Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურა ბაკურაძე - მართალი სიტყვის თქმის სურვილი


ლტოლვილებისთვის ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს, უნდა გქონდეს ემპათიის უნარი, ყველა ადამიანის უკან ცალკე ისტორიაა - ზურაბ ბაკურაძე ჰანოვერში ლტოლვილთა ბანაკს მართავს, სოციალური მუშაკია, უყვარს ეს საქმე, მით უმეტეს, როცა შედეგს ვხედავო, - ამბობს.

დიდი ხანია, მუშაობს ბოშა მოზარდებთან, მისი ნაშრომის თემა იყო დამნაშავეობის პრევენცია მოზარდებში, ძალადობის პრევენცია, ნარკომანია.

გადმოწერა

ჰანოვერის უნივერსიტეტის იურისპრუდენციის დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ ზურაბ ბაკურაძე შინ, საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, ასე მითხრა თითქმის ხუთი წლის წინ, როცა „შინ - უცხოეთში“ ჰანოვერში ჩავიდა და მოკლე ფილმი გადაიღო ახალგაზრდა იურისტზე.

ზურამ იურისპრუდენცია ისწავლა თბილისში, შემდეგ - ჰანოვერში, მერე კი - საფრანგეთში, რუანის უნივერსიტეტში.

ახლა იურისტი სოციალური მუშაკი ჰანოვერში მოზარდებთან მუშაობს, ლტოლვილებთან. ორგანიზაცია European Home Care-ის ლტოლვილთა თავშესაფრის ხელმძღვანელია.

ზურას სამსახურამდე საკმაო შორის გზა აქვს და მაგ დროს ვკითხულობო, მითხრა. არა მხოლოდ კითხულობს, ჰერმან ჰესეს ერთი ლექსიც „შემოეთარგმნა“: „ნისლში“ - „...ადამიანი არ იცნობს მეორეს, მარტოა ყველა, რაც გინდა თქვა“.

ადრე ხატვის დროს გადავუღეთ, ახლა აღარ ვხატავ იმდენს, ქუჩებში, კედლებზე ქართულ სიტყვებს ვწერო: „თავისუფლება“, „დრო“, „გზა“...

ზურა ბაკურაძე ამბობს: „მართალი სიტყვის მთქმელი ადამიანი აღარ არის. ესაა ჩვენი პრობლემა“.

საქართველოსა და გერმანიაში რაგბის თამაშმა მიიყვანა აზრამდე, რომ თავის საქმეში, ძალადობის პრევენციის ერთ-ერთ საშუალებად რაგბი გამოეყენებინა. თავის ნაშრომში ერთ-ერთ თავს ასე უწოდა: „რაგბი - ძალადობის პრევენციის საშუალება“. ზურას ეს იდეა წარმატებით განხორციელდა ჰანოვერის რამდენიმე სკოლაში.

იურისტმა განმიმარტა, ბურთის მიწოდების და შებოჭვის სწავლება კი არ არის საქმე, არამედ მოზარდებში რაგბის თამაშის ეთიკის შეთვისებაო.

ბოშებზეც ვილაპარაკეთ, ევროპის ამ სრულიად უსამართლოდ გარიყულ ხალხზე. მათ ერთი წესი აქვთ, ამბობს ზურა: „ის, რომ წესი არ არსებობს“. მეორედ მიყვება, საავადმყოფოში რომ მოვხვდი, მომინახულა ჩემი მეგობარი ბოშების ოჯახმა და ფანჯრიდან შემოვიდნენო. გავიცინეთ, მაგრამ ასეთი თავისუფალი საქციელია, ბოშებზე რომ უამრავ სტერეოტიპს აჩენს. არადა, მათ, თავისუფლების სიყვარული ამოძრავებთ, ასეთები არიან. მათგან ბევრი ვისწავლე, ისე გამოვიდა, რომ სულ ერთად ვიყავითო.

ხუთი წლის წინ „შინ - უცხოეთში“ ჰანოვერში ჩავიდა და მოკლე ფილმი გადაიღო ახალგაზრდა იურისტზე:

ნარკომანიაზეც იმუშავა ზურა ბაკურაძემ, ნარკომანიაზე, რომელიც ჩვენი ეპოქის „შვილი“ არაა, მაგრამ ჩვენს ეპოქაში იძენს თავისუფლებას, მისი დეკრიმინალიზაცია ხდება. სხვადასხვა მოსაზრებით, დეკრიმინალიზაცია იწვევს მის გავრცელებას, რადგან არჩევის უფლებაა მის უკან. რას მოიტანს ეს გავრცელება? ნარკოტიკის მოხმარება თავიდან არის არჩევანი, ხოლო როცა დამოკიდებულებად იქცევა, საქმე რთულდება...

უკრაინის ამბები, დაუსრულებელი ომი, ლტოლვილები, მათთვის დახმარება ზურა ბაკურაძეს თავიდან არასოდეს აუცილებია, მაგრამ უკრაინასთან ურთიერთობა ახლა, ომის გამო არ დაწყებულა, ამასაც თავისი ისტორია აქვს.

დაბოლოს ზურამ მითხრა, არავისთვის ჭკუის სწავლება არ მინდა, მე ვინ ვარ, ეს რომ გავაკეთო, მართალი სიტყვის მთქმელი ადამიანი არ დაგვიტოვეს, ყველა ჩვენი ხელით გამოასალმეს სიცოცხლეს, ჩემი საუბარი მცდელობაა მართალი სიტყვის თქმის და ერთსაც თუ გულზე მოხვდა, უკვე კარგიაო.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG