Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანი სამხარაძეზე: ქალი ჩვენს ქვეყანაში კბილებამდე შეიარაღებულია, რომ თავი დაიცვას


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ დღეს საქართველოში ქალს კანონი აძლევს შესაძლებლობას საკუთარი უფლებები დაიცვას. ასე უპასუხა მან მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტს, რომელმაც თათია სამხარაძის შესახებ ჰკითხა თათია სამხარაძის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე.

"არ ვიცნობ ამ ქალბატონს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის და რას წარმოადგენს. სწორედ აღნიშნეთ და სავსებით სამართლიანად, რომ მე ვარ ის ქალი მინისტრი, ვინც 2014 წლის 19 ივნისს სტრასბურგში გენმდივან ტორბიორნ იაგლანდთან ერთად ხელი მოვაწერე ისეთ ფუძემდებლურ დოკუმენტს ქალთა უფლებების დაცვის სფეროში, რომელსაც ჰქვია სტამბოლის კონვენცია, შემდეგ, იუსტიციის მინისტრობისას ფუნდამენტურ რეფორმას ჩავუდექი სათავეში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რატიფიკაცია გააკეთა ქალთა უფლებებისთვის, გოგონებისა და ქალთა უფლებებისთვის, ამ კონვენციის რატიფიცირება პარლამენტში მოხდა.

შესაბამისად, მე არ შეიძლება, მქონდეს განსხვავებული პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობ სიტუაციას, გარდა იმისა, რომ ქალის უფლებები უნდა იყოს დაცული. ვინც არ უნდა იყოს ის, გვარად სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, რომ კანონით დღეს ქალი ჩვენს ქვეყანაში არის ბოლომდე კი არა, კბილებამდე შეიარაღებული, რათა თავისი უფლებები დაიცვას. იმედი მაქვს, თუკი მისი უფლებები დაირღვა, ის ამას შეძლებს", - თქვა თეა წულუკიანმა.

ბოლო რამდენიმე დღეა ჟურნალისტი თათია სამხარაძე ამბობს, რომ მას ტელეკომპანია POS TV-ის თანამშრომლები ავიწროებენ. ეს არის არხი, რომლის ხელმძღვანელია შალვა რამიშვილი - კაცი, რომელსაც სამხარაძე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა და ორი ინსტანციის სასამართლო მოუგო 2018 წელს.

რამდენიმე დღის წინ, 24 მარტს ამ არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თათია სამხარაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს დიმიტრი ჩიქოვანს გატაცებული შესაძლოა ჰყოლოდა. დიმიტრი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტის ცრუ დასმენის საფუძველზე პროვოკაცია მოუწყვეს.

ტელეკომპანია POS TV ამტკიცებდა, რომ მისთვის ცნობილი გახდა „საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმას დიმიტრი ჩიქოვანსა და თათია სამხარაძეს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ: „სამხარაძესა და ჩიქოვანს შორს კონფლიქტი თანხის ოდენობას უკავშირდება, რომელსაც კეზერაშვილის ცოლისძმა სამხარაძეს შალვა რამიშვილის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ორგანიზების სანაცვლოდ დაჰპირდა. ... გადამღებ ჯგუფს წყარომ მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა თათია სამხარაძე ყოფილიყო გატაცებული, რადგან ჩიქოვანსა და სამხარაძეს შორის დღეს მწვავე კონფლიქტი მოხდა“.

გატაცებისა და რაიმე სახის კონფლიქტის არსებობა უარყო როგორც დიმიტრი ჩიქოვანმა, ასევე თათია სამხარაძემ.

"ანერვიულეს ჩემი ოჯახი და ახლობლები. ეს არის უბინძურესი და მიზანმიმართული ჰიბრიდული სპეცოპერაცია ჩემ დასაშინებლად, გასანადგურებლად და გასაჩუმებლად! ყველაფერი რასაც პოსტივი ავრცელებს არის ფალსიფიცირებული ჩემი ფსიქოლოგიური ტერორისთვის… მიუხედავად ამ ორკესტრირებული პროვაკაციისა, მე არ შევწყვეტ მსხვერპლი ქალების დახმარებას და კონსულტირებას სამართლის პოვნის გზაზე!" - წერდა სამხარაძე "ფეისბუკზე".

უფრო ადრე, გასულ კვირაში "ტაბულას" ყოფილმა ჟურნალისტმა შალვა რამიშვილი 7-8 წლის წინ, მისდამი განხორცილეებულ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამას მოჰყვა სხვა ქალების მხრიდან მსგავსი ბრალდებების გაჟღერება. სამხარაძე მათ მხარდაჭერას უცხადებდა.

XS
SM
MD
LG