კვირა, 11 ნოემბერი
კვირა დღეა, რომელსაც ძირითადად სახლში ვატარებ. სიმბოლურია, რომ დღიურის წერას პოლონეთის დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავზე ვიწყებ. პოლონეთი და საქართველო მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში. მეთვრამეტე საუკუნის მიწურულმა და მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისმა ჩვენი ქვეყნები ორთავიანი არწივის ფრთებქვეშ მოაქცია. ათასობით აჯანყებული პოლონელი, ძირითადად ინტელიგენცია, გადმოასახლეს „თბილ ციმბირში“ - კავკასიაში...
მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში - აჯანყებები, წინააღმდეგობა, ეგზეკუცია, სისხლი, გადასახლება... ორივე ერის ბედი - რომანოვების „ცარისტული“ რეჟიმის ხელში. მეოცე საუკუნის დასაწყისმა ახალი რეალობა მოიტანა - პირველი მსოფლიო ომი და რევოლუციების ტალღა ევროპაში. ბოლოს - 1918 წელი, ორი თარიღი -26 მაისი და 11 ნოემბერი... საქართველოსათვის - ხანმოკლე დამოუკიდებლობა, შემდგომში კი კვლავ ანექსია, ოკუპაცია, სისხლიანი მმართველობის ხანა, მეორე მსოფლიო ომი.
ისტორიული ექსკურსის შემდგომ შინაურ ამბებზე გადავალ. მთავრობამ ახალი პლასტმასის მილებით სასმელი წყალი სახლამდე მოგვიყვანა, ხოლო სახლში შეყვანა - დაახლოებით, 35 მეტრის მანძილზე - უკვე ჩვენი საქმეა. მე და მამაჩემმა დილიდანვე დავიწყეთ მუშაობა და, დაახლოებით, 10 მეტრზე გავჭერით ნიადაგი. მთელი დღე ვიმუშავეთ. შემეტყო, რომ ფიზიკურ შრომას გადავეჩვიე, რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ნოდარ ახალკაცის აკადემიაში ვმუშაობ. ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მიწევს ფეხბურთის ტექნიკურ ბაზაზე ყოფნა და მხოლოდ კვირა დღეს ვატარებ სახლში. მამაჩემი ამასთან დაკავშირებით შენიშვნებს მაძლევს, მაგრამ დღევანდელ დღეს დავამსხვრიე „სტერეოტიპები“ და საქმე გავაკეთე სახლისათვის... ეჰ, სახლში საქმეს რა გამოლევს, მაგრამ დასვენებაც ხომ აუცილებელია.
ორშაბათი, 12 ნოემბერი
დილას ადრე გავიღვიძე, მაგრამ ეზოში რომ გამოვედი იქ უკვე ჩემი დეიდაშვილი დიმა დამხვდა, რომელსაც გუშინდელი ჩემი დაწყებული საქმე გაუგრძელებია. დიმას წყალობით საქმე უფრო სწრაფად წავიდა. დღის მეორე ნახევარში იუსტიციის სახლში მომიხდა მისვლა, სახლის ელექტრონული რეგისტრაციისათვის დოკუმენტაცია წარვადგინე.
დაახლოებით, სამი საათისათვის საფეხბურთო ბაზაზე ავედი, რადგან იქ უკვე ჩემი აღსაზრდელები იკრიბებოდნენ. სულ ორმოცამდე აღსაზრდელი ფეხბურთელი მყავს, 2003-2004 წლებში დაბადებული ბიჭები კახეთის რეგიონიდან.
ბავშვებთან მუშაობა არ გამჭირვებია, რადგან რვა წლის განმავლობაში სკოლაში ვასწავლიდი, თან ბოლო თვრამეტი წელი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში ვიმუშავე. ამავე სამსახურის სასპორტო სკოლის მოსწავლეებთან ერთად დავდიოდი ტურნირებსა და შეკრებებზე. ამ ხანებში ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, მრავალ ტურნირში გავიმარჯვეთ და ყოველთვის თასებითა და მედლებით დამშვენებულები ვბრუნდებოდით ლაგოდეხში.
სამშაბათი, 13 ნოემბერი
საფეხბურთო აკადემიის ბაზა. დილის 8 საათზე ვიღვიძებ და ვაღვიძებ აღსაზრდელებს. ყველანი ერთად ვსაუზმობთ. მოგვიანებით ვსხდებით ავტობუსში და მივემგზავრებით სკოლაში. ჩვეულებრივ, სკოლაში ბავშვების მიყვანის შემდეგ ბაზაზე ვბრუნდები ხოლმე, მაგრამ იმ დღეს სკოლის დირექტორმა მე და სხვა რამდენიმე კაცი დაგვიბარა, გაკვეთილების გაცდენის გამო უნდა გვესაუბრა. სკოლის დირექციამ, როგორც მოსწავლეების წარმომადგენელს, ხელი მომაწერინა გაფრთხილების ფურცელზე, რომ თუ გაცდენების რაოდენობა ზღვარს გადასცდება, ბავშვებს გამოცდების ჩაბარება ექსტერნად მოუწევთ. სკოლაში დავრჩი. რამდენიმე გაკვეთილს დავესწარი მე-9 და მე-10 კლასებში. სამწუხაროდ, ბავშვების უმრავლესობას გაკვეთილი არ ჰქონდა ნასწავლი, რაზეც რეაგირება მომიწევდა ბაზაზე დაბრუნების შემდეგ. დაველოდე გაკვეთილების დასრულებას და ერთად დავბრუნდით ბაზის ტერიტორიაზე. გზაში ხმამაღალი საუბარი გვქონდა. უკვე მერამდენედ მივუთითებდი დისციპლინისკენ. რატომღაც ისეთი სტერეოტიპია, რომ სპორტსმენმა არ უნდა ისწავლოს. რამდენიმე ბავშვს ზოგიერთ მასწავლებელთან კონფლიქტიც აქვს.
ბაზაზე სადილი გველოდა. ვისადილეთ. სპეციალიზებული სპორტსმენის მენიუ გვაქვს, რომელშიც ყოველდღიურად შედის: ხორცი, თევზი, ბოსტნეული, სალათები, წვნიანი (ყოველთვის არის სადილზეც და ვახშამზეც). ტკბილეულის მიღება შუადღისას შეუძლიათ. მზარეულები კარგი გვყავს და ბავშვებიც კმაყოფილები არიან. სადილის შემდეგ ვარჯიშისთვის ვემზადებით. უნდა გავარკვიოთ რომელი ფორმა ჩაიცვან ბავშვებმა. ძირითადად ამას მთავარი მწვრთნელი ადგენს - მზიანი ამინდისთვის ერთი ფორმაა, ცივი ამინდისთვის მეორე და წვიმიანი ამინდისთვის კიდევ სხვა. ვარჯიში სადილის შემდეგ საათ-ნახევარში იწყება.
ჯერ 2004-იანები ვარჯიშობენ, შემდეგ 2003-იანები. თითოეული ვარჯიში საათ-ნახევარს გრძელდება. დაახლოებით, 17:00-დან 20:00-მდე ბავშვები ვარჯიშზე არიან. შემდეგ შხაპი, ვახშამი და მოდის ყველაზე მძიმე დრო - გაკვეთილების მომზადება.
დავდივარ ოთახ-ოთახ და ვამოწმებ, ვინ როგორ მეცადინეობს. ხშირად მიწევს გამოკითხვა, რომ დავრწმუნდე რამდენად გულისყურით მეცადინეობენ. პედაგოგიური პრაქტიკა ხელს მიწყობს სწორი კითხვების დასმაში. დღის ამ მონაკვეთში უკვე ძალიან დაღლილები არიან. სკოლაში 6 საათის გატარების, საათნახევრიანი ვარჯიშის შემდეგ ძნელია კონცენტრაცია, თუმცა სპორტის მიღმა განათლება აუცილებელია.
საღამოს ერთი საათით ნებას ვაძლევ ბავშვებს მობილური ტელეფონები გამოიყენონ. შინაგანაწესით, ტელეფონები ჩემთან ინახება, სეიფში. ვარიგებ ერთი საათით. ამის შემდეგ ძილის დრო მოდის. ტელეფონებს უკმაყოფილო სახეებით მიბრუნებენ.
იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა ტელეფონები ჩუმად დაუტოვებიათ, მაგრამ არც ეს გვეპარება.
ოთხშაბათი, 14 ნოემბერი
უკვე 11 თვეა, რაც ეს ბავშვები ბაზაზე არიან. ამ აკადემიის გახსნიდან პირველი ნაკადია. რამდენიმე თვის განმავლობაში ფედერაციის წარმომადგენლები და აკადემიის მთავარი მწვრთნელი, გიორგი ნუსხელიძე, კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში არჩევდნენ 14-15 წლის ბიჭებს, დადიოდნენ სასპორტო და საჯარო სკოლებში.
კახეთში ასეთი რამ აქამდე არ არსებობდა: ლაგოდეხში ნოდარ ახალკაცის სახელობის ფეხბურთის აკადემიის გახსნამ სერიოზული სტიმული მისცა ახალგაზრდებს. ბევრს უნდა აქ მოხვედრა. აკადემიაში ერთდროულად 40 ბავშვის აღზრდა და წვრთნაა შესაძლებელი. 2003-წლიანები აქ ერთ წელიწადს დაყოფენ, 2004-იანები კი ორს. 15 წლისები სულ მალე ან სხვადასხვა გუნდში გადანაწილდებიან, ანდა, არ არის გამორიცხული, მათგან დამოუკიდებელი გუნდი შეიქმნას, რომელიც ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. 2004-წლიანები კი ერთი წლით მეტ ხანს გაატარებენ ბაზაზე და მათაც ისეთივე პერსპექტივა ექნებათ.
იმასაც ვიტყვი, რომ ამ 11 თვის განმავლობაში ამ ბავშვებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს: პიროვნულად გაიზარდნენ, ფიზიკურად განვითარდნენ.
ასაკობრივ ჯგუფებს შორის სხვაობა სულ ერთი წელია, მაგრამ ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან - 2003-იანები ბევრად სერიოზულები არიან, ვიდრე 2004-იანები. თინეიჯერული ასაკის გამოწვევებიც თავისას შვრება - ბავშვური ცელქობა, გაკვეთილების მომზადებისას სიზარმაცე ჩვეული ამბავია, თუმცა ერთად ვუმკლავდებით.
კვირაში ერთხელ ერთი ან ორი დღით თავ-თავიანთ ოჯახებში მიდიან და შემდეგ ისევ ბრუნდებიან ბაზაზე. შინიდან დაბრუნებულები, როგორც წესი, ცოტათი ამოვარდნილები არიან ხოლმე ჩვეული რეჟიმიდან. მე და მთავარ მწვრთნელს გვიწევს შეხსენება, რომ სახლში ყოფნისასაც ნაკლები დრო გაატარონ სოციალურ ქსელებში.
ხუთშაბათი, 15 ნოემბერი
ტურნირის წინა დღეა. ტურნირს ეწოდება „ჭაბუკთა ლიგა - U15”. ხვალ ერთი გუნდი მიდის რუსთავში, მეორე - თელავში. 2004-იანებს უწევთ ხოლმე ერთი წლით უფროსებთან თამაში. ბავშვებს ნერვიულობა ემჩნევათ. ეს, ერთი მხრივ, კარგია - უფრო მონდომებულები არიან. ფიზიკური ვარჯიშის გარდა, თეორიულ მეცადინეობასაც გადიან. ბავშვები კითხულობენ, ვის რა ფერის ფორმა ეცმევა, თვითონაც მონაწილეობენ ფორმების დალაგებაში.
სიცივეები წამოვიდა და სულ უფრო ხშირად გვჭირდება ექიმის დახმარება: ბავშვები ცივდებიან. ექიმი მუდმივად ბაზაზეა, თუმცა ამ პერიოდში დატვირთვა ემატება. გიორგი გუჩმაზაშვილი ტრავმატოლოგისა და თერაპევტის ფუნქციებს ითავსებს. ახალგაზრდაა, თუმცა გამოცდილი და საქმის კარგი მცოდნე. წამლებსა და საჭირო მასალებზე პრობლემა არასდროს გვაქვს. ფედერაცია ზრუნავს ამ საკითხზე.
ტურნირის წინა საღამოს ადრე ვიძინებთ, რომ ბავშვებმა ენერგია მაქსიმალურად აღიდგინონ.
ასეთ საღამოებს კიდევ ერთი რამ გამოარჩევს - მშობლების გახშირებული ზარები! აინტერესებთ, სად იმართება ტურნირი, რა დროს. კითხულობენ, ბავშვები როგორ არიან. ასეთ დროს ჩემი მეგობრები მსაყვედურობენ, რომ ვერ მიკავშირდებიან, მაგრამ მშობლებისთვის პასუხის გაცემა აუცილებელია და ამას დრო მიაქვს.
პარასკევი, 16 ნოემბერი
ბავშვები ათის ნახევრისთვის გავაღვიძე. დღეს ტურნირია და კარგად უნდა იყვნენ გამოძინებულები. ვისაუზმეთ და რუსთავში გავაცილეთ 2004-იანები. 2003-იანებმა შემომჩივლეს, რომ ერთი ფორმა 2004-იანებს გაჰყვათ რუსთავში. კაპიტანს დავუკავშირდი და ვკითხე. მითხრა, რომ არ წაუღიათ. დაკარგული ფორმა სამრეცხაოში ვიპოვეთ. ბავშვები გავაფრთხილე, რომ მომავალში ყურადღებით ყოფილიყვნენ.
დილიდანვე წვიმდა და მივხვდით, რომ 2003-იანებს წვიმაში მოუწევდათ თამაში. ლაგოდეხისა და თელავის ამინდი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება ხოლმე. ნაადრევი სადილის შემდეგ თელავში გავემგზავრეთ. მთელი გზა წვიმდა. მადლობა თელავის ბაზის ადმინისტრაციას, რომ გამთბარი გასახდელი დაგვახვედრა. თამაშის წინ წვიმამ იმატა და ბავშვებს მძიმე პირობებში მოუხდათ თამაში. ორივე ტაიმის განმავლობაში წვიმდა. მიუხედავად ამისა, მოვიგეთ.
ჩვენმა სათადარიგო მეკარემაც, რომელსაც სხვა ამპლუაში - თავდამსხმელად - მოუწია თამაში, გოლი გაიტანა.
თელავისა და რუსთავის მატჩები ერთდროულად დაიწყო. თელავში მოგების შემდეგ მალევე შევიტყვეთ, რომ ჩვენი 2004-იანები რუსთავში დამარცხებულან, თუმცა პირველ ტაიმში 1:0 მოიგეს.
ბავშვებმა შხაპი მიიღეს, ისადილეს და წამოვედით ლაგოდეხს. თელავში უფრო ციოდა, ვიდრე ლაგოდეხში. ბაზაზე რომ მივედით, სტადიონი მთლიანად ბურუსში იყო გახვეული. მიმდინარე რეკონსტრუქციის გამო განათება იყო ჩართული და სტადიონი ძალიან ლამაზად მოჩანდა.
ბავშვები ძალიან დაღლილები იყვნენ. დაველოდეთ დანარჩენების რუსთავიდან დაბრუნებას და ერთად შევედით ვახშამზე. ერთმანეთს გამოჰკითხეს მატჩების დეტალები: ვინ გაიტანა გოლები, როგორ. დიდები პატარებს საყვედურობდნენ წაგების გამო.
საფეხბურთო აკადემიას ბევრი პლუსი აქვს: ერთად ვარჯიში უშუალოდ ფეხბურთში და სხვა სახის ვარჯიშები ფიზიკური გამძლეობისთვის, სპორტული მენიუ, ჯანმრთელი რეჟიმი, სუფთა ჰაერი. ბაზა ლაგოდეხის ნაკრძალს ესაზღვრება. ზაფხულში ყოველდღე გავდიოდით მდინარეზე მოწყობილ საგუბარზე, რომელიც ბაზიდან 50-60 მეტრშია. ექსკურსიებზეც დავდივართ. ერთი დიდი ოჯახივით ვართ და ეს ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია თამაშის დროსაც.
შაბათი, 17 ნოემბერი
დღეს აკადემიის ყოფილი დირექტორის, აწ გარდაცვლილი ბადრი სამარგულიანის, დაბადების დღეა. ამ დღეს ფედერაციამ მისი სახელობის ტურნირი დააწესა. მასში მონაწილეობას მიიღებენ 2007-08 წლებში დაბადებული ბავშვები, 10 გუნდი კახეთის რეგიონიდან. ბადრისთან აკადემიაში მუშაობამდეც ვახლობლობდი - მამაჩემის მეგობარი იყო. ლაგოდეხში ყველა იცნობდა - თავისი ქალაქის პატრიოტი იყო. ყოფილი ფეხბურთელი, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ლაგოდეხის საფეხბურთო ბაზას. 1990-იანებში ლაგოდეხში სპორტული ინფრასტრუქტურის გადარჩენა და შენარჩუნება მისი პირადი დამსახურებაა.
ბადრის დიდი ხნის წინ ჰქონდა ჩაფიქრებული ლაგოდეხში ფეხბურთის სკოლის დაარსება და როცა ეს დრო მოვიდა, ძალიან ბედნიერი იყო. აკადემიას ნოდარ ახალკაცის სახელი იმიტომ ეწოდა, რომ თავის დროზე, ბადრიმდე, ეს იდეა მის მეგობარ ნოდარ ახალკაცს გაუჩნდა. ბადრი აკადემიაში გარდაიცვალა მუშაობის დაწყებიდან თვე-ნახევარში... ის დღეს 60 წლის გახდებოდა.
დილიდან ისევ წვიმდა. უკვე ვაპირებდით ტურნირი დახურულ დარბაზში ჩაგვეტარებინა, მაგრამ დაწყების წინ წვიმამ გადაიღო და მზეც გამოვიდა. კახეთის ყველა რაიონი მონაწილეობდა. ტურნირი პატარა ვაჩემ, ბადრი სამარგულიანის შვილიშვილმა, გახსნა და პირველი ბურთი გააგორა მინდორზე. თამაში საკმაოდ აზარტულად წარიმართა: ბავშვებიც მონდომებულები თამაშობდნენ და არც მშობლები აკლებდნენ ემოციურ გულშემატკივრობას. საბოლოოდ, პირველი ადგილი თელავის გუნდს ერგო, რომლის შემადგენლობაშიც გოლები ლაგოდეხელმა საბა გოზალიშვილმა გაიტანა.
ტურნირს ესწრებოდნენ სტუმრები საქართველოსა და კახეთის ფეხბურთის ფედერაციებიდან. მათ დააჯილდოეს პირველ-მეორე-მესამე ადგილებზე გასული გუნდები. ბადრი სამარგულიანის სახელობის თასი თელავში წავიდა.