ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის გულშემატკივარი, ხშირად ქართულ სამოსში გამოწყობილი თემურ ქათამაძე ხალხმა დაკავებამდე გაიცნო და „ბათუმელი მედროშე“, „მედროშე ბაბუ” შეარქვა. თემურ ქათამაძე ბათუმის აქციებზე ყოველთვის საქართველოს დროშით ხელში იდგა - ჯერ კიდევ „აგენტების კანონის” წინააღმდეგ პროტესტის დროიდან, ბოლო უწყვეტი აქციების ჩათვლით.
ახლა ყველას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აღელვებს.
„15 თებერვლის შემდეგ აღარ არსებობს სამედიცინო დოკუმენტაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. უარს ამბობს ... მინიმალური სასიცოცხლო პარამეტრების მონიტორინგზე… დღესაც ველაპარაკე - არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას და ისევ განაგრძობს უარის თქმას სამედიცინო შემოწმებაზე”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მარიამ გაბროშვილი, თემურ ქათამაძის ადვოკატი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან.
არტერიული წნევის, სხეულის ტემპერატურის, სისხლში გლუკოზისა და ჟანგბადის დონის გაზომვის ყოველდღიურ პროცედურებზე თემურ ქათამაძემ უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც 15 თებერვალს სამედიცინო შემოწმების შემდეგ, კლინიკიდან კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში დააბრუნეს.
შიმშილობის შეწყვეტისკენ თემურ ქათამაძეს ბევრმა მოუწოდა, მათ შორის, დაკავებულმა ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმაც, 14 თებერვალს, როდესაც თავადაც ხანგრძლივი შიმშილობა შეწყვიტა. შეიქმნა ელექტრონული პეტიცია, რომელსაც უკვე 6 ათასზე მეტი ხელმოწერა აქვს. ახალგაზრდა აქტივისტებმა ხელმოწერები შეაგროვეს უშუალოდ აქციაზეც.
„არ ვიცი ამის უფლება თუ მაქვს, თუმცა მზიასავით [ამაღლობელი] ვეტყოდი რომ ამ ქვეყნის გადარჩენას მსხვერპლის მაგივრად ცოცხალი მებრძოლo სჭირდება”, - დაწერა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუკზე, 21 თებერვალს. თემურ ქათამაძესთან დაკავშირებული თხოვნის საპასუხოდ.
მაგრამ უკვე მეორმოცე დღეა, რაც თემურ ქათამაძე შიმშილობას განაგრძობს. ყველას სთხოვს, რომ პატივი სცენ მის გადაწყვეტილებას, რომელიც სამშობლოს სიყვარულისთვის მიიღო, - ეუბნება ადვოკატი რადიო თავისუფლებას.
თემურ ქათამაძე ასე ხსნის შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილებას: - „ბოლო 13 წლის განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმის მიერ თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის მიზანმიმართულად, მასობრივად საქართველოს მოქალაქეობის არმინიჭების გაპროტესტება”.
თურქეთში, ქალაქ სტამბოლში დაბადებული თემურ ქათამაძე საქართველოში პირველად 1991 წელს ჩამოვიდა და აღმოაჩინა, რომ თურქეთში ნასწავლი ქართული ენა თანამედროვე ქართულისგან განსხვავდებოდა. საქართველოდან წაღებული სახელმძღვანელოებითა და მასალებით, ენის დახვეწა დაიწყო, წლების შემდეგ კი, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების რთულ გზას შეუდგა - უშედეგოდ, დიდი დაბრკოლებებით.
ვინ არის თემურ ქათამაძე და რა გზა გაიარა მან
„მე ვარ თემურ ქათამაძე, თურქეთის ეთნიკურ ქართველთა, ჩვენებურთა, ერთ-ერთი მოქმედი ლიდერი, წარმომადგენელი და აქტივისტი. ორმოცი წელია ვემსახურები თურქეთში ქართული იდენტობის, ენისა და კულტურის შენარჩუნების და მომავალი თაობებისთვის მათი გადაცემის საქმეს”,- ასე აცნობს ხალხს თავს თემურ ქათამაძე, ფეისბუკზე 20 იანვარს გამოქვეყნებულ წერილში.ამ დროს მას შიმშილობა ოთხი დღის დაწყებული ჰქონდა.
სხვადასხვა წყაროთი დასტურდება წერილში ჩამოთვლილი ფაქტები:
- 1990-იანი წლების მიწურულს გაფფარ ილმაზი [თემურ ქათამაძე] თანამშრომლობდა თურქეთში გამომავალ ცნობილ ჟურნალთან „ჩვენებური“. ის ჟურნალის სარედაქციო გუნდის წევრია.
- რადიო თავისუფლებამ მოიძია [თურქულიდან ქართულ ენაზე ნათარგმნი] 2004 წლით დათარიღებული მიმოწერა, რომელიც ადასტურებს თურქეთის ხელისუფლებასთან გაფფარ ილმაზის კომუნიკაციას. ილმაზი ეთნიკური ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და ტელე-რადიოარხის დაარსებას ითხოვს.
- 2000-იანი წლების დასაწყისში, გაფფარ ილმაზმა დააარსა ქართული საინფორმაციო გვერდი gurcuhaber.com.
- 2023-2024 წლებში, ბათუმში, თემურ ქათამაძე თარჯიმნისა და კოორდინატორის სტატუსით, მონაწილეობდა არაერთი საერთაშორისო გამოფენის ორგანიზებაში. გამოფენებში ქართველი და თურქი მხატვრები მონაწილეობდნენ.
მეგობრები ადასტურებენ, რომ ყველანაირ საქმიანობაში, რომელიც საქართველოს უკავშირდებოდა, თემურ ქათამაძე გასამრჯელოს აღებაზე უარს ამბობდა.
თემურ ქათამაძე მართავს რამდენიმე ფეისბუკგვერდს, რომლებზეც ქვეყნდება არა მხოლოდ აჭარული, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები, ლექსები, კერძების რეცეპტები - განმარტებებით - თურქულ და ქართულ ენებზე. ქართული წინადადებები გადაწერილია ლათინური ასოებითაც, წაკითხვისა და გამოთქმის გასაიოლებლად. ერთ-ერთ ასეთ ფეისბუკგვერდს - „Gürcü Sosyal Medya - ქართული სოციალური მედია” 200 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. ამავე სახელწოდების იუთუბარხზე ქვეყნდება ქართული ენის შემსწავლელი ვიდეოგაკვეთილები.
მეგობარი და ყოფილი თანამშრომელი, ბათუმში მცხოვრები ნინო კაკულია რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მუჰაჯირების შთამომავალთა გვარების შესაგროვებლად თემურ ქათამაძემ მთელი აჭარა შემოიარა:
„მას მიმართავდნენ თურქეთში მცხოვრები ქართველები, რომლებმაც თავიანთი გვარები თურქეთში დაკარგეს და დავიწყებული აქვთ. უხუცესებს ხვდებოდა და იწერდა, რომელი სოფლიდან რა გვარის წარმომადგენლები არიან გადასული თურქეთის ტერიტორიაზე. პირდაპირი მნიშვნელობით, სოფლები ფეხით შემოიარა. საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ თავისთვის კი არ უნდა. სულ ამბობს - ჩემს უკან ერთი მილიონი ჩვენებური დგასო”.
1968 წელს, თურქეთში დაბადებული თემურ ქათამაძე, როგორც თავად ამბობს, მუჰაჯირების მეოთხე თაობას წარმოადგენს. მისი წინაპრებიც, მე-19 საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს, აჭარაში რუსეთის გაბატონების შემდეგ, კვლავ იძულებით გადასახლდნენ ოსმალეთის იმპერიაში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე.
ინტერნეტში ახლაც ხელმისაწვდომია მასალები, სადაც თემურ ქათამაძე „მსოფლიო ქართველთა კავშირ „ფენიქსის“ დამფუძნებლის სახელით ლაპარაკობს. ეს ორგანიზაცია, ირანსა და თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებთან ერთად, 2016 წელს დაარსდა. ისინი, სხვადასხვა დროს, ხშირად წუხდნენ - „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მოქალაქეობის მიღების გაძნელებაზე.
როგორც თავად ჰყვება, თემურ ქათამაძემ საქართველოს მოქალაქეობა 2012, 2015, 2019 წლებში - საგამონაკლისო წესით მოითხოვა; განცხადებით იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა და, ქართულ ენასა თუ ისტორიაში, შესაბამისი გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა; მაგრამ სამივეჯერ უარი მიიღო.
რადიო თავისუფლებამ ამ თხოვნებთან დაკავშირებული დეტალების გადამოწმება ვერ მოახერხა, თუმცა ვნახეთ სააგენტოსთვის განკუთვნილი, 2019 წლის 3 სექტემბრით დათარიღებული დოკუმენტი, რომელშიც უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, დეტალების ახსნის გარეშე, მოკლედ აღნიშნავს, რომ გაფფარ ილმაზისთვის „საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნია”. მიზეზი ქათამაძემ დღემდე არ იცის.
ამის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფომ მას აღარც 2013 წელს 6 წლით მინიჭებული ბინადრობის მოწმობა გაუგრძელა.
„როცა ის მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით მიმართავდა ხოლმე შესაბამის უწყებას და დაუსაბუთებელ უარს ეუბნებოდნენ, აქტიურ საჯარო კრიტიკას გამოხატავდა და ამას უკავშირებს, რომ ხელისუფლებას მის მიმართ ჰქონდა დისკრიმინაციული დამოკიდებულება საჯარო კრიტიკის გამო და 2020 წლიდან უკვე ბინადრობის ნებართვაც აღარ გაუგრძელეს. ასე აღმოჩნდა კანონიერი საფუძვლის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე და იმის ეჭვიც ჰქონდა, რომ გასულიყო ქვეყნიდან და ასე მოეპოვებინა ერთწლიანი ვიზა საქართველოში უკან შემოსვლით, შეიძლება უკვე საზღვარზეც აღარ შემოეშვათ და ამიტომ აღარ გადიოდა საქართველოდან”, - გვეუბნება თემურ ქათამაძის ერთ-ერთი ადვოკატი, მარიამ გაბროშვილი.
მაგრამ თემურ ქათამაძე სახელმწიფოსთვის უჩინარი არც 2020 წლის შემდეგ გამხდარა, ის კვლავ მუშაობდა და კვლავ იბრძოდა მოქალაქის უფლებებისთვის თუ ბინადრობის მოწმობისთვის. მესამე უარის შემდეგაც და ბოლოს სასამართლოს ამ საკითხებზე - 2024 წლის მარტშიც მიმართა, მაგრამ ქვეყნიდან გაძევების საფრთხის წინაშე არასოდეს დამდგარა, ბოლო საპროტესტო აქციებში აქტიურ მონაწილეობამდე.
„საქართველოში გატარებული 13 წლის განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმის მსხვერპლი არაერთხელ გავხდი… და ბოლოს როგორც ბათუმის აქციების „მედროშე ბაბუ“ ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი გავხდი. ჩემი შეფასებით ჯერ ბათუმში, აქციის დროს უკანონო დაკავება, შემდეგ კი ქვეყნიდან გაძევების მიზნით ხელმეორე დაკავება იყო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დაკვეთა, მიმართული ჩემზე შურის საძიებლად წლების მანძილზე მოქალაქეობისთვის ჩემი ბრძოლისა და ოპოზიციური პოლიტიკური შეხედულებების გამო”, - წერდა თემურ ქათამაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში.
რა ხდება ამ ეტაპზე?
ადვოკატ მარიამ გაბროშვილის განმარტებით:
- ლტოლვილის სტატუსის მოპოვებაზე ზრუნვა თემურ ქათამაძემ დაკავების შემდეგ დაიწყო - ეს პირველი ასეთი მცდელობაა.
- შს სამინისტრომ თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი სწრაფადვე უთხრა და საკითხი ამ ეტაპზე სასამართლოშია გასაჩივრებული.
- ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების გამო, გაძევების საკითხის განხილვა ამ ეტაპზე შეჩერებულია.
- გაძევების საკითხის განხილვამდე, თემურ ქათამაძეს თავისუფლების აღკვეთა 3 თვით აქვს შეფარდებული - სასამართლომ გაიზიარა შს სამინისტროს ეჭვი, რომ ქათამაძე შესაძლოა მიმალულიყო, თუმცა ეს ეჭვი უსაფუძვლოდ გამოიყურება დაცვის მხარისთვის, რადგან დამალვის მსურველი ადამიანი ამას მანამდე იზამდა.
პროფესიით იურისტი თემურ ქათამაძე და სამართლებრივი დავები
როგორც თავად განმარტავს ციხიდან გამოგზავნილ წერილში - 2014 წელს, როდესაც გალიფ ოზთურქის კუთვნილ „Metro Turizm”-ის ავტოსადგურში ტექნიკურ დირექტორად მუშაობდა, პოლიციის მაღალჩინოსნის ჩართულობით, მას 5000 დოლარი გამოსძალეს. შემდეგ კი, ასევე მაღალჩინოსნები მის გაჩერებას ცდილობდნენ. ქათამაძე ჰყვება, რომ არაერთი საჩივრის დაწერისა და პროკურატურისთვის თუ სხვა უწყებებისთვის მიმართვის მიუხედავად, საქმეს შედეგი არ მოჰყოლია.
ქათამაძე ღიად ასახელებს სავარაუდო დამნაშავეების ვინაობას. სახელებსა და გვარებს.
ჯერჯერობით ბუნდოვანია, რა ბედი ეწევათ, მათ შორის - პოლიციის მაღალჩინოსნებს, რომლებსაც თემურ ქათამაძე ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებაში სდებს ბრალს. გამოძიება დაწყებულია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. ამ პროცესს საიას სისხლის სამართლის საქმეების ადვოკატი უძღვება.
ნინო კაკულია გვეუბნება, რომ პოლიციის შენობის გარეთ - დაკავებისას, ქათამაძე თმით ითრიეს, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და მისი დროშაც დააზიანეს. ფიზიკური ანგარიშსწორების დეტალებს თავად თემურ ქათამაძეც აღწერს.
- თემურ ქათამაძე თავდაპირველად 11 იანვარს დააკავეს, ადმინისტრაციული წესით და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
- 16 იანვარს გათავისუფლებული თემურ ქათამაძე მყისიერად ისევ დააკავეს. შს სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. თემურ ქათამაძის დაკავების საკითხი განიხილებოდა ასევე თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებშიც, მაგრამ უშედეგოდ. გადაწყვეტილება არ შეცვლილა. ყველა ინსტანციამ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა - გაძევების საკითხის განხილვამდე დაკავების თაობაზე.
ნინო კაკულია გვეუბნება, რომ მოგონილია ის ამბავი, თითქოს თემურ ქათამაძე თურქეთის ხელისუფლების მიერ მტრად გამოცხადებული ოპონენტის - უკვე გარდაცვლილი ფეთულა გიულენის თანამოაზრეა; თუმცა „2023 წელს მას [ქათამაძეს] შეატყობინეს, რომ თურქეთში ჩასვლის შემთხვევაში, დაჭერა ემუქრება და ადვილად შესაძლებელია, რომ მისი სიცოცხლეც საფრთხეში აღმოჩნდეს“. თემურ ქათამაძის მონათხრობზე დაყრდნობით, ამ ინფორმაციას გვიდასტურებს ადვოკატიც.
დაკავებული კვლავ გეგმავს ბრძოლის გაგრძელებას საქართველოს მოქალაქეობისთვის და აცხადებს, რომ მზად არის დათმოს თურქეთის მოქალაქეობა და საქართველოს მოქალაქეობის მიღება ნატურალიზაციის გზითაც სცადოს.
ფორუმი