დაღუპული ექვსი წლის ტყუპი ძმები და-ძმასთან და დედასთან ერთად დაქირავებულ ბინაში ცხოვრობდნენ. მეზობლების თანახმად, ოჯახს დავალიანების გამო გათიშული ჰქონდა ელექტროენერგია. ვარაუდობენ, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო სანთელი, რომელიც შინ მარტო მყოფ ბავშვებს ჩაძინებისას შესაძლოა ანთებული დარჩათ. ელექტრომიმწოდებელ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
„ჩვენი უფლებამოსილებაა აბონენტების უფლებების დაცვა. თუ ეს უფლებები ირღვევა, მარეგულირებელ კომისიას მივმართავთ, რომ პასუხისმგებლობა დააკისროს... რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ოჯახში ელექტროენერგია იყო გათიშული, ჩვენ მოვიძიებთ მიზეზს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ენერგოომბუდსმენის თანაშემწე ვალერი ფხაკაძემ.
მან დამატებით აღნიშნა, რომ დენის, წყლისა და გაზის მიმწოდებელი კომპანიები ვალდებული არიან, დავალიანების არსებობის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველ ოჯახებს დამატებითი ვადა მისცენ.
ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე, მრავალსართულიან კორპუსში ხანძარი 12 აგვისტოს, ღამით, გაჩნდა. როგორც მეზობლები ჰყვებიან, დედას მძიმე ფიზიკური შრომა უწევდა და ბავშვები ხშირად რჩებოდნენ მარტო. ხანძრის დროს უფროსმა და-ძმამ ბინიდან დროულად გამოსვლა შეძლო. ექვსი წლის ტყუპები კი ადგილზე მისულ მაშველებს გარდაცვლილები დახვდათ.
ფორუმი