Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძის ბრძოლა აქციებიდან აქციებამდე


ზაზა სარალიძე აქციაზე. თბილისი. 2018 წლის 1 ივნისი
ზაზა სარალიძე აქციაზე. თბილისი. 2018 წლის 1 ივნისი

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის, მამა აქციებს განაახლებს. ეს გადაწყვეტილება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ დასკვნას უკავშირდება. მიდგომებით, აქცენტებითა და რეკომენდაციებით უკმაყოფილო ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელობის გამოძიებას „სხვა ხელისუფლება გააგრძელებს“.

რით არის მიუღებელი „ქართული ოცნების“ დასკვნა?

ზაზა სარალიძე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შეფასებებს ელოდებოდა და საპროტესტო აქციების გაგრძელებისგან ამიტომ იკავებდა თავს. მისთვის კატეგორიულად მიუღებელია „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება და დასკვნა, რომელიც მმართველი გუნდის კომისიაში ჩართულმა წევრებმა მოამზადეს. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ დასკვნაში არასწორად არის წარმოჩენილი მთავარი კითხვები და აქცენტი გადატანილია, მაგალითად, ერთ-ერთი მსჯავრდებულის მიერ გამოყენებულ დანაზე, ფარდულის დანგრევასა და მირზა სუბელიანის ზეგავლენებზე. არაერთი შენიშვნა აქვს ზაზა სარალიძის ადვოკატსაც. „სად არის პასუხი ჩვენს ძირითად კითხვაზე- ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი, რომელმაც მას მიაყენა 10-11 ჭრილობა, მათ შორის სასიკვდილო?! “ - შეკითხვას სვამს ადვოკატი ნესტან ლონდარიძე. მისთვის მიუღებელია დასკვნის ის ნაწილი, სადაც ნათქვამია, რომ საქმეში პროცესუალური დარღვევები იყო, თუმცა ტექსტში არ არის ნახსენები ძირეული დარღვევები.

ზაზა სარალიძე აქციების იმედად

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ხალხი ქუჩაში პირველად 27 მაისს გამოვიდა. აქციამ, სახელწოდებით „ნუ მომკლავ“, სოციალური ქსელის საშუალებით პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი შეკრიბა. აქცია პოლიტიკოსების გარეშე დაიწყო და მისი მთავარი მოთხოვნა დავით სარალიძის მკვლელების დასჯა და მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, გადადგომა იყო. თავად ზაზა სარალიძემ ხალხს მხარდაჭერისთვის მას შემდეგ მიმართა, რაც 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა. ხალხის მღელვარებას 31 მაისს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, გადადგომა მოჰყვა.

ხალხი ზაზა სარალიძეს გვერდში დაუდგა პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციებზეც, სადაც ის აცხადებდა, რომ სისტემა აყალბებს მისი შვილის მკვლელობის საქმეს და ის ამ პროცესში ჩართული ყველა პირის გადადგომასა და გასამართლებას ითხოვდა. 1 ივნისს რუსთაველის გამზირზე კარვები გაიშალა. ამ დროს ზაზა სარალიძე უკვე ითხოვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, თუმცა აქციების მსვლელობისას სარალიძეს ხშირად უხდებოდა იმის გამეორება, რომ მის უკან პოლიტიკური პარტიები არ იდგნენ.

პროტესტის ბოლო ეტაპზე მან მხარდაჭერის თხოვნით ოპოზიციურ პარტიებსაც მიმართა. ამის შემდეგ მის გვერდით გამოჩნდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალი საქართველოსა“ თუ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლები. ბევრი ფიქრობდა, რომ პოლიტიკოსების გარეშე აქციების გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა საზოგადოების ერთმა ნაწილმა ეს იდეა დაგმო და უშედეგო კონტრაქციებიც კი წამოიწყო ვაკის პარკში.

აქციების დაწყების დღიდან ზაზა სარალიძის გვერდით მხარდამჭერთა ჯგუფები იცვლებოდა, თუმცა მასთან რჩებოდნენ „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი. ბოლოს კი იყო ერთკაციანი აქციაც, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში ზაზა სარალიძე შვილის მკვლელობაში მონაწილეთა დასჯას მარტო მოითხოვდა.

ზაზა სარალიძე შსს-ის ეზოში. 2018 წლის 2 ივლისი
ზაზა სარალიძე შსს-ის ეზოში. 2018 წლის 2 ივლისი

რა შედეგი მოიტანა აქციებმა?

აქციების უწყვეტი ტალღის შედეგად საზოგადოება ხშირად მოიხსენიებს საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს: გადადგა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და შეიცვალა მინისტრების დიდი ნაწილი, თუმცა ახალ მთავრობაში უცვლელად დარჩნენ იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სამთავრობო ცვლილებებს ხალხის მღელვარების შედეგად არ მიიჩნევს. ბევრმა სწორედ საპროტესტო აქციებს დაუკავშირა პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის, დაკავება. ხალხის მღელვარების შედეგი იყო ისიც, რომ დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში ბუნდოვანი ფაქტების შესწავლის მიზნით ჩამოყალიბდა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელშიც უმრავლესობას ოპოზიციური „ევროპული საქართველო“ წარმოადგენდა. სამთვიანი მუშაობის შემდეგ, კომისიის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი ისევ სადავოდ რჩება და ისევ პასუხგაუცემელია ზაზა სარალიძის მთავარი შეკითხვა - ვინ არის მისი შვლის მკვლელი.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG