Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბედისწერო დავალიანება და ზუგდიდში დაღუპული ტყუპები


დაღუპული ექვსი წლის ტყუპი ძმები და-ძმასთან და დედასთან ერთად დაქირავებულ ბინაში ცხოვრობდნენ. ბინის მეპატრონე ადასტურებს, რომ დავალიანების გამო ელექტროენერგია შეწყვეტილი იყო.
დაღუპული ექვსი წლის ტყუპი ძმები და-ძმასთან და დედასთან ერთად დაქირავებულ ბინაში ცხოვრობდნენ. ბინის მეპატრონე ადასტურებს, რომ დავალიანების გამო ელექტროენერგია შეწყვეტილი იყო.

ზუგდიდში, ბინაში, სადაც ხანძარს მცირეწლოვანი ძმების სიცოცხლე შეეწირა, ელექტროენერგიის მიწოდება გადაუხდელობის გამო იყო შეწყვეტილი - ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ბინის მეპატრონემ, ხალიდა ჭურღულიამ დაუდასტურა. გადაუხდელი თანხა დაახლოებით 50 ლარს შეადგენდა.

ბინის მეპატრონე იზიარებს ვერსიას, რომ სახლში მარტო მყოფ ოთხ ბავშვს სანთელი ჰქონდა დანთებული, რაც შემდეგ ხანძრის მიზეზი გახდა.

შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. ეს მუხლი სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ტყუპ ძმებს 15 აგვისტოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაკრძალავენ, საიდანაც არის წარმოშობით მათი დედა - ქრისტინე ბიაძე. ექსპერტიზის შემდეგ ბავშვები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ნათესავის ბინაში გადაასვენეს.

კლინიკიდან 13 აგვისტოს გაწერეს ოჯახის კიდევ ორი წევრი მეხუთე და მეექვსეკლასელი და-ძმა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ისინი მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნებით მოხვდნენ.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ზიზღის ტალღა მოჰყვა - ხელისუფლების მომხრეები დაღუპული ბავშვების დედას ადანაშაულებენ.

საბედისწერო დავალიანება

ზუგდიდში, ბუკიას ქუჩის #5-ში მდებარე კორპუსში, მეექვსე სართულზე, ერთოთახიანი ბინა თითქმის მთლიანად დამწვარია. ფანჯრები ღია დატოვეს, ბინა დალუქეს და მეპატრონეს შესვლის საშუალება არა აქვს.

ხალიდა ჭურღულია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მრავალშვილიან ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება ორშაბათს, 12 აგვისტოს შეუწყვიტეს, რაც მან წინასწარვე იცოდა, მაგრამ ოჯახის დედას ხმა ვერ მიაწვდინა.

„ჩაჭრილი იყო დენი - ტყუილს კი არ ვიძახი ამას. წინა თვის გადახდილი არ ჰქონდა. პარასკევს შემატყობინეს [დავალიანებაზე], მე ვუთხარი - მდგმური მყავს და გადავცემ-მეთქი. ვურეკავდი და არ მპასუხობდა, უნდა მეთქვა - თუ არ გადაიხდიდა, ორშაბათს დილას ჩაუჭრიდნენ და ჩაუჭრეს. ჩემი ტელეფონის ნომერია იქ და ესემესები მომდის - გადასახადი თითქმის 50 ლარი იყო“, - ბინის მეპატრონის ვერსიით, სახლში სანთელი ენთო, ალბათ ბავშვებს ჩაეძინათ და ხანძრის მიზეზიც ეს გახდა.

ჭურღულიას მონათხრობის თანახმად, ბინა დაახლოებით ერთი წლის წინ გააქირავა და მაშინ დედას ორი ბავშვი ახლდა თან - უფროსი ქალ-ვაჟი, რომლებიც ტრაგედიას გადაურჩნენ.

ერთოთახიანი ბინა სოციალურად დაუცველ ოჯახს 200 ლარად ჰქონდა ნაქირავები და როგორც მეპატრონემ გვითხრა - ამ მხრივაც დავალიანება უგროვდებოდათ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ბინაში მარტოხელა დედა ოთხ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა.

როდესაც ცეცხლი გაჩნდა, ბავშვები სახლში მარტო იყვნენ. მეზობლების თქმით, დედას მძიმე ფიზიკური შრომა უწევდა. ლაპარაკია თხილის მოსავლის აღების სეზონურ სამუშაოზე.

მეზობლები ჰყვებიან, რომ უფროსი და-ძმა ცეცხლწაკიდებული ბინიდან თავისი ფეხით გამოვიდნენ და თქვეს, რომ პატარა ძმები ვერ გააღვიძეს. სხვა ვერსიით კი, ტყუპები აივნიდან ითხოვდნენ შველას, მაგრამ მალე აივანსაც ცეცხლი მოედო.

ზიზღის ტალღა

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით:

  • ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდნენ.
  • 2023 წლის 1 აპრილიდან ისინი ოჯახში დედასთან ერთად იზრდებოდნენ.
  • მანამდე, 2018 წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახიდან იყვნენ განცალკევებულნი.
  • ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ბავშვების მინდობით აღზრდაში გადაყვანის მიზეზი მძიმე სოციალური პირობები იყო და მათზე ზუგდიდში მცხოვრები ოჯახი ზრუნავდა; თუმცა დედამ შვილები დაიბრუნა და ზრუნავდა მათზე.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაში მოცემულია დახმარების კალკულაცია:

„[ოჯახი]იღებს სოციალურ შემწეობას. ასევე, 2023 წლის აპრილიდან არასრულწლოვანებს დამატებით დაენიშნათ რეინტეგრაციის ანაზღაურება. აღნიშნული გასაცემელი ყოველთვიურად შეადგენდა 1500 ლარს. 2023-2024 წლებში ისარგებლა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამით. არასრულწლოვანები ჩართულნი იყვნენ ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში“.

რადიო თავისუფლებამ ჯერჯერობით ვერ შეძლო ოჯახის წევრებთან ამ ინფორმაციის შემოწმება.

ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც მოიცავს 7 წლამდე ასაკის სხვადასხვა განვითარების დარღვევის ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვებს, რომლებსაც ესაჭიროებათ ადრეული ჩარევა და რეაბილიტაცია.

ზრუნვის სააგენტოს ამ განცხადებას სოციალურ ქსელებში ზიზღისა და ლანძღვის ტალღა მოჰყვა ძირითადად ხელისუფლების მომხრეების მხრიდან, მათ შორის იყვნენ ე.წ. ტროლები.

ყველაფერი ძირითადად დედას დააბრალეს - ამდენ ფულს იღებდა და დენის ფულს არ იხდიდაო; ამდენ ფულს იღებდა და მაინც სამსახურში რატომ დადიოდა, ბავშვებთან მჯდარიყოო.

„[სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს] ეს განცხადება სისტემის მხრიდან ხელების დაბანას ჰგავს. ნული ემპათიის განცხადება იყო - არავითარი ადამიანური არ იყო მასში... 1500 ლარზე საუბარი განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი იყო - თითქოს რადგან თანხა ეძლეოდა ამ ოჯახს, უნდა ეკმარათ, ძალიან ბედნიერად უნდა ეცხოვრათ და სხვა არაფერი სჭირდებოდათ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული საბჭოს წევრი ცაბუნია ვართაგავა. ეს საბჭო სახელმწიფო მზრუნველობის სააგენტოსთან არსებული დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც სხვათა შორის რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის საკითხს წყვეტს.

ვართაგავა გვეუბნება, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც საბჭო ამ ბავშვების რეინტეგრაციის საკითხს განიხილავდა, ობიექტური მიზეზების გამო ვერ მონაწილეობდა საბჭოს სხდომებში და ამიტომ დეტალებს არ იცნობს - თუმცა 13 აგვისტოს, ზუგდიდში მომხდარი ტრაგედია ცაბუნია ვართაგავასთვის სისტემის მარცხის დასტურია:

„ფურცელზე დარჩა თითქმის იდეალურთან მიახლოებული ყველაფერი, მაგრამ ბევრი პრობლემაა, რომელსაც ეს სისტემა ვერ უმკლავდება - ეს გააშიშვლა სწორედ ამ შემთხვევამ. როცა სახელმწიფომ იცის, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახში ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, უნდა არსებობდეს დაცვის მექანიზმი, რომ თუნდაც შუქი არ ჩაუჭრან მასეთ ოჯახს“.

„დღეს არსებული სოციალური დაცვის სისტემა ვერ აფასებს ბავშვისა და მისი ოჯახის საჭიროებებს... ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს - რა ტიპის დახმარება ესაჭიროებათ ბავშვებს და მათ მშობლებს საიმისოდ, რომ ისინი გადარჩნენ, განვითარდნენ და სიღარიბეს დააღწიონ თავი“, - წერია განცხადებაში, რომელსაც 14 აგვისტოს აქვეყნებს „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“. აქვე ნათქვამია, რომ „მხოლოდ ფულადი დახმარება ბავშვების საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალებას არ იძლევა“ და აუცილებელია სიღარიბეში მყოფი ადამიანების ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა.

ენერგოომბუდსმენის აპარატმა დაიწყო მოკვლევა იმის დასადგენად, რა მიზეზით არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია ზუგდიდში სოციალურად დაუცველ იმ ოჯახს, რომლის ორი წევრიც ხანძარმა იმსხვერპლა. ​ენერგოომბუდსმენი ელექტრომიმწოდებელი კომპანიიდან [„ენერგო-პრო ჯორჯია“] პასუხს მომავალი 10 დღის განმავლობაში ელოდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG