23 აგვისტოს გერმანიაში პანკისის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამის წარმომადგენელი მუსა პანკისელი (მურაზი გოდერძიშვილი).
„გული ტირის თვალი კი ცრემლებს ვერ ერევა... დღეს დღის თორმეტ საათზე გერმანიაში მუხანათურად მოკლეს ჩვენი უფროსი ძმა ზელიმხან ხანგოშვილი...“ - წერს მუსა პანკისელი.
სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. „ადგილობრივების ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისათვის, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკავებული'' - იტყობინება სააგენტო.
ზელიმხან ხანგოშვილს ადრეც დაესხნენ თავს. 2015 წლის 28 მაისს თბილისის ცენტრში უცნობმა ბოროტმოქმედმა რამდენჯერმე ესროლა მას და მიიმალა. თავდასხმის მომენტში ხანგოშვილი იმყოფებოდა თავის ავტომობილში, რომელთანაც მიირბინა ახალგაზრდა მამაკაცმა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ზელიმხან ხანგოშვილმა ჭრილობები მიიღო ხელისა და მხრის არეში. დაჭრილმა თვითონ შეძლო საავადმყოფოში მისვლა, სადაც მას ოპერაცია გაუკეთეს. ზელიმხან ხანგოშვილის მეგობარმა, საიხან მუზაევმა გამოთქვა ვარაუდი, რომ თავდასხმა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო მოწყობილი.
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასა და საქართველოში მასზე წლების წინ განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა თამთა მიქელაძე, "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელი. ის საკუთარ ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ საქართველოს პროკურატურამ არაფერი გააკეთა 4 წლის წინ მომხდარი თავდასხმის საქმის ეფექტიანი გამოძიებისთვის და გამოძიების პირველივე ეტაპზე მნიშვნელოვანი შეცდომები იყო დაშვებული.
ზელიმხან ხანგოშვილის ვინაობა ცნობილი გახდა 2012 წლის აგვისტოში ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ. სწორედ ხანგოშვილმა იკისრა მაშინ შუამავლობა შეიარაღებულ ჩეჩნებსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანგოშვილი მონაწილეობდა რუსეთ-ჩეჩნეთის ომში და ამის გამო იძებნებოდა რუსეთის პოლიციის მიერ. რუსეთის მედია მას ხშირად მოიხსენიებდა როგორც „დოკუ უმაროვის წარმომადგენელს საქართველოში“.
2015 წელს მომხდარი თავდასხმის შემდეგ განცხადება განცხადება გააკეთა სუს-ის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმაც.
"ოჯახის განცხადება გასაგებია, მაგრამ გამოძიება მიმდინარეობს და ვერავინ იტყვის, ეს რუსულმა სპეცსამსახურებმა გააკეთეს, სხვა ქვეყნის, თუ ჩვენმა მოქალაქემ. გამოძიება მიმდინარეობს და ეს ცნობილი გახდება, როგორც კი დავადგენთ", - აღნიშნა გომელაურმა.