ავტორი: სოფია რომანოვა
ჩეჩნეთის ხელისუფლება ტრადიციებზე ზრუნვით ხსნის კულტურის სამინისტროსთან შეუთანხმებლად არტისტების გამოსვლების აკრძალვას, მაგრამ ჩეჩნეთის საზოგადოებაში სხვა მიზეზებზეც საუბრობენ, მაგალითად, სურვილზე, რომ სცენაზე დარჩნენ და ჰონორარი მიიღონ მხოლოდ იმ არტისტებმა, რომლებიც საქებარ ოდებს უმღერიან ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის, ოჯახს.
აღმზრდელობითი მუშაობა „თვითნება“ მომღერლებისთვის
ჩეჩნეთში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს მკაცრად აკონტროლებს, ხელი მიჰყვეს დამოუკიდებელი არტისტების შემოქმედებას. ცოტა ხნის წინ რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა ხოჟ-ბაუდი დააევმა ადგილობრივი ტელეკომპანიის კამერების წინ გვარიანად დატუქსა მოყვარული მომღერლები, რომლებიც „თვითნებურ“ გამოსვლებს აწყობენ.
მინისტრი აცხადებს, რომ ეს იყო იძულებითი ზომაა, რადგან ადრინდელმა საუბრებმა დამოუკიდებელ შემსრულებელებთან შედეგი არ გამოიღო. ჩეჩნეთის საზოგადოებაში კი ასეთ აკრძალვას მიიჩნევენ ხელისუფლების მცდელობად, მონოპოლია დააწესოს შემოქმედებაზე. ასე ფიქრობს ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი, რომელიც აცხადებს, რომ ასეთ აკრძალვას არაფერი აქვს საერთო „ჩეჩნურ ტრადიციებზე ზრუნვასთან“.
„ეს გააკეთეს კონკურენციის განადგურების მიზნით. ცხადია, რომ ამ ახალგაზრდებმა პოპულარობა მოიხვეჭეს და მათი შემოქმედება უფრო იაფი ღირს, ვიდრე კადიროვის ფავორიტი არტისტებისა... და გადაწყვიტეს ამგვარად გასწორებოდნენ მათ“, - მიიჩნევს აბდურახმანოვი.
ამასობაში, ჩეჩნეთის კულტურის სამინისტროში კონტროლის ქვეშ აიყვანეს საქორწინო ღონისძიებები. ხოჟ-ბაუდი დააევის თანახმად, „მუშაობა ჩატარდა“ საბანკეტო დარბაზების მესაკუთრეებთან, რათა არაოფიციალურმა არტისტებმა მათთან არ გამართონ წარმოდგენები.
გროზნოს ერთ-ერთი საბანკეტო დარბაზის თანამშრომელმა მინისტრის ეს სიტყვები დაადასტურა. მან გვიამბო, რომ სამინისტროს წარმომადგენლებმა მოითხოვეს ყველა იმ არტისტის მონაცემები, რომლებიც საბანკეტო დარბაზებში გამოდიან.
გროზნოში მდებარე სხხვა საბანკეტო დარბაზში აღნიშნეს, რომ არ არსებობს აკრძალული და ნებადართული არტისტების სია. „მოწვეული არტისტი თავად უნდა შეუთანხმდეს კულტურის სამინისტროს და მიიღოს მისგან ნებართვა“, - განმარტა თანამესაუბრემ.
„შენი თავი ღმერთმა გვიბოძა“
არტისტების გამოსვლაზე ცენზურის დაწესება შესაძლოა ასევე უკავშირდებოდეს იმას, რომ დამოუკიდებელი მომღერლები, კულტურის ოფიციალურ მოღვაწეთაგან განსხვავებით, პრაქტიკულად არ უძღვნიან სიმღერებს კადიროვთა კლანის ოჯახის წევრებს.
კადიროვთა მადიდებელი ჟანრის ფუძემდებლად ჩეჩნეთში ითვლება არტისტი ქალი, მაკა მეჟიევა. მისმა კომპოზიციამ, სახელწოდებით „ბენოი კლანტ“ („ბენოის მოდგმის შვილი“), სათავე დაუდო სიმღერებში ჩეჩნეთის ლიდერისა და მისი ნათესავების განდიდების ტენდენციას.
„ამ ცხოვრებაში შენ ხარ ჩვენთვის მეტად ძვირფასი
და სასურველი, შენი თავი ღმერთმა გვიბოძა;
რაკი შენ გვყავხარ, სიძნელისაც არ გვეშინია,
რადგან სრულდება ყველაფერი, რასაც შენ ამბობ“ , -
ასე უმღერის ერთ-ერთ სიმღერაში რამზან კადროვს მაკა მეჟიევა.
და არამხოლოდ რამზანითა ერთითა. მუსიკალური აღიარება მომღერალმა ქალმა მოიპოვა რეგიონალური ლიდერის ოჯახის სხვა წევრებზე - რამზან კადიროვის მამაზე, დედასა და ცოლზე - შესრულებული სიმღერებით.
მაკა მეჟიევას წყალობით, კადიროვების სიმღერით გაღმერთება გაბატონებულ ტენდენციად იქცა ჩეჩნეთში. ახალგაზრდა შემსრულებელ ისა ესამბაევს იოლად შეუძლია გაეჯიბროს მეჟიევას კადიროვებზე შესრულებული სიმღერების რაოდენობით.
„შენ გაბედულად დაგვანახვე გზა ჭეშმარიტი,
სიძნელეების უამრავჯერ გადამლახავმა.
და შემდეგ, ახმატ, დრო დაგვიდგა გამარჯვებების,
უფლის წყალობით მოგვიტანე ეს გამარჯვება“, - უმღერის ესამბაევი ახმატ კადიროვს, ჩეჩნეთის დღევანდელი ლიდერის მამას.
ასეთი მუსიკალური მოდის პირობებში, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლებისათვის მიუღებელი გახდა ყველა არტისტი, ვინც არ უმღერის კადიროვს. ამიტომაც ცდილობენ, რომ ისინი არ დაუშვან სცენაზე