ახალგორელ ქირურგს, დაბის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილეს, ონისე გათენაშვილს სამშაბათს დაასაფლავებენ. მისი ცხედარი ამჟამად წეროვნის დევნილთა დასახლებაშია დასვენებული. გათენაშვილს კორონავირუსი ახალგორში, დაახლოებით, ათი დღის წინ დაუდასტურდა. ოჯახმა მისი თბილისში გადაყვანა მოითხოვა, მაგრამ დე ფაქტო ხელისუფლებამ იგი თბილისის ნაცვლად ცხინვალში გადაიყვანა, სადაც მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ამის შემდეგ ცხინვალელმა ექიმებმა მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ონისე გათენაშვილი გზაში გარდაიცვალა.
ექიმის ოჯახი გზის ჩაკეტვის გამო ორად არის გაყოფილი. შვილები საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, თვითონ მეუღლესთან ერთად ახალგორში იყო და დაბას არ ტოვებდა. გარდაცვლილის შვილი, მაკა გათენაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ თბილისში მამის გადმოყვანა უფრო ადრე უნდოდათ, მაგრამ ეს დროულად ვერ მოხერხდა.
პაციენტი იმყოფებოდა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და გარდაიცვალა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში. ოკუპირებული ახალგორი, ერთ წელზე მეტია, ჩაკეტილია. ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გაუქმებამ უკვე 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა...
„ვირუსის დადასტურების შემდეგ მალევე დამძიმდა, სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. გადაიყვანეს ცხინვალში და შემდეგ წითელი ჯვრის მეშვეობით აქეთ (თბილისისკენ) გადმოგვყავდა და გზაში ორჯერ გაუჩერდა გული. სასწრაფო რეანიმაციული ღონისძიებები მაშინვე ჩაუტარეს, მაგრამ ვეღარ უშველეს. აქ, წეროვანში, გვყავს დასვენებული. აქვე დავკრძალავთ. დედაჩემი დაბაშია, გვინდა, რომ გადმოვიდეს, მაგრამ რამდენად მოხერხდება, ჯერ არ ვიცი. გვინდოდა მამა უფრო ადრე გადმოგვეყვანა, მაგრამ ვერ მოხერხდა. რაღაც საბუთების მოწესრიგებას დრო უნდოდა. ვიდრე მოაწესრიგეს, სანამ ერთმანეთს დაუკავშირდნენ... ეს ყველაფერი დროსთან იყო დაკავშირებული“, - გვითხრა მაკა გათენაშვილმა.
გათენაშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში სპეციალური განცხადება გაავრცელა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სხვა უწყებებთან ერთად აგრძელებს ძალისხმევას იმისთვის, რომ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზს მიღმა ხელი არ შეეშალოს კრიტიკულად საჭირო დახმარების მიღებაში. ამ მიზნით უწყება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორებს მოუწოდებს საოკუპაციო რეჟიმზე ზეწოლა გააძლიერონ.
სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ დაბაში ვითარება მძიმდება და ეს გამოწვეულია როგორც მოქალაქეების, ისე ექიმების გულგრილობით...
„საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ წითელი ჯვრისგან სამედიცინო ევაკუაციის მომზადების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ განახორციელა ევაკუაციისთვის საჭირო პროცედურები. აღსანიშნავია, რომ პაციენტი იმყოფებოდა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და გარდაიცვალა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში. ოკუპირებული ახალგორი, ერთ წელზე მეტია, ჩაკეტილია. ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გაუქმებამ უკვე 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ოკუპანტები მოქალაქეებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევენ, რაც მათ კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას უზღუდავთ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად აგრძელებს ძალისხმევის განხორციელებას იმისთვის, რომ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზს მიღმა შეუმსუბუქდეს არსებული მძიმე მდგომარეობა, მიეცეს თავისუფალი გადაადგილების უფლება და ხელი არ შეეშალოს კრიტიკულად საჭირო დახმარების მიღებაში. ამ მიზნით, მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორებს გააძლიერონ ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ დაბაში ვითარება მძიმდება და ეს გამოწვეულია როგორც მოქალაქეების, ისე ექიმების გულგრილობით. მისი დაკვირვებით, ინფიცირებულები თვითიზოლაციის რეჟიმს არ იცავენ და ხშირად ჩნდებიან ისეთ ადგილებში, სადაც სხვების დაინფიცირების რისკი დიდია. თამარ მეარაყიშვილი ადგილობრივი ადმინისტრაციისა და სამართალდამცავების ქცევითაც გაკვირვებულია. მისი თქმით, პანდემიის პირველ დღეებში საკარანტინო რეჟიმს უფრო მეტი ყურადღება ექცეოდა. სამართალდამცავები მოსახლეობას საფრთხის შესახებ აფრთხილებდნენ და დაწესებული შეზღუდვების შესრულებისკენ მოუწოდებდნენ, დაუმორჩილებელი მოქალაქეები კი სავალდებულო კარანტინში გადაჰყავდათ, მორიგეობდნენ საავადმყოფოსთან, რომ იქიდან არავინ გაქცეულიყო, ახლა კი ვითარება თვითდინებაზეა მიშვებული და მილიციელებსაც პრევენციული ღონისძიებების გატარების მიმართ ინტერესი დაკარგული აქვთ.
დაბა ახალგორი, 1 წელი და 2 თვეა, რაც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩაკეტილია. იზოლაციაში დარჩენილი პენსიონრებისთვის გზა თბილისისკენ მხოლოდ ერთხელ გაიხსნა. პერიოდულად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსაც გადმოჰყავს ხოლმე მძიმე ავადმყოფები. დაბის სრულ იზოლაციამდე იქ არც მედიკამენტების დეფიციტი იყო და თბილისიდან შესული წამალი ცხინვალის აფთიაქებშიც ხვდებოდა. გარდა ამისა, ავადმყოფებს თბილისის კლინიკებში ჯანდაცვის სერვისების მიღება დაუბრკოლებლად შეეძლოთ. ახლა ახალგორში სხვა რეალობაა, ჰუმანიტარული კრიზისია და დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ამ რეალობის შეცვლას ჩორჩანა-წნელისის კრიზისის მოგვარებამდე არ აპირებს. საქართველოს სახელმწიფო უწყებების ცნობით, მას შემდეგ, რაც ბიბილოვის ხელისუფლებამ ახალგორი სრულ იზოლაციაში მოაქცია, 16 ადამიანი იმის გამო დაიღუპა, რომ ვერ მიიღო კვალიფიციური სამედიცინო დახმარება თბილისის კლინიკებში. რადიო თავისუფლების ახალგორელი წყაროები კი აცხადებენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა ორ ათეულზე მეტია.