Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ დააფინანსებს რესტორნებში დასაქმებულთა PCR-დიაგნოსტიკას - ჯანდაცვის სამინისტროსა და ბათუმის კლუბების შეთანხმება


ქობულეთის ზღვისპირა კაფე „ჰავანაში“ დასაქმებულ ქალს კორონავირუსი 15 აგვისტოს დაუდგინდა.
ქობულეთის ზღვისპირა კაფე „ჰავანაში“ დასაქმებულ ქალს კორონავირუსი 15 აგვისტოს დაუდგინდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ბათუმის ბულვარში არსებული მსხვილი რესტორნებისა და კლუბების მფლობელები ერთმანეთს 20 აგვისტოს შეხვდნენ.

შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, განაცხადა, კვების ობიექტების, კლუბებისა და სასტუმროს თანამშრომლებისთვის PCR-დიაგნოსტიკა სავალდებულო გახდება, ღირებულებას კი მთლიანად კერძო სექტორი დაფარავსო.

თუმცა შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ PCR-ტესტირების საფასურს, რომელიც საქართველოში 150-250 ლარი ღირს, სახელმწიფო ნაწილობრივ დაფარავს, ტურისტული ობიექტების მფლობელებს კი მომხმარებლებთან უშუალო კონტაქტში მყოფი ყოველი თანამშრომლის ტესტირებაში მხოლოდ 50 ლარის გადახდა მოუწევთ. კორონავირუსის გამოსავლენი ტესტის ჩატარება ყოველ კვირაში იქნება სავალდებულო.

შეთანხმების დაცვა ბათუმის ბულვარში მოქმედ 11 მსხვილ რესტორანსა და კლუბს ტურისტული სეზონის ბოლომდე მოუწევთ. მათ შორისაა რესტორანი „ვერანდა აკროპოლისი“. მისი დამფუძნებელი, ირაკლი თავართქილაძე, ამბობს, რომ რესტორანს დადგენილი შეზღუდვების გამო მაქსიმუმ 250 სტუმრის მიღება შეუძლია, დასაქმებული კი 80 ადამიანია:

„პრევენციისა და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, იმ თანამშრომლებს, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ ჩვენს კლიენტებთან, - და ესენი ძირითადად მიმტანები არიან, - ჩაუტარდებათ ტესტირება სახელმწიფოს თანადაფინანსებით. ჩვენ მივაწოდეთ ჩვენი თანამშრომლების სიები და ველოდებით. მოვლენ ჩვენთან და მიმტანებს გაუკეთებენ PCR-ტესტებს. ამით ვიქნებით დაცულები ჩვენ და ჩვენი სტუმრები“.

ირაკლი თავართქილაძისავე თქმით, ამ წინადადებაზე დათანხმების სანაცვლოდ, ჯანდაცვის სამინისტროს მოსთხოვეს ბათუმის თვითმმართველობასთან შუამდგომლობა, რომ დროებით მოუხსნას საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადი, რომელიც, კორონავირუსის პანდემიით შექმნილი კრიზისის გამო, მძიმე ტვირთად აწევს ბიზნესს:

„წლევანდელი წელი ყველაზე მძიმე წელია - ნახევარი წელი ჩვენ დახურული ვიყავით, მომდევნო თვეებში კი, სავარაუდოდ, ისევ შემოიღებენ რეგულაციებს. ამიტომ, როგორც თბილისის მერიამ წელს იჯარები მთლიანად მოუხსნა სარესტორნო ბიზნესს, რადგან ძალიან რთული ვითარებაა და ვცდილობთ ადამიანები დავასაქმოთ. ასე რომ, ველოდებით მოხსნას და ეს იქნება ძალიან კარგი თანამშრომლობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. ჩვენ ვიღებთ ბენეფიტებს და სამაგიეროდ ვიღებთ დიდ ხარჯებს. მოგეხსენებათ, 80 თანამშრომლიდან მინიმუმ 40-ს უნდა გაუკეთდეს ტესტირება ყოველ კვირაში. ეს კი საკმაოდ დიდი თანხაა. ვფიქრობ, სახელმწიფო ამაზე წამოვა“, - ამბობს ირაკლი თავართქილაძე.

ნინო ნიჟარაძე კი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, პასუხად კერძო სექტორს მოუწოდებს, თავად მიმართონ ბათუმის თვითმმართველობას საგადასახადო შეღავათების საკითხზე:

„თუ პირადად მიმართავენ, იმავე ხარისხით მოხდება ინტერესების გათვალისწინება, რა ხარისხითაც ჩვენი მიმართვის შემთხვევაში - თუ ეს დასაშვები და შესაძლებელია. ეს კონკრეტული ფაქტი კი იმდენად არ დააზარალებს კერძო სექტორს, რაც შესაძლოა, მას დაუდგეს ხვალ ან ერთი კვირის შემდეგ - თუ იქ შემთხვევა აღმოჩნდება, უფრო სავალალო შედეგს მოუტანს. ამიტომ იდეალური გამოსავალია მონიტორინგის დაწესება სახელმწიფო დაფინანსების მეტი წილით, ანუ ჩვენ ამ დათმობაზე წავედით“.

ნინო ნიჟარაძე
ნინო ნიჟარაძე

ნინო ნიჟარაძისავე თქმით, თუ თავდაპირველად დაავადებათა კონტროლის ცენტრთან შეთანხმდნენ, რომ PCR-დიაგნოსტიკა სავალდებულო იქნებოდა ყველა ტურისტული ობიექტის თანამშრომლებისთვის, ახლა ჩამონათვალში აღარაა სასტუმრო სექტორი და მცირე კვების ობიექტები. თუმცა, თუ ეპიდსიტუაცია გართულდა, შესაძლოა ამის საჭიროება მომავალში დადგეს:

„პირველ რიგში, ეს ეხება ყველაზე ხალხმრავალ ობიექტებს, რისკის ზონებს. ესენია სანაპიროზე მდებარე კლუბები და მსხვილი რესტორნები. თუმცა, როცა ამათი შემოწმება დასრულდება, ვნახავთ, თანამშრომლების ტესტირებით რას მივიღებთ და შესაძლოა ეს გაგრძელდეს ჩვეულებრივი კვების ობიექტებშიც. თუმცა, თუ ეს ობიექტები პროტოკოლს ზუსტად დაიცავენ და დადებითი შემთხვევებიც არ გვექნება, ამის საჭიროება არ დადგება“.

იმ შემთხვევაში, თუ PCR-ტესტირება ყველა ტურისტული ობიექტის თანამშრომლებისთვის სავალდებულო გახდება, ეს კიდევ უფრო გაზრდის ხარჯს, რომელმაც ისედაც მოიმატა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი სანიტარიულ-ჰიგიენური ზომების დაცვის გამო.

ამასთან, შემოსავლები ტურისტულ ობიექტებს შეუმცირდათ, რადგან, როგორც ამბობენ, უცხოელი ტურისტების ქვეყანაში ვერშემოსვლის გამო მათ ფასები საქართველოს მოქალაქეების გადახდისუნარიანობას მოარგეს. გარდა ამისა, მცირე რესტორნების მეპატრონეების ნაწილი აცხადებს, რომ მდგომარეობას ართულებს პროდუქტებზე ფასების ზრდაც. ამიტომ ისინი, თუმცა ჯერ, მართალია, არ აქვთ ვალდებულება, თანამშრომლებს პისიარ-ტესტი ჩაუტარონ, მაგრამ, რომ გახდეს საჭირო, სახელმწიფოს თანადაფინანსების შემთხვევაშიც კი ამას ვერ შეძლებენ.

„70-80%-ით შემცირებულია ჩვენთან ვაჭრობა. ხარჯი გაიზარდა, იმიტომ რომ ძალიან გაძვირდა ყველაფერი. გადასახადებზე შეღავათები კი არ გვაქვს. მომხმარებელიც შემცირდა - უცხოელ ტურისტებზე ვმუშაობდით. მაგით ვიყავით ჩვენ. იძულებულები ვიქნებით დავხუროთ რესტორანი და თანამშრომლები გავუშვათ. ჩვენი შემოსავლით, ამ პანდემიის შემდეგ რაც გვაქვს, ვერ მოვახერხებთ, რომ თუნდაც ერთ ადამიანს გავუკეთოთ ტესტი. ჩვენ 30 თანამშრომელი გვყავს“, - ამბობს ლელა ხვიჩია, რესტორან „ბალაგანის“ ფინანსური მენეჯერი.

„კი, ტესტი ძალიან კარგია, მაგრამ ბიზნესის დაფინანსებით ამის ჩატარება იქნება ძალიან რთული, იმიტომ რომ ძალიან კრიზისული მდგომარეობაა. ძალიან გაზრდილი გვაქვს ხარჯი. თუ გახდება სავალდებულო, დამატებითი ხარჯი დაემატება“, - გვითხრა კაფე „პრივეტ იზ ბატუმას“ და კაფე „პორტო ფრანკოს“ მენეჯერმა, ლანა ჩიხლაძემ.

ზღვის პირას მდებარე მსხვილ ტურისტულ ობიექტებში დასაქმებულთა სავალდებულო ტესტირება კი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ე.წ. ქობულეთის კლასტერი გამოვლინდა. ქობულეთის ზღვისპირა კაფე „ჰავანაში“ დასაქმებულ ქალს კორონავირუსი 15 აგვისტოს დაუდგინდა. მომდევნო დღეებში კი მასთან კონტაქტში მყოფ კიდევ 4 ადამიანს გამოუვლინდა ვირუსი. 21 აგვისტოს დადებითი პასუხი მოუვიდა PCR- ტესტზე ქობულეთში ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე კაცს.

XS
SM
MD
LG