Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მეც ვუჩივლებ შალვა რამიშვილს" - ვის მხარეს დგება სახელმწიფო ასეთ დროს?


თუ ძალადობდნენ, ხმა მაშინვე რატომ არ ამოიღე?

ხუთი წლის წინ სად იყავი? გეჩივლა, ვინ დაგიშალა?

ახლა გაგახსენდა, რომ გავიწროებდნენ?

არცთუ ცოტა სვამს ასეთ კითხვებს, როცა რომელიმე ქალი გაბედავს და საჯაროდ მიედავება სექსუალურ შევიწროებაში კაცს, განსაკუთრებით, ცნობილს და გავლენიანს.

მიუხედავად იმისა, რომ კანონი ქალებს იცავს და 2019 წელს მასში ტერმინი „სექსუალური შევიწროებაც“ ჩაიწერა, ქალები მაინც იშვიათად ჩივიან და ამას აქვს თავისი მიზეზი: თითქმის ყველა ქალმა, ვინც ასეთი კაცების მხილება გადაწყვიტა, მათ შორის, მათაც, ვისაც ხელში მტკიცებულებებიც ეჭირა, სასამართლო დავა წააგო. ამ მარცხს ხშირად ისიც ემატება, რომ ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა, ხან ღიად და ხანაც შეფარულად, მოძალადის მხარეს დგება.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, როცა ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ და კიდევ რამდენიმე ქალმა, ტელეკომპანია POSTV-ის დამფუძნებელი და დირექტორი, შალვა რამიშვილი საჯაროდ ამხილა სექსუალურ შევიწროებაში, მათ წინააღმდეგ აგრესიის ტალღა აგორდა.

ერთ-ერთი, ვინც მაკოს შემდეგ ღიად ალაპარაკდა და რამიშვილთან 2018 წლის მიმოწერაც გაასაჯაროვა, გვანცა ბუდაღაშვილი იყო.

ხუთი წლის წინ, როცა გვანცა 22 წლის იყო, სამსახურის დაწყების მიზნით შალვა რამიშვილს შეხვდა და, როგორც იხსენებს, მისი მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა. თუმცა მაშინ გვანცამ დუმილი არჩია - როცა მომხდარი ამბავი ერთ ახლობელ ჟურნალისტ ბიჭს მოუყვა, იმან უპასუხა, „ტელევიზიებში ასე ხშირად ხდება და შენ, აბა, როგორ წარმოგედგინაო“.

გვანცა მაინც აპირებდა, ამბავი საჯაროდ მოეყოლა, მაგრამ მეგობრებმა და ახლობლებმა მალევე გადააფიქრებინეს: რას შეცვლი, რა აზრი აქვს, მაინც არავინ დაგიჯერებს, ისევ შენ გაილანძღებიო.

როცა ხუთი წლის შემდეგ, გვანცამ მაინც გადაწყვიტა მაკო ჯაბუასთვის სოლიდარობა გამოეცხადებინა და შალვა რამიშვილთან მიმოწერის „სქრინები“ ფეისბუკით გაასაჯაროვა, მართლაც ასე მოხდა:

„ჩემ მიმართ ლანძღვის წარმოუდგენლად დიდი ნიაღვარი წამოვიდა, მწერდნენ, რომ მატყუარა ვარ და რომ თითქოს თათია სამხარაძემ გადამიხადა ფული, რომ ეს ამბავი მომეყოლა“.

ჟურნალისტი თათია სამხარაძე ის იშვიათი გამონაკლისია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ, სწორედ სექსუალური შევიწროების საქმეზე მოუგო შალვა რამიშვილს სასამართლო დავა. თუმცა მისთვის ეს ბრძოლა დღემდე არ დასრულებულა.

ბოლო რამდენიმე დღეა თათია სამხარაძე ამბობს, რომ მას რამიშვილის დაფუძნებული ტელეკომპანია POS TV-ის თანამშრომლები ავიწროებენ.

გვანცა ბუდაღაშვილი რადიო თავისუფლებას უფრო დეტალურად უყვება, როგორ დახვდა „გასაუბრებაზე“ მისულს ნასვამი შალვა რამიშვილი და როგორ სთხოვდა, საქმის ნაცვლად, გვანცას თავის „სექსუალურ ფეტიშებზე“ ელაპარაკა.

„ამ ამბის მერე დიდხანს ვფიქრობდი, მე ხომ არ ვიყავი დამნაშავე? იქნებ, როცა ლაპარაკი დავიწყე, საერთოდ არ უნდა ავყოლოდი და არც მეპასუხა? გარემო და საზოგადოება გაიძულებს თავი დაიდანაშაულო. თუ მსგავსი რამ გემართება, პირველ რიგში გეკითხებიან - რა გეცვა? შენ ხომ არ გამოიწვიე? და შენც იწყებ საკუთარი თავის განსჯას... მაგრამ არა, მე არ ვარ დამნაშავე. მე სამსახურის დაწყების იმედით გასაუბრებაზე წავედი და იქ მთვრალი პოტენციური დამსაქმებელი დამხვდა“.

ახლა გვანცა აპირებს, რომ შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივლოს. ამ ეტაპზე ის სამართლებრივ კონსულტაციებს გადის და ამბობს, რომ დავისთვის ემზადება.

„შეიძლება მასთან ბევრს ვერაფერს გავხდე და დავა წავაგო, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო“, – გვეუბნება გვანცა ბუდაღაშვილი.

მსგავსი საქმეების წაგება სხვა ქალებს აფრთხობს. ზოგს კი საერთოდ უქრობს სასამართლოსთვის მიმართვის სურვილს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ბრალდებული კაცი თანამდებობის პირია ან უბრალოდ ცნობილი, პოპულარული ადამიანი.

სულ უფრო მცირდება ქალთა უფლებების დამცველი იმ ადვოკატების რაოდენობაც, ვინც არასამთავრობო სექტორში მუშაობს და ქალებს მათი დახმარების მიღება უფასოდაც შეუძლიათ. ამას გვეუბნება ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ადვოკატი ანა არგანაშვილიც, რომლის აზრით, დღეს ქვეყანამ ასეთი გზა აირჩია:

„მე კანონში ჩავწერე, რომ ქალები დაცულები უნდა იყვნენ, მაგრამ ამის შემდეგ ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათ კანონი ვერ გამოიყენონ“.

რას ნიშნავს ეს?

თუ ქალს, რომელიც სექსუალურად შეავიწროვეს, ისე შეეშინდება (რადგან უყვირიან, მოძალადეს უწოდებენ, დევნიან, სახლთან უსაფრდებიან), რომ სასამართლოზე ხმას ვეღარ ამოიღებს, მას კანონის გამოყენებით ბრძოლის არანაირი ძალა არ რჩება.

ანა არგანაშვილი
ანა არგანაშვილი

ანა არგანაშვილი გვეუბნება, რომ დღეს, საქართველოში, ქალებს აქვთ მხოლოდ ფურცელზე დაწერილი უფლება - მოითხოვონ რეაგირება სექსუალურ შევიწროებაზე.

„შენ იცი, რომ როდესაც ხმას ამოიღებ და უჩივლებ შენს სექსუალურად შემვიწროებელს, სისტემა დაცვის ნაცვლად, შენ დაგსჯის. ამიტომაც აღარ ჩივიან. თუნდაც, ყოფილი საჯარო მოხელის, პაპუნა უგრეხელიძის გახმაურებული საქმე რომ გავიხსენოთ: მან მოიგო საქმე, რომელშიც სახალხო დამცველმა დაადგინა სექსუალური შევიწროების ფაქტი. რისი იმედი შეიძლება ჰქონდეთ ქალებს ამის შემდეგ? მით უმეტეს, მათ, ვისაც მტკიცებულებები არ გააჩნიათ. აღარაფერს ვამბობ ხელისუფლების მხრიდან სავარაუდო მოძალადის მხარდამჭერ განცხადებებზე“.

როდესაც 20 მარტს მაკო ჯაბუამ შალვა რამიშვილის მამხილებელი თავისი ცნობილი პოსტი გამოაქვეყნა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ მას „არადამაჯერებელი“ და „ფაშისტური კამპანიის“ ნაწილი უწოდა. მისი კოლეგა დეპუტატი ნინო წილოსანი კი წერდა, რომ ერთი ხელის მოსმით დასკვნების კეთება ან დაბრალება, არანაკლებ მძიმე ამბავიაო.

„ვინ გააგრძელებს ბრძოლას სასამართლოში, როცა ხედავს, რომ ბრძოლის დასაწყისშივე მას მთელი სისტემა უპირისპირდება? ეს არის სიგნალი, რომ ქალს შანსიც კი არა აქვს, რომ თავისი სიმართლე დაამტკიცოს. კანონი, რომელიც არსებობს, არ არის ჩვენთვის შექმნილი. ის მათთვისაა, ვისაც ამ კანონის გამოყენებაში მმართველი პარტია მხარს დაუჭერს“, - უთხრა ანა არგანაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ეს ის კანონმდებლობაა, რომელმაც, კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის სიტყვებით, ქალები საქართველოში უფლებების დასაცავად „კბილებამდე შეაიარაღა“.

თუმცა ქალთა უფლებების დამცველებს ხელში სხვა ფაქტები უჭირავთ - სასამართლოში წაგებული საქმეები: მათ შორის, ნეკა დოროყაშვილის საქმე ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ, თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანის წინააღმდეგ, ეკა მესხიძე პაპუნა უგრეხელიძის წინააღმდეგ.

ამ საქმეში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა თავის ყოფილ თანამშრომელს, რომელიც მას სექსუალურ შევიწროებას ედავებოდა, თავად უჩივლა და მოუგო - უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2022 წლის გაზაფხულზე გამოიტანა.

უფროსის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე ეკატერინე მესხიძე მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდა საჯაროდ, რაც სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ უგრეხელიძე ყოფილ თანამშრომელს სქესის ნიშნით ავიწროებდა. თუმცა ეს სასამართლოსთვის საკმარისი მტკიცებულება არ გამოდგა. მან მოითხოვა დამატებითი მტკიცებულებები ეკა მესხიძისგან, მუქარაზე, შანტაჟზე, დაცინვაზე, გინებაზე და ა.შ., რაზეც ის ლაპარაკობდა.

„საია“ მიიჩნევდა, რომ სასამართლოს აღარ უნდა შეეფასებინა სახალხო დამცველის მიერ დადგენილი გარემოებები, თუმცა სასამართლომ თქვა, რომ მას კანონით შეეძლო მათი ხელახლა შესწავლა.

„მაშინ რაღა აზრი აქვს სახალხო დამცველის მექანიზნის არსებობას საერთოდ? რისთვის აქვს მინიჭებული მას ეს უფლება, განიხილოს დისკრიმინაციის საქმეები და გამოსცეს რეკომენდაცია?“, - ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი შორენა ლოლაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

იურისტის შეფასებით, სასამართლომ მტკიცების ტვირთი მსხვერპლზე გადაიტანა. თუმცა შორება ლოლაძე მიიჩნევს, რომ მაშინ, როცა მსგავსი ფაქტი ხდება სამსახურში, დახურულ სივრცეში, სხვა ადამიანების ჩარევის გარეშე, საკამათოა თავად მტკიცების სტანდარტიც - როცა სასამართლო მსხვერპლისგან მოითხოვს მყარ მტკიცებულებებს - ვიდეოს, აუდიოს, ფოტოს და ა.შ. მტკიცების ტვირთის კარგი სტანდარტი ის იქნებოდა, თუ სასამართლო პოტენციურ შემავიწროებელს დაავალებდა, მას გაექარწყლებინა მსხვერპლის მიერ მითითებული ფაქტები.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG