ქუთაისში ვიზიტორთა მნიშვნელოვან მატებაზე ლაპარაკობენ ქალაქის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში და ამ მხრივ გასულ აგვისტოს მიიჩნევენ ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე წარმატებულად. ტურისტების მატების პარალელურად, სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და ახალი ატრაქციების შეთავაზების საჭიროებაზე მიუთითებენ ტუროპერატორები, თავად ვიზიტორები კი ამბობენ, რომ ქუთაისში ძირითადად ერთი ან ორი ღამით რჩებიან და შემდეგ სხვა ადგილებში აგრძელებენ მოგზაურობას.
ტურიზმი ქუთაისში
- ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მონაცემებით, მიმდინარე წლის 8 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 80 %-ითაა მომატებული ქალაქში იმ ვიზიტორთა რაოდენობა.
- ვიზიტორები ამბობენ, რომ ქუთაისში ძირითადად ერთი ან ორი ღამით რჩებიან და შემდეგ სხვა ადგილებში აგრძელებენ მოგზაურობას.
- სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და ახალი ატრაქციების შეთავაზების საჭიროებაზე მიუთითებენ ტუროპერატორები.
ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მონაცემებით, მიმდინარე წლის 8 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 80 %-ითაა მომატებული ქალაქში იმ ვიზიტორთა რაოდენობა, რომლებმაც ცენტრს მიმართეს. ცენტრის ხელმძღვანელის ტატო ლილუაშვილის განცხადებით, აგვისტოში საინფორმაციო ცენტრი მოემსახურა 4 344 ვიზირტორს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო ქალაქის ტურიზმის სამსახურის არსებობის 8 წლის განმავლობაში. ტატო ლილუაშვილისავე ინფორმაციით, ვიზიტორთა დიდი ნაწილი ქუთაისში ევროპის ქვეყნებიდან ჩამოდის:
„ჩვენთან მომსახურების მიღების მიხედვით, პირველ ადგილზეა გერმანია, მეორეზეა პოლონეთი, მესამეზე - ჩეხეთი. შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. ჩვენ გვიხარია და ვფიქრობთ, ჩვენი წვლილიც არის და შედეგი გამოიღო იმ აქტივობებმა, რომლებიც გაზაფხულზე განვახორციელეთ, ტურისტული გამოფენებისა და საინფორმაციო შეხვედრების სახით“.
ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ტურისტების სიმრავლეზე ლაპარაკობენ რადიო თავსუფლების რესპონდენტებიც:
„ვხედავ, ტურისტები ძალიან ბევრნი არიან და მივესალმები, იმიტომ რომ ეს ქალაქისთვის შემოსავალია. ბულვარში დადიან ხოლმე ჯგუფებად, რადგან ახლომახლო ბევრი სასტუმროა. ზოგი გვესალმება, ზოგი გვიღიმის და იმედი მაქვს, კიდევ მეტი ტურისტი ჩამოვა“.
„თვალშისაცემია განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში ტურისტების რაოდენობის მატება. ყველგან მხვდებიან უცხოელი ვიზიტორები და ბულვარშიც ხშირად სხედან. წლიდან წლამდე მატულობს მათი რაოდენობა“.
„ქუთაისი მოსწონთ და დადიან, ტურისტები ჯგუფებად დადიან, ერთმანეთს აზრს უზიარებენ და კარგია“.
ქუთაისის ტურისტულ პოტენციალს დადებითად აფასებს გორას დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელი შალვა ბობოხიძე და დასძენს, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში მისი ბიზნესი მნიშვნელოვნად გაფართოვდა:
ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც ყველაზე ხშირად აფიქსირებენ ვიზიტორები, ეხება ქალაქიდან დასათვალიერებელ ადგილებამდე გადაადგილებას. ტურისტებს უჭირთ 1-2 დღეში იმ ადგილების მონახულება, რომლებსაც აუცილებლად უნდათ, რომ ეწვიონ...გიორგი გულუა
„მე დავიწყე ბიზნესი სასტუმროს 6 ნომრით და ამჟამად 60 ნომერი გვაქვს, ე.ი. 10-ჯერ გაფართოვდა“.
შალვა ბობოხიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ვიზიტორების დიდი ნაწილი სასტუმროში ერთი ან ორი ღამით რჩება, რადგან ქუთაისში და მის შემოგარენში მხოლოდ რამდენიმე კულტურული და ისტორიული ძეგლია და ტურისტებს ქალაქში სხვა სანახაობა არ ხვდებათ. ქუთაისში ხანმოკლე ვიზიტით ყოფნა დაადასტურეს იმ უცხოელმა ტურისტებმაც, რომლებსაც რადიო თავისუფლება გაესაუბრა. ვიქტორია ლისენკოს თქმით, ის ქუთაისში მეგობრებთან ერთად უკრაინიდან ჩამოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ერთი დღეა, რაც ქალაქში იმყოფება, ქუთაისი მოსწონს და სურს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვა დიდი ქალაქებიც დაათვალიეროს. ქუთაისი მოსწონს და მიღებული მომსახურებით კმაყოფილია რუსეთიდან ჩამოსული ნატალია ვასილცევა, რომლის თქმითაც, ის წინასწარ გაეცნო ქალაქის ისტორიას და სურს მოინახულოს კულტურული და ისტორიული ძეგლები. ნატალია საკუთარ შთაბეჭდილებებზე გვიყვება და ამბობს, რომ ქალაქში ერთი დღით რჩება, შემდეგ კი სვანეთში გაემგზავრება.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ყოველწლიურად იზრდება უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა, გარკვეულ სერვისებზე მომსახურების ხარისხი არ უმჯობესდებაო, ამბობს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორი გიორგი გულუა და დასძენს, რომ ვიზიტორები ხშირად ჩივიან ქუთაისიდან მის ახლოს მდებარე კულტურულ და ისტორიულ ძეგლებამდე მისასვლელად ტრანსპორტის ნაკლებობაზე:
„ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც ყველაზე ხშირად აფიქსირებენ ვიზიტორები, ეხება ქალაქიდან დასათვალიერებელ ადგილებამდე გადაადგილებას. ტურისტებს უჭირთ 1-2 დღეში იმ ადგილების მონახულება, რომლებსაც აუცილებლად უნდა ეწვიონ“.
ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების პარალელურად, ტურისტებისთვის სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიების შეთავაზებას მიიჩნევს საჭიროდ ტუროპერატორი არჩილ გეგენავა, რომლის თქმითაც, ქალაქში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, აუცილებელია ტურიზმის განვითარების გეგმა შემუშავდეს, რადგან მხოლოდ ნიშნულებისა და საინფორმაციო დაფების განთავსება არასაკმარისია. ქუთაისში ტურისტების რამდენიმე დღით დასარჩენად არჩილ გეგენავა საჭიროდ მიიჩნევს მათთვის საინტერესო ღონისძიებების შეთავაზებას, მათ შორის მუსიკალური ფესტივალების გამართვას. ტუროპერატორის განცხადებით, სასურველია სხვადასხვა ადგილზე გაცოცხლდეს სცენები, რომლებიც ვიზიტორებს უძველესი ქალაქის ისტორიას და სხვა საინტერესო ამბებს მოუთხრობს:
„ტურისტი ჩამოდის ბაგრატის ტაძრის, გელათის და მოწამეთას სამონასტრო კომპლექსების, სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეების მოსანახულებლად და რაიმე გასართობი საშუალება არ არის. კარგ ხაჭაპურს, კარგ მწვადს მიირთმევს და სულ ეს არის და უნდა იყოს გეგმა, სადაც გაწერილი იქნება ატრაქციების განვითარების პროექტები“.
არჩილ გეგენავას აზრით, ბოლო წლების განმავლობაში ქალაქში მოთხოვნის შესაბამისად გაიზარდა მცირე ტიპის სასტუმროების რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ტუროპერატორი ფიქრობს, რომ სხვა სფეროშიც მოთხოვნის ზრდის პარალელურად გაუმჯობესდება მომსახურება. ტურისტული პოტენციალის სწორად ათვისებისთვის კი ხელისუფლებასთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კერძო ბიზნესს.