თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ 24 ივლისს განაცხადა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ხმები, თითქოს, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების შემდეგ მგზავრობის საფასური „გაორმაგდება ან მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას“.
ავტობუსებით დღეს, დაახლოებით, 48 ათასი ადამიანი მგზავრობს, ასე ვთქვათ, ჭყლეტაში. ამიტომ, ახალი ავტობუსების დამატების შემდეგ, ჩვენი გათვლით, მგზავრთნაკადი 100 ათასამდე გაიზრდება...მაია ბითაძე
„ტარიფის გაორმაგებაზე არც ერთ ეტაპზე საუბარი არ ყოფილა. საუბარია მხოლოდ ტარიფის ინტეგრირებაზე. ტარიფი იქნება ისეთივე, როგორიც მეტროთი ან სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის შემთხვევაშია. მგზავრს უფლება ექნება აიღოს ერთდღიანი, ერთთვიანი, ერთწლიანი სამგზავრო ბარათი, გარკვეული მარშრუტისა და სატრანსპორტო საშუალების მიხედვით“, თქვა მაია ბითაძემ თბილისის მერიაში ჟურნალისტებთან საუბრის დროს. მისივე თქმით, მერიის ბიუჯეტიდან მგზავრობისთვის გამოყოფილი ყველა სუბსიდია და შეღავათი, რაც დღემდე მოქმედებს, შენარჩუნდება. მგზავრებს ექნებათ ასევე კომფორტული გადახდის საშუალება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეძენილი სამგზავრო ბილეთის ვალიდაციის შემდეგ შეძლებენ იმავე ბილეთით ისარგებლონ როგორც მეტროთი, ისე ავტობუსით და ახალი სამარშრუტო ტაქსით მგზავრობისას.
მაია ბითაძემ განმარტა, რომ 2021 წლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობაზე ამუშავდება გადახდის ელექტრონული სისტემა, ოპერირებას კი საქართველოს ბანკი გაუწევს.
დღეს თბილისს 800 ძველი ყვითელი და 144 ახალი ავტობუსი ჰყავს. მათგან 540 ყოველდღიურად მოძრაობს ქალაქში. თბილისის მერია დედაქალაქისთვის დამატებით 90 ახალი დიდგაბარიტიანი ავტობუსის შემოყვანას აპირებს.
„ავტობუსებით დღეს, დაახლოებით, 48 ათასი ადამიანი მგზავრობს, ასე ვთქვათ, ჭყლეტაში. ამიტომ, ახალი ავტობუსების დამატების შემდეგ, ჩვენი გათვლით, მგზავრთნაკადი 100 ათასამდე გაიზრდება“, თქვა მაია ბითაძემ.
კომპანია „სისტრა“ თბილისის ავტობუსების ქსელის ინფრასტრუქტურის პროექტირებაზე მუშაობს, თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაგეგმილია, დაახლოებით, 40 დერეფნის, ქუჩის პროექტირება, რომელიც მოიცავს ველობილიკებისა და დიდგაბარიტიანი ავტობუსების სამოძრაო მარშრუტების, ე.წ. ბასლაინების განცალკევებას.
„ამჟამად ოთხი ცენტრალური ქუჩის პროექტირება მიმდინარეობს, მათ შორის ჯერჯერობით არ არის რუსთაველის გამზირი“, თქვა მაია ბითაძემ და დასძინა, რომ უკვე დაიწყეს ჭავჭავაძის გამზირის პროექტირება მას შემდეგ, რაც შეისწავლეს ამ გამზირზე მგზავრთნაკადი, ასევე იმ მანქანების მიახლოებითი რაოდენობა, რომლებიც ამ მარშრუტზე გადაადგილდებიან.