რუსთავის საქალაქო სასამართლომ 6 ნოემბერს გამართულ პროცესზე დააკმაყოფილა ქვემო ქართლის პროკურატურის პროკურორის ლევან ჯალაღანიას შუამდგომლობა და და ზაზა სარალიძის მიმართ არ გამოიყენა აღმკვეთი ღონისძიების არცერთი ფორმა.
პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ პროცესზე განაცხადა, რომ მტკიცებულებათა შეფასებით და ყველა საფრთხის გათვალისწინებით, არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, რომელსაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი.
ბრალდებამ მოითხოვა ზაზა სარალიძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების თაობაზე წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრა.
მიუხედავად იმისა, რომ სარალიძე სარგებლობს ბრალდებულის სტატუსით, მას შეეზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება რუსთაველის გამზირზე. წვიმასა და ქარში იმყოფებოდა იმ ნივთების გარეშე, რომლებიც, წესით და კანონით, მას ეკუთვნის...ნესტან ლონდარიძე
ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე მიესალმა ბრალდების მხარის შუამდგომლობას და პროცესზე განაცხადა, რომ დაცვის მხარეს სჭირდება დრო სარალიძის უდანაშაულობის დასამტკიცებლად.
მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა წინასასამართლო სხდომა 14 დეკემბრისთვის ჩანიშნა.
„მხარეებს დაევალოთ, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 5 დღისა, ერთმანეთს და სასამართლოს მიაწოდონ სრული ინფორმაცია, რომლის წარდგენასაც სასამართლოში აპირებენ“, - წერია მოსამართლის განჩინებაში.
ზაზა სარალიძეს ბრალი ედება სს კოდექსის 353 მუხლის პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. ბრალდების მხარის მტკიცებით, 26 ოქტომბერს ზაზა სარალიძე ბლაგვი საგნით თავს დაესხა პოლიციელს და შემდეგ ფიზიკურადაც გააგრძელა მასზე თავდასხმა. დანაშაული ისჯება 4-ან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
სასამართლო სხდომის შემდეგ ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ის უდანაშაულოა.
„არ ვეთანხმები ბრალდების ფორმულირებას, ჯერ დაკითხულიც კი არ ვარ“, - თქვა სარალიძემ.
როგორც სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, ის ფაქტი, რომ პროკურატურამ არ გამოიყენა აღკვეთის არცერთი ფორმა, ადასტურებს სარალიძის უდანაშაულობას.
„მიუხედავად იმისა, რომ სარალიძე სარგებლობს ბრალდებულის სტატუსით, მას შეეზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება რუსთაველის გამზირზე. წვიმასა და ქარში იმყოფებოდა იმ ნივთების გარეშე, რომლებიც, წესით და კანონით, მას ეკუთვნის. მას შეეზღუდა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. სწორედ ამ გარემოებამ მიგვიყვანა სასამართლოში“, - განაცხადა ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ. მისივე თქმით, დაზარალებული სასამართლოში წარდგა ბრალდებულის სტატუსით.
„საბრალდებო დასკვნაში წერია, რომ სარალიძემ პოლიციელს დაზიანება მიაყენა ბლაგვი საგნით, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიხილეთ ის ვიდეოკადრი, სადაც კარგად ჩანს, რომ ბლაგვი საგნით ზიანი მიყენებული არ არის“, - განაცხადა სარალიძის ადვოკატმა.
პროკურორ ლევან ჯალაღანიას თქმით კი, ბრალდების მხარის ძირითადი მტკიცებულება ის ვიდეოკადრებია, რომლებიც გავრცელდა.
„დასტურდება, რომ ზაზა სარალიძე ბლაგვი საგნით თავს დაესხა პოლიციელს, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას“, - უთხრა ჟურნალისტებს სასამართლოს სხდომიდან გამოსულმა ლევან ჯალაღანიამ.
მისივე სიტყვებით, რომ დავუშვათ, რომ სარალიძემ ლითონის მილით არ მიაყენა ზიანი პოლიციელს, თავდასხმის ფაქტი მაინც არსებობს. პროკურორის თქმით, სარალიძემ პოლიციელზე ფიზიკური თავდასხმა გააგრძელა პარლამენტის წინ და სამედიცინო დახმარების მანქანაშიც.