როდესაც ექსტრემისტებმა ლევან ბერძენიშვილს ყვარელში ლექციის წაკითხვის საშუალება არ მისცეს, ამან ბევრი ადამიანი აღაშფოთა. ეს ბუნებრივი რეაქცია იყო: ზოგი რამ ისე ცხადია, რომ ამაზე ადამიანები არ უნდა კამათობდნენ. და აქ არაფერ შუაშია, ეთანხმები თუ არა ლევან ბერძენიშვილს. მეც ბევრ რამეზე არ ვეთანხმები, მათ შორის არც იმაზე, რომ ერეკლე მეორეს შეიძლება სამართლიანად უწოდო „მოღალატე“, თუმცა სავსებით შეიძლება, მკაცრად გააკრიტიკო რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატის დადებისთვის. მაგრამ თუ ვიღაცას მისი მოსმენა უნდა, ასეთი კი საქართველოში, მათ შორის, ყვარელში, არც ისე ცოტაა, არავის აქვს უფლება, მას ამაში ხელი შეუშალოს.
ამ ანბანური ჭეშმარიტების კიდევ ერთხელ გასამეორებლად ფეისბუკზე პოსტიც საკმარისი იქნებოდა. მაგრამ მომხდარის ანალიზიც გვინდა. ჩვენს ქვეყანაში ბევრი ცუდი რამე ხდება, განსაკუთრებით ამ ბოლო ხანს. მაგრამ ყვარლის ეპიზოდი რაღაცნაირად ახალიცაა. მოძალადე ჯგუფები ლექციების კითხვასაც არ გვანებებენ და მერე სიამაყით იძახიან, „ეს ქვეყანა ჩვენიაო“. რას ნიშნავს ეს? საითკენ მივდივართ?
კიდევ ერთი მარტივი ჭეშმარიტებით დავიწყებ: ეს ქვეყანა „ალტ-ინფოსი“ არ არის. დღეს ის არის ბიძინა ივანიშვილის, ხოლო „ალტ-ინფო“ მისი ერთ-ერთი მოკავშირეა მრავალთაგან. არაა აუცილებელი, ვიცოდეთ, კონკრეტულად ვინ დაგეგმა ყვარლის აქცია თუ ვისთან იყო ის შეთანხმებული. ფაქტია, რომ შეკრებილი აუდიტორიის უფლება, მათთვის საინტერესო ლექტორისთვის მოესმინათ, არავინ დაიცვა (თუმცა სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ ეს გააკეთოს), ხოლო მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ მოძალადეებს ღიად გამოუცხადა სოლიდარობა.
შეიძლება, ამ ინციდენტიდან გამოვიტანოთ დასკვნა (რომელსაც სოციალურ ქსელებში არაერთხელ წავაწყდი), რომ „ფაშიზმისკენ მივდივართ“? მე მგონი, არა. ეჭვი არ მეპარება, რომ „ალტ-ინფოს“ და მსგავსი ჯგუფების კუნთმაგარ (ან არც ისე) ბიჭებს მუსოლინის და ჰიტლერის შავ- თუ ყავისფერმაისურიან მუტრუკებს ბევრი რამ ამსგავსებთ. მაგრამ ასეთი მუტრუკები ყველგან არიან. მთავარია პოლიტიკური კონტექსტი. ჯერჯერობით არა გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ „ალტ-ინფო“ და მისი ანალოგები თავისთავად დიდი ძალაა: ისინი რაღაცას წარმოადგენენ იმ პოლიტიკურ ფონზე, რომელსაც „ქართული ოცნების“ გაბატონებული მდგომარეობა ქმნის. არავინ იცის, მომავალი რას გვიმზადებს, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, ფაშისტური ტიპის დიქტატურის პერსპექტივა იყოს ჩვენი მთავარი საფრთხე.
არც იმათ ვეთანხმები, ვისაც სხვა დროს, ჯვრებით შეიარაღებული მოძალადეების შემყურე უთქვამს, რომ მალე ირანის მსგავსი თეოკრატია გავხდებით. რელიგიური ექსტრემიზმი სხვაზე ნაკლებად არ მაშფოთებს - მაგრამ ასეთი ჯგუფების გაჯეჯილებაც, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ მმართველობას უკავშირდება. ამ განწყობის ხალხი ხელისუფლების წახალისების გარეშეც იარსებებდა, მაგრამ რამდენს მიაღწევდა, ეს არ ვიცით.
ის, რაც კი არ გვემუქრება, არამედ არსებითად უკვე გვაქვს, არის ჰიბრიდული, იდეოლოგიურად ეკლექტური დიქტატურა, რომელიც მთლად დიქტატურა არც არის. ასეთი სისტემა საქართველოს სპეციფიკას არ შეადგენს: ეს ბოლო პერიოდის ტენდენციაა. ამგვარი რეჟიმების დეტალები განსხვავდება ადგილობივი თავისებურებებიდან გამომდინარე, მაგრამ არსი მსგავსია.
გინდა ფაშიზმი/ნაციზმი, გინდა ირანის სტილის თეოკრატიული მმართველობა საჭიროებს მეტ-ნაკლებად მკაფიო იდეოლოგიურ საფუძველს და ამ იდეოლოგიის გარშემო შექმნილ გამართულ ორგანიზაციას, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილის აყოლიება შეუძლია. ამის პოტენციალს ამ მოძალადე ექსტრემისტულ ჯგუფებში ჯერჯერობით ვერ ვხედავ.
ის, რაც უკვე გვაქვს, ემყარება არა რაიმე იდეოლოგიის თუ მრწამსის ზეობას, არამედ ცინიზმს. ამოსავალია ძალაუფლების ინტერესი, ხოლო მის შესანარჩუნებლად უნდა გააკეთო ნებისმიერი რამ, რაც საჭიროა და გაგივა. ხოლო დემოკრატიის ეპოქაში, სხვა ყველაფერთან ერთად, საჭიროა ოპონენტების დისკრედიტაცია და საზოგადოების რაღაც ნაწილის მხარდაჭერა ან მხარდაჭერის დემონსტრირება. კერძოდ რა მეთოდებით მიიღწევა ეს, ნაკლებმნიშვნელოვანია.
„ქართული ოცნების“ მმართველობის განხილვა გინდა „მემარჯვენე“, გინდა „მემარცხენე“ იდეოლოგიების კონტექსტში (რა აზრსაც არ უნდა ვდებდეთ ამ სიტყვებში) არაპროდუქტიულია. ეს ხელისუფლება ემყარება დაშვებას, რომ პოლიტიკის იდეოლოგიებთან, ღირებულებებთან დაკავშირება გულუბრყვილობაა. ადამიანთა უმრავლესობას ამოძრავებს არა რაციონალური კონსტრუქციები, არამედ ღრმად გამჯდარი შიშები (ომის და არეულობის შიში, ცხოვრების ჩვეული წესის უცხო ძალის მიერ შეცვლის შიში, ანალური გაუპატიურების შიში და ა. შ.); პოლიტიკოსებს ამ შიშებით მანიპულაცია უნდა შეეძლოთ. ჩვენი ხელისუფლება ამას საკმაოდ წარმატებით ახერხებს. ამისთვის შეიძლება სრულიად განსხვავებული რწმენის ხალხი გამოგადგეს: ფაშისტები, რელიგიური ფანატიკოსები, ახალი მემარცხენეები, საბჭოთა ნოსტალგიით შეპყრობილი კონსერვატორები, საბაზრო თავისუფლების მომხრე ლიბერტარიანელები და ა.შ. რა მნიშვნელობა აქვს?
ასეთი ხელისუფლების ქმედებები იმიტაციურია: რასაც ის აკეთებს, შეიძლება სრულიად სხვადასხვა პოლიტიკური ძალის რეპერტუარი მოგვაგონოს. მაგალითად, ლევან ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლის ეპიზოდი ჰგავს არა რომელიმე ფაშისტური ჯგუფის მეთოდებს, არამედ ე.წ. გაუქმების კულტურას (cancel culture), რომელსაც ამერიკული უნივერსიტეტების კამპუსებში იდეოლოგიურად „გამოღვიძებული“ (woke) მემარცხენე სტუდენტები წარმოადგენენ. შესაძლოა, ეს შედარება ბევრს გაუკვირდეს. „გამოღვიძებული“ სტუდენტები თანასწორობას ქადაგებენ და ჩაგრული ჯგუფების დამცველებად მოაქვთ თავი - განსხვავებით „ალტ-ინფოსგან“, რომელიც უმრავლესობას იცავს თავხედი უმცირესობებისგან. მაგრამ ეს განსხვავება აქ მეორეხარისხოვანია: მთავარია საკუთარ წრეში მიღებული ორთოდოქსიის ბრმა ერთგულება და რწმენა, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც მას არ იზიარებს, შეიძლება და უნდა გააჩუმო. „გამოხატვის თავისუფლება“ ეშმაკისაა. „ვოუქისტებსაც“ წარმატებით ჩაუშლიათ ბევრი ლექცია, ზუსტად ისევე, როგორც ყვარელში ლევან ბერძენიშვილს არ მისცეს თავის მსმენელებთან შეხვედრის საშუალება.
ამ შემთხვევაში განსხვავებულია არა მეთოდები და ზოგადი სულისკვეთება, არამედ პოლიტიკური კონტექსტი. „გაუქმების კულტურა“ არის ამერიკის აკადემიურ და, ზოგადად, კულტურის ინსტიტუტებში გავლენისთვის ბრძოლის ინსტრუმენტი. „ვოუქისტები“ ჯერჯერობით ვერ ამბობენ, „ეს ქვეყანა ჩვენიაო“, თუმცა პრეტენზია აქვთ, რომ საუნივერსიტეტო სივრცე მათია - და ეს პრეტენზია არც მთლად უსაფუძვლოა. რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბს, მათ არც ერთი პარტია არ უჭერს მხარს, მათ შორის არც დემოკრატების ზომიერი და, ჯერჯერობით, გაბატონებული ფლანგი. განათლებულ და საღად მოაზროვნე ამერიკელთა შორის სულ უფრო იზრდება ვოუქისტური ექსტრემიზმისგან მომდინარე საფრთხის გააზრება, რაც ქმნის იმის იმედს, რომ მათ საუნივერსიტეტო სივრცეშიც შეეზღუდებათ გავლენა.
ქართული „გაუქმების კულტურა“, ჯერჯერობით, სხვა არაფერია, თუ არა ერთ-ერთი იარაღი ხელისუფლების ხელში. ეჭვი არ შემაქვს „ალტ-ინფოს“ და მსგავსი ორგანიზაციების აქტივისტების გულწრფელობაში: მათ შეიძლება მართლა ეგონოთ, რომ ქართულ ეროვნულ ღირსებას იცავენ, ხოლო ლევან ბერძენიშვილი სატანის მოციქულია. მაგრამ ეს არ აუქმებს იმ ფაქტს, რომ ისინი ერთ-ერთი ელემენტი არიან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტ-ტექნოლოგიაში. ეს რეჟიმი მათი გამოყენებისას სრულიად ცინიკურია. მისი გურუ, ვლადიმირ პუტინი დასცინის ამერიკას „გაუქმების კულტურის“ გამო, ბიძინა ივანიშვილი კი სწორედ მის მეთოდებს იყენებს; ამაში არავითარი წინააღმდეგობა არ არის.
ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.