Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბექა გაბადაძე - გეი აქტივისტი


კვირა, 13 მაისი

წინა ღამით კლუბში „ხიდი“ ქვიარ ივენთი გვქონდა, რომელიც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს ეძღვნება. „Kiki“ - ასე ჰქვია ჩვენს არაკომერციულ ღონისძიებას, რომელიც 1000-მდე ქვიარს და მხარდამჭერს აერთიანებს. ღონისძიების სახელი არ არის ქართული. ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალების მოფიქრებულია და ჩვენებურად „შეკრებას“ ნიშნავს. ეს არ არის მხოლოდ ელექტრონული მუსიკის საღამო, აქ ადამიანებს საერთო ჩაგვრა და სიხარული აერთიანებთ.

ორის ნახევარზე ჩოჩქოლი ატყდა, კლუბის მეპატრონე წარმოუდგენელ ამბავს ჰყვება, რომ სპეცრაზმი „ბასიანსა“ და „კაფე გალერიში“ შეიჭრა. რამდენიმე წუთი დაბნეულობაა. შემდეგ ჩვენს ბერლინელ სტუმარ არტისტს დაკვრას ვაწყვეტინებთ, საცეკვაო სცენაზე ვიკრიბებით და ვმსჯელობთ. ღონისძიება შევწყვიტეთ. მეგობრების მხარდასაჭერად ერთად მივემართებით „ბასიანისკენ“.

დინამოს წინ ათასზე მეტი ადამიანია შეკრებილი. მიუხედავად იმისა, რომ არ ვეტევით, პოლიცია გზის გადაკეტვის შესაძლებლობას არ გვაძლევს. თან არც მოძრაობაა, რომ შეფერხდეს. ფეისბუკში პირად გვერდზე პირდაპირ ეთერს ვუშვებ და არსებულ სიტუაციაზე ვყვები. კისერზე მაქვს ჩვენი ღონისძიებიდან წამოღებული ცისარტყელას დროშა. პოლიცია დემონსტრანტებიდან სპიკერებს იჭერს, მეც მიმათრევენ პოლიციის მანქანისკენ. მგონია, რომ ისევ ის დამთრგუნველი საკანი მელის, 2012 წელს რომ მელოდა. მედია მოცვივდა და ეგ არ ჩასვათო, ბრძანება გასცა, სავარაუდოდ, ათმეთაურმა. კადრები, როგორ იჭერს პოლიცია გეი დროშით ბიჭს, იციან, რომ „გავირუსდება“ და არ აწყობთ.

თავდაღწეული, ჩემს მეგობარს, კობა ბიწაძეს, ვეუბნები, რომ ეს სტოუნვოლის აჯანყებას ჰგავს. 1969 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციის რეიდებმა ქუჩაში გამოიყვანა ათიათასობით ქვიარი. კონსერვატორული ელიტა მაშინაც და ახლაც სისტემის მხარეს დგას. არადა, უკვე ჩვენს პირად სივრცეებშიც გვივარდებიან, ცეკვაც კრიმინალი გახადეს. იციან, რომ ცეკვა პოლიტიკური აქტია. ან ისიც ხომ ტყუილია, რომ სახლებში არავინ გვივარდება, რამდენი ტრანსგენდერი მოკლეს და დაასახიჩრეს საკუთარ სახლებში?!

გუშინვე, შუადღისას, მრავალათასიანი აქცია გაიმართა. ჩვენი აქციის მთავარი ადრესატი მთავრობაა, რომელმაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა კლუბებში ახალგაზრდების დაწიოკებასა და კლუბის გარეთ დარბევაზე. სახელისუფლებო მედია იწყებს ნარატივის შექმნას, რომ დემონსტრანტები ბარიგებს იცავენ. მედიის უპასუხისმგებლობით ჩნდება ვირუსული ვიდეოები აქციის მონაწილეთა მარგინალიზაციისათვის. მალევე სოციალურ ქსელში ფაშისტურ გვერდებზე ჩნდება ძალადობრივი მოწოდებები. მთელი სისტემა მობილიზებულია.

ამ დროს კი, გუშინ და დღეს, აქციიდან ისმის ინტერსექციური, საერთო პრობლემებზე ორიენტირებული მოწოდებები, პირველ რიგში, საპოლიციო სისტემის წინააღმდეგ. ვლაპარაკობთ ასევე იმაზე, თუ როგორი ნარკოპოლიტიკა გვჭირდება დღეს, რომ სახელმწიფოსგან ძალადობა და ნარკომომხმარებელთა ციხეში გამოკეტვა დაუშვებელია. სანაცვლოდ ჩვენ გვჭირდება პრევენციაზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომ არ გვაქვს საამისოდ ადეკვატური საგანმანათლებლო პროგრამები, სპორტული და გასართობი ინფრასტრუქტურა.

სამთავრობო პროპაგანდამ და კავშირებმა დღეს კონტრდემონსტრანტებიც გამოიყვანა ქუჩაში. ბევრი მათგანი ორგანიზებული ულტრამემარჯვენე ჯგუფის წევრია, ნაწილი პარტიულია, ბრეგაძე-ვასაძის პლატფორმიდან, მაგრამ დიდი ნაწილი სამთავრობო პროპაგანდასაა წამოგებული და, იდენტობის დაკარგვის შიშს აყოლილი, გამრუდებული ფოკუსით მომართულა ჩვენს წინააღმდეგ.

ადვილი იყო სიძულვილისა და ძალადობის მოწოდებებისთვის იმავეთი გვეპასუხა. ალბათ, ასეც მოელოდნენ სამოქალაქო ომგამოვლილი აქტორები, მაგრამ იქ მყოფი ახალგაზრდები ვიწყებთ სკანდირებას: „მშვიდობა!“. არც ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა კონტრდემონსტრანტების მიმართ. ბექა წიქარიშვილი, აქციის წამყვანი, ცდილობს სიტყვებით მაინც გასცდეს ბარიკადებს, რომელიც სისტემამ ჩვენ შორის აღმართა.

საღამოს სიტუაცია გამწვავდა. უამრავი ჩვენი მეგობარი და მხარდამჭერი პარლამენტის წინ არ მოუშვეს, გზად კი ფაშისტური ჯგუფების თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ.

ძალიან ვნერვიულობ, მერაბი უნდა მოვიდეს აქციაზე. 12-საათიან ცვლას მორჩა სამსახურში. ვთხოვ არ მოვიდეს. ვიცი, გარეთ ადამიანებს სცემენ. არაფრით მიჯერებს. ამბობს, რომ მარტოს იქ ვერ დამტოვებს. გამოაცხადეს, თავისუფლებაზე მეტრო აღარ ჩერდებაო, ანუ რუსთაველი უნდა ჩამოიაროს. ვემუდარები საყურე მოიხსნას. საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ შესასვლელთან ვარო, მირეკავს. ვხედავ, მივრბივარ, ვეხუტები...

შემდეგ შსს-ს მინისტრი გამოდის და ბოდიშს იხდის. ეჭვი მეპარება გულწრფელობაში, მაგრამ, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ვხვდები, რომ აქციის წამყვანები რაღაც გაცილებით სერიოზული ამბის გამო მიდიან დათმობაზე. მერე ისევ ყვითელი ავტობუსები.

ორშაბათი, 14 მაისი

შუადღის 3 საათზე ზარმა გამაღვიძა. ტელეკომპანია „კავკასიიდან“ მეპატიჟებოდა პროდიუსერი გუშინდელ ამბებზე სასაუბროდ. მაღაზიაში ჩავედი ბოსტნეულის საყიდლად. კიდევ ერთხელ ვიკბინე ტუჩზე. სულ გადამავიწყდა ბაზარში პროდუქტების შეძენა, ჩვენი უბნის მაღაზიაში კი 50 თეთრით მეტი ღირს თითქმის ყველა პროდუქტი.

ნასაუზმევზე ფეისბუკზე დავწერე: „მე აღარ მეგონა, თუ ამ ქვეყანაში ვინმე ისევ შეიარაღებულ ბანდფორმირებას შექმნიდა და კარგად „დაკრიშავდა“, თურმე სად ბანაობ?! „კასტეტებით“ იყვნენ გუშინ. ხვალ „კალაშებით“ იქნებიან“. უნებურად მომაგონდა „სამეფო კარის თამაშების“ ერთი ეპიზოდი: დედოფალი ფუნდამენტალისტებს გამოიყენებს პოლიტიკური ოპონენტების მოსაშორებლად. მოგვიანებით გაძლიერებული ფაშისტების ტყვე თავად დედოფალი გახდება.

ეს ულტრამემარჯვენე ძალები რომ ორგანიზებული ფორმით სპეციალურადაა შექმნილი, ამაში ეჭვი არ მეპარება. არაერთხელ დაწერილა რუსეთსა და ქვეყნის შიგნით ძალაუფლების მოსურნე „კლანთან“ მათ კავშირებზე. მაგრამ იქ ბევრი ადამიანი, ვიცი, რომ გულწრფელად მივიდა. მართლა სჯერა, რომ მის იდენტობას, „ქართველობას“, საფრთხე ემუქრება. სახელმწიფომ, რომელიც პროგრესის სახელით მხოლოდ ლეგიტიმური ძალადობის ფორმით წარდგა მოქალაქეთა წინაშე, საბაზისო მოთხოვნილებების გარეშე დატოვა ბევრი მოქალაქე. განათლებისა და ჯანდაცვის სისტემამ, რომელსაც უნდა ეზრუნა, რომ ცოდნა, უნარ-ჩვევები მიეცა, ამ მოქალაქეებისთვის ვერაფერი გააკეთა. ჰოდა, ახლა გამწარებული ბიჭები მათ მიერ დაფინანსებული ლიდერების მანიპულაციის მსხვერპლნი გახდნენ.

სხვათა შორის, ამ ბიჭებს შორის ბევრმა ლგბტ თემის წევრებიც ამოვიცანით, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მათი ლიდერები და წევრები რომ არაერთხელ გვინახავს „ბასიანშიც“ და „გალერიშიც“.

„კავკასიაზე“ გადაცემაში გირჩელ ვახტანგ მეგრელიშვილთან ერთად მომიწია ყოფნა. ის ამბობდა, რომ პოლიციას აქცია უნდა დაეშალა. გამიცხარდა რამდენჯერმე, როცა „ულტრამემარჯვენე ჯგუფები“ ვახსენე: ესაო და მემარჯვენეობის დისკრედიტაციას ახდენო. გამეღიმა მოპაექრეზე. იმაში კი დავეთანხმე, რომ სახელმწიფოს ამ ჯგუფების მიმართ მწყობრი პოლიტიკა არ აქვს. მათი დაფინანსების წყაროები გადასაჭრელია და ხელისუფლების შიდა კავშირები კარგად დასადგენი. ამ ჯგუფებში გაწევრიანების სოციალურ ფაქტორებზე კი მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ იზრუნებს. განათლებას სჭირდება დაფინანსება, ახალგაზრდებს - დასაქმება.

„ისნამდე" სტუდიიდან მაიამ, გადაცემის წამყვანმა, გამიყვანა. შემდეგ მეტროთი წამოვედი. უცნაური შეგრძნება დამეუფლა. გასული წლების ინციდენტების გამო 17 მაისის მოახლოებასთან ერთად მეტროთი სარგებლობაზე უარის თქმა მიწევდა. ახლა არაფრის მეშინოდა. მშვიდობით მოვედი სახლში. ვიძინებ.

სამშაბათი, 15 მაისი

დილა ისევ შუადღისას იწყება. ვერაფრით დავუბრუნდი ჩვეულ სამუშაო რიტმს. სამსახურში წავედი. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მუშაკების მთელი განყოფილება აქციაზე ვიყავით, ორგანიზაციაში ელოდნენ ამბავს. აქციასა და მომავალ გეგმებზე ვანოს, ჩვენს სამეურნეო განყოფილების უფროსს, ვესაუბრები. ძალიან მინდოდა ქეთი მენახა და მისი აზრი მომესმინა. ქეთი ჩვენთან რეპროდუქციულ უფლებებს კურირებს და ტრენინგებს ატარებს მასწავლებლებისა და ჟურნალისტებისთვის. სამსახურში არ დამხვდა. ის და მე სოციალურ საკითხებში ხშირად ერთ პოზიციაზე ვართ.

შემდეგ იოანეს, ჩემს მეწყვილეს, ვხვდები სამსახურში. საველე სამუშაოებზე ერთად დავდივართ. ჩემი ჯგუფი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აივ პრევენციის ღონისძიებებს ახორციელებს. ტრენინგებსა და საინფორმაციო შეხვედრებს ვატარებთ, ასევე თავდაცვის საშუალებებს ვურიგებთ გეი/ბისექსუალ კაცებსა და ტრანსგენდერ ქალებს. გადავწყვიტეთ, რომ ამ კვირაში საველე გასვლები აღარ გავაკეთოთ. დიდი დაძაბულობაა ქალაქში, სარისკოა ღამით გარეთ მუშაობა, კლუბებიც დაკეტილია.

ვბრუნდები სახლში. სადარბაზოში „ბირჟა“ მხვდება. მივესალმე, გულიანად მომიგეს პასუხი. ახლაღა შევნიშნე, რამდენიმე აქციაზეც ვნახე. აქ გადმოსვლამდე იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით და ვიცნობდი მეზობლებს, აქ კი კარის მეზობლის გარდა არავინ ვიცი. მოკლედ, ჩემს შიშებშია პრობლემა. ჩემმა ბიჭმა გამიღო კარები. მთელი დღის ნატანჯ სახეზე ძლივს ღიმილი გამომესახა, ჩემო ვარკვლავბიჭუნავ!

ოთხშაბათი, 16 მაისი

12 საათზე გავიღვიძე. ფეისბუკს ვსქროლავდი. ესემესი მოვიდა, დედა მწერდა: „ბექა, ხვალ აქციაზე წყნარად და მშვიდად იყავი და არა სახეწაშლილი. ყველა კითხვაზე ადეკვატური პასუხი გქონდეს, ყველანაირ შემოტევას რომ გაუძლო. უფალი გფარავდეს. გეფერები. ჭკვიანად!“

რაღა დაგიმალოთ და გულიანად ვიტირე. დედის მხარდაჭერა და სიყვარული ახლა ძალიან მჭირდებოდა. ბევრი ეცადა ჩვენ შორის წყლის არევას, მაგრამ დედის სიყვარულს აჯობებდნენ?!

ხვალ 17 მაისია, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე. აქციაზე სიტყვით უნდა გამოვიდე. მძაბავს ეს ფორმატი. სიტყვის დაწერაც არ მინდა. მინდა, უბრალოდ, ვიფიქრო, რა მაქვს სათქმელი იქ შეკრებილი ადამიანებისთვის და, უმთავრესად, მათთვის, ვისგანაც კორდონებით გვყოფენ.

17 მაისის აქციის დაგეგმვის ეტაპზე მონაწილეობა არ მიმიღია. 17 მაისის შინაარსი ჩემთვის საერთო პრობლემებზე აქცენტირება და ბრძოლების გადაკვეთის წერტილების პოვნაა. აქტივისტების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს უბრალო ხილვადობის აქტია. ეს სიმარტივე ადვილად გაიტაცებს ხოლმე ზოგიერთს. აქვე არიან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიც და შედეგად ეს შეხვედრები ყვირილით სრულდება. ჩემთვის კი, როგორც ვთქვი, საერთო გადაკვეთის წერტილების პოვნა უფრო მნიშვნელოვანია და ვიფიქრე, რომ ჩემს სიტყვაში ამაზე ვისაუბრებდი.

შუადღისას მომწერეს, ვმსჯელობთ ოფისში, აქცია უნდა გავაუქმოთო. სიტუაციაში გარკვევა ვცადე, გავედი. ყველა სათემო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ბევრი დამოუკიდებელი აქტივისტი დამხვდა.

მეც წინა პერიოდში ვაკვირდებოდი ნეოფაშისტური ჯგუფების გვერდებს და საქართველოს საპატრიარქოსაც. მათი აქციები, ყველა გათვლით, 19:00 საათისთვის დამთავრებული უნდა ყოფილიყო. აღმოჩნდა, რომ საპატრიარქომ გადმოსწია საკუთარი ღონისძიება 20:00 საათზე. ამავდროულად, „ქართულმა მარშმაც“ აქცია დააანონსა იმ მონაკვეთში. რამდენიმე თემის მეგობარი ამბობდა, რომ ჰქონდა სარწმუნო ინფორმაცია მოსალოდნელი დაპირისპირების შესახებ.

ყველაფერი ეს აშკარა განცდას ტოვებდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ შსს უსაფრთხოების გარანტიებს იძლეოდა. ჩვენ ეჭვი შეგვეპარა ამ გარანტიებშიც, რომელიც, სხვათა შორის, 2013 წლის 17 მაისსაც მოგვცეს მათ.

9 საათზე გიორგი კიკონიშვილმა განცხადება წაიკითხა პირდაპირ ეთერში, რასაც ფეისკუქზე არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. სამწუხაროდ, ბევრი თემის წევრისთვის 17 მაისის ისეთი შინაარსი შევქმენით, რომ ამ დღეს ჩამოვკიდეთ მთელი ემანსიპაციის შინაარსი. ამავდროულად, აქტივისტების ნაწილი იდენტობის პოლიტიკის გარდა გამოსავალს ჰეტერონორმატიული ჩაგვრიდან ვერ ხედავს და ეს ნაწილი, აფილირებულ პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად ამ გადაწყვეტილებიდან გავიდა.

საღამოს მეგობრებს მივწერე. რთული დღე იყო, ვერ გავუძელი. დავლიეთ.

ხუთშაბათი, 17 მაისი

მთელი დღე ფეისბუკსა და ტელევიზორთან გავატარე, საინფორმაციო მხარდაჭერას ვცდილობდი. პირველად საქართველოში ქვიარ აქტივისტებმა პარტიზანული აქციები მოაწყვეს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამოსვლები და პოლიტიკური მოთხოვნები, რომლებიც ოდესმე 17 მაისს გაჟღერებულა. განათლების სისტემაში სქესობრივი განათლების სწავლება და ბულინგის აღმოფხვრა, ჯანდაცვის სისტემაში ტრანსსაჭიროებების გათვალისწინება, იუსტიციის სამინისტროსთან გენდერის სამართლებრივი აღიარების მოთხოვნა და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ეფექტური რეაგირების მოთხოვნა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებებზე - კარგად მოიფიქრეთ, მეგობრებო!

საღამოს ნიკო გორგილაძეს სცემეს, გულიან ბიჭს, რომელმაც თქვა, რომ სიყვარული სიყვარულია. მოძალადე არასრულწლოვანი აღმოჩნდა, რომლის დედა ამაყობდა თავისი შვილის ძალადობით. ნიკომ თქვა, რომ მოძალადეზე არ ბრაზობს, რომ ძალადობაში სკოლა, ეკლესია და სახელმწიფოა დამნაშავე.

პარასკევი, 18 მაისი

მთელი დღე მეძინა. ვცდილობ ფეისბუკს არ გავეკარო. „ონლაინ სროლებია“ ატეხილი, უმისამართო. ძალაუფლების ღერძები დავიწყებულია.

ჩემმა დისშვილმა, მარიამმა, სკოლა დაამთავრა. საოცარი ქალია. საერთოდ, 2000-იანების თაობა ბევრ რამეს შეცვლის.

მკვდარი პარასკევია. „გალერი“ და „ბასიანი“ ისევ დალუქულია. ვერსად იცეკვებ. მეგობარმა მომწერა, - იქ მუშაობდა, - დროებით სამსახურს ეძებს, არ იციან, როდის გაიხსნება. ორ ფილმს ვუყურე. შემდეგ დავიძინე.

შაბათი, 19 მაისი

ნახევარი დღე დღიურების შეკვრაში გავიდა. ქაუნთა, რომელიც ოთახიდან იშვიათად გამოდის, დავიჭირე და ვუყვები, რაც დავწერე. მითხრა, რომ უფრო იუმორით შევხედო განვლილ კვირას და ერთ-ერთ დღიურს მაჩვენებს. მოვუსმინე და ბევრი ვიცინე.

ჩაწერაზე მაგვიანდება, გავიქეცი. :))

თავისუფლების დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:14:59 0:00
გადმოწერა
XS
SM
MD
LG