვთ სატრანსპორტო ხაზების გახსნა, რაც როგორც რეგიონში, ისე ჩვენს ქვეყნებს შორის საქონელბრუნვის გაზრდის წინაპირობას შექმნის“, - განაცხადა ერევანში მყოფმა ალექსეი ოვერჩუკმა.

რუსმა მაღალჩინოსანმა უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, თუ კონკრეტულად როდის მოხდება მხარეების მიერ ამ განზრახვის რეალიზება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG