ოჯახი დაზიანებულ სახლში ხელმეორედ შესახლდა 9 წლის წინ, როცა დევნილობიდან სოფელში დაბრუნდა. კედლის ნამსხვრევები ბუნებრივი აირის მილს დაეცა და დააზიანა. ციცინო ელიკაშვილი და მისი თანასოფლელები, დიდი ხანია, ომისგან დაზიანებული სახლების შეკეთებას ითხოვენ.
„ჩვენი სოფლის სახლები ომის დროს დაიწვა. წლების განმავლობაში წვიმამ, ქარმა და ყინვამ ეს დამწვარი კედლებიც უფრო მეტად დააზიანა და გადაინგრა კიდეც. კიდევ კარგი, მსხვეპლი არ მოჰყვა. ასევეა დაზიანებული ჩვენი სოფლის მრავალი სახლი. დროული დახმარება გვჭირდება მთავრობისგან“, - ამბობს ციცინო ელიკაშვილი.
აგვისტოს ომის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა ყველაზე დიდხანს სოფელ ზარდიაანთკარში შესვლას ვერ ახერხებდა. ელიკაშვილების ოჯახიც გორის საბავშვო ბაღში ცხოვრობდა, დევნილობაში. ზარდიაანთკარში დაბრუნება მხოლოდ 2012 წლის შემდეგ შეძლეს, როცა იქ ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა, მაგრამ ბინა ნახევრად განადგურებული დახვდათ. ციცინო ელიკაშვილი, მეცხრე წელია, ბინის შეკეთებას უშედეგოდ ითხოვს.
„ომისგან მიყენებული ზარალი იმდენად აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს, რომ სახლები დამწვარი და განადგურებულია, შემოსავლის წყარო მოსპობილია. 5 წელი სოფელში ვერ ვბრუნდებოდით და ის ძირითადი შემოსავლის წყაროც მოისპო. ხალხს საარსებო წყარო აღარ აქვს და სახლებს როგორ გააკეთებს?! არც დაზარალებულის სტატუსი გვაქვს და არც დახმარება მიგვიღია. დღემდე ვითხოვთ, რომ სახლების რეაბილიტაცია მოხდეს“, - აცხადებს ციცინო ელიკაშვილი.
ომის შემდეგ ზარდიაანთკარში მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და სახლების აღსადგენად სამთავრობო კომისია შეიქმნა. მოსახლეობის ნაწილმა კომპენსაცია მიიღო, მაგრამ ნაწილი ისევ დახმარების მოლოდინშია.
თინა ტერაშვილს სახლი ბრეზენტის ტენტით ნახევრად აქვს გადახურული. წვიმა მაინც ჩადის. ოჯახმა მხოლოდ ერთი ოთახის შეკეთება შეძლო, მაგრამ იქ გაჩერება მაინც შეუძლებელია. კედლები დაობებულია და ყველგან ნესტის სოკოა მოდებული. ოჯახის წევრების ნაწილი იატაკზე იძინებს.
„სახლში ყველა როცა ვგროვდებით - შვილები, რძლები და შვილიშვილები, ადგილის უქონლობის გამო, დამიჯერეთ, ძირს პალასზე ვწვები, ადგილი რომ არ არის. დაპირებები იყო. აღწერაც გაკეთდა. აზომეს კიდეც, მაგრამ დაპირებები დაპირებებად რჩება“.
ნელი გაბლიშვილი ამბობს, რომ გორის მერი მას არაერთხელ შეჰპირდა დახმარებას, მაგრამ ამ აქტივობას მას მხოლოდ არჩევნების წინ ამჩნევდა, არჩევნების შემდეგ კი ზარდიაანთკარელების პრობლემა ყველას ავიწყდებოდა. საპარლამენტო არჩევნების წინ ზარდიაანთკარელთა დასახმარებლად კომისია კიდევ ერთხელ შექმნეს, თუმცა ადგილობრივი მცხოვრებნი ისევ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდებიან.
ნანა ქოზაშვილის სახლს სახურავი ჰქონდა დაზიანებული. მთავრობის დაპირების შესრულებას დიდხანს ელოდა. ცოტა თანხა ოჯახმა შეაკოწიწა და სახურავი საკუთარი ხარჯით შეაკეთა, მანამდე კი წვიმის წყალი თავზე დასდიოდათ.
„ძალიან გვიჭირს. კი გადავაფარეთ, მაგრამ კედლები ძალიან არის დაზიანებული და მასალები გვინდა, ერთი ოთახი მაინც რომ შევაკეთოთ, მაგრამ არავინ ჩანს, რომ დაგვეხმაროს. დაპირებები ყოველ წელს გვესმის, მაგრამ მოვიდოდნენ, აზომავდნენ, დაგვპირდებოდნენ შეკეთებას და მიდიოდნენ“, - ამბობს ნანა ქოზაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ომით დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებს იცავს როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. ცენტრის მიერ მრავალწლიანი მონიტორინგისა და კვლევის შედეგად იკვეთება, რომ კონფლიქტის ზონაში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების პრობლემები, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ 2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტთანაა დაკავშირებული, კვლავ მოუგვარებელია. ბევრ ოჯახს ომის დროს დაზიანებული სახლების შესაკეთებლად ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარება ჯერაც არ მიუღია. სახელმწიფოს ომით დაზარალებულთა ნაწილისთვის ჯერ კიდევ არ მიუნიჭებია მსხვერპლისა და დაზარალებულის სტატუსი.
„დაკავებები კვლავ გრძელდება, ეგრეთ წოდებული ბორდერიზაცია კვლავ გრძელდება, სამწუხაროდ, და ამ კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკა რეალურად არაეფექტურია. მეორე მხრივ, ის პროგრამები, რომლებიც ამ სოფლებში ხორციელდება, არასაკმარისია. ნამდვილად კარგია ის, რაც გაკეთდა, მაგრამ ვხედავთ, რომ ომით დაზარალებულებს, ძალიან ბევრ ადამიანს დღემდე არა აქვთ დაზარალებულის სტატუსი. სოციალ-ეკონომიკური პირობები არ არის გაუმჯობესებული. ინფრასტრუქტურული პრობლემებიც არის - ბევრ სოფელში არ არის გზა, არ არის სასმელი წყალი. პრობლემებია საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ბევრი ადამიანი კვლავ ელის კომპენსაციას და დახმარებას. ეს, ალბათ, ის საკითხია, რომელიც დღემდე უნდა გამოსწორებულიყო და სწორედ ამიტომ არის საჭირო როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების მონაწილეობა ამ პროცესში და ჩვენ აქ ვხედავთ, რომ კოორდინაცია მოიკოჭლებს მათ შორის. მოსახლეობა უკვე მასობრივად ტოვებს რეგიონს და ეს არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი მიგრაცია. ეს ნიშნავს, რომ ოკუპანტებს ვუთმობთ ჩვენს ტერიტორიებს და რეალურად რისკები, რომლებიც არსებობს ამ კუთხეში, ხელისუფლება ამას ვერ აცნობიერებს“, - ამბობს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.
გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის, თქმით, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ყველაფერს აკეთებს, ზარდიაანთკარის მოსახლეობის ნაწილმა კი ფინანსური კომპენსაცია უკვე მიიღო.
„სოფელი ზარდიაანთკარი ომის დროს დაზიანდა. რამდენიმე სახლი დაიწვა კიდევაც. ადგილზე ვიყავით და გადავამოწმეთ. არის ოჯახები, რომლებსაც კომპენსაციები აქვთ მიღებული, 15 ათასი დოლარი, იმისათვის რომ ეს სახლები აღედგინათ. თავის დროზე მთავრობის კომისია ამაზე დადიოდა და გააკეთა აღწერა და ახლაც მიმდინარეობს ამაზე მუშაობა. ეს მოსახლეობა მისახედია“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
მთავრობის ბოლო დაპირებიდან უკვე წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ ზარდიაანთკარში არაფერი შეცვლილა. პირიქით, ვითარება უფრო მძიმდება. დაზიანებული და ნახანძრალი სახლების კედლები იშლება.