თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტის ფულით ზამთრის საკურორტო ზონაში, დაბა ბაკურიანში, სასტუმროს მომსახურება შეისყიდა. ტენდერი 7 ათას 203 ლარზე 25 ნოემბერს გამოცხადდა და 3 დეკემბერს დასრულდა. გამოვლენილია გამარჯვებული სასტუმრო, რომელიც 16 დეკემბრიდან, 21 დეკემბრის ჩათვლით, თელავიდან 20 ადამიანს უმასპინძლებს. რატომ დაიქირავეს ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე სასტუმრო, ვინ მიემგზავრება ბაკურიანში და რა მიზნით? რატომ ადანაშაულებს ოპოზიცია მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში?
ჩვენ თელავის მერიას მივმართეთ იმის გასარკვევად, თუ რატომ დაიქირავეს ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე სასტუმრო, ვინ მიემგზავრება ბაკურიანში და რა მიზნით. მერიის სპორტისა და ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელი
ჩვენი შერჩევის სტრატეგია არის ის, რომ ვინც მთელი წლის განმავლობაში ჩვენ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას, ის ახალგაზრდებიც წავლენ.სოსო იაგორაშვილი
სოსო იაგორაშვილი გვეუბნება, რომ მის სამსახურს წლის განმავლობაში, სხვადასხვა ტენდერების დროს, დანაზოგის სახით გარკვეული თანხა დარჩა და გადაწყვიტეს ამ ფულით თელაველი ახალგაზრდებისთვის ბაკურიანში 6-დღიანი ექსკურსია-ბანაკი მოეწყოთ. სოსო იაგორაშვილისავე თქმით, ლაპარაკია იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ და განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ. იაგორაშვილს ვკითხეთ, იქნებიან თუ არა მათ შორის საჯარო მოხელეებიც. ის ამბობს, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულები ექსკურსიაზე არ იქნებიან. ამავდროულად, მერიაში ჯერ არ იციან, თელავიდან კონკრეტულავ ვინ გაემგზავრება ბაკურიანში:
„ტენდერი 20 ადამიანზეა. 2 ადამიანი იქნება მუნიციპალიტეტიდან, ასე ვთქვათ, ყურადღების მიმქცევი, ხოლო 18 ახალგაზრდა იქნება. ყველა ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრია. იქნებიან სტუდენტები და ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად არიან ჩაბმული კულტურულ, სპორტულ და სხვა ღონისძიებებში. ჩვენი შერჩევის სტრატეგია არის ის, რომ ვინც მთელი წლის განმავლობაში ჩვენ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას, ის ახალგაზრდებიც წავლენ“.
თელავის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი „ლეიბორისტული პარტიიდან“, ნიკა ვარდოშვილი, უშუალოდ ამ ტენდერთან დაკავშირებით შეკითხვებს სვამს. პირველ რიგში, ვარდოშვილს აინტერესებს, როგორ დარჩა თანხები გაუხარჯავი, მაშინ როცა ბიუჯეტში თითოეული თეთრის მიზნობრიობა წინასწარ არის გაწერილი. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ისიც აინტერესებს, ვინ უნდა დაისვენოს ბაკურიანში ბიუჯეტის ფულით. გარდა ამისა, „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ თანხის უქონლობის გამო მერიამ 300-დან 100 ლარამდე შეამცირა ერთჯერადი დახმარებების პაკეტი, რომელიც სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სათბობი მასალისთვის იყო გათვალისწინებული, და ამ ფონზე ექსკურსიას ბიუჯეტის ხარჯზე გაუმართლებლად მიიჩნევს:
ტენდერებიდან შემორჩენილი თანხა არის ჩვეულებრივი საბიუჯეტო სახსრები, რომელიც ისევე მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს, როგორც დანარჩენი ბიუჯეტი უნდა იხარჯებოდეს. მაგალითად, თელავის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, დაახლოებით, 7 ათასამდე ადამიანი, რომელიც სოციალურ შემწეობას იღებს და საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.დავით მჟავანაძე
„სამი წლის წინ საკრებულოს წევრი ვიყავი და როცა დეპუტატი ვიყავი, ერთჯერადი შეშის დახმარება იყო 300 ლარი და ახალი მოწვევის თვითმმართველობას ჩამოუყვანია 100 ლარზე. სირცხვილია, ამ ზამთარში სიცივეში გაყინულ პენსიონერებს და სოციალურად დაუცველებს 100 ლარს აძლევ შეშის დახმარებას და ამის შემდეგ ბიუჯეტში თანხა გრჩება და ვიღაცა პატივცემულებს ასვენებ ბაკურიანსა და გუდაურში. ისიც არ ვიცი, ვინ უნდა დაასვენონ. შეიძლება რაღაცა ერთგვარ ზონდერჯგუფსაც ამზადებენ. თუ მორჩათ თანხა, ესე იგი, დასტურდება ის ინფორმაცია, რომელსაც ვიძახი ხოლმე, რომ წლის დასაწყისში ბიუჯეტის არასწორი დაგეგმარება ხდება“.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სასტუმროს მომსახურების შესყიდვას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვად მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორი“. ორგანიზაციის წარმომადგენლის, დავით მჟავანაძის, ინფორმაციით, მხოლოდ თელავში 7 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს უკიდურეს სიღატაკეში და სოციალური შემწეობის მიმღებია. მისივე თქმით, ეს ადამიანები დამდეგ შობა-ახალ წელს შესაძლოა ულუკმაპუროდ შეხვდნენ და ამ ფონზე ბიუჯეტის ხარჯზე ექსკურსია არ არის მიზანშეწონილი. მჟავანაძე იმასაც ამბობს, თელავის მერიას ბიუჯეტში ცალკე აქვს გამოყოფილი 4 მილიონ ლარამდე „კულტურა-რელიგია-სპორტი-დასვენების“ მიმართულებით და მათ შეეძლოთ ასეთი ექსკურსია-ბანაკი ამ მუხლიდან დაეფინანსებინათო:
„ტენდერებიდან შემორჩენილი თანხა არის ჩვეულებრივი საბიუჯეტო სახსრები, რომელიც ისევე მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს, როგორც დანარჩენი ბიუჯეტი უნდა იხარჯებოდეს. მაგალითად, თელავის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, დაახლოებით, 7 ათასამდე ადამიანი, რომელიც სოციალურ შემწეობას იღებს და საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. აქ არის ძალიან ბევრი ბავშვი, რომელიც ამ მდგომარეობაში უნდა შეხვდეს დამდეგ ახალ წელს, რომელიც რამდენიმე კვირაში მოვა. აი, ამ პირობებში ათასობით ლარის დახარჯვა გაურკვეველი კრიტერიუმებით შერჩეული ახალგაზრდების სადღაც 5 დღით წასაყვანად კურორტზე, ვფიქრობთ, რომ მთლად გონივრული და პრიორიტეტული ხარჯვა არ არის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ“.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული ექსკურსია-ბანაკი 5 ღამესა და 6 დღეზეა გათვლილი. 16 დეკემბერს თელავიდან დაბა ბაკურიანში 20 ადამიანი გაემგზავრება - 18 მონაწილე და ორი ორგანიზატორი.