Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიტიკა თუ შექება? - ვენეციის კომისიის დასკვნას ხელისუფლება და ოპოზიცია განსხვავებულად აფასებს


რეკომენდაციების ნაწილი გათვალისწინებულია, ნაწილი - არა. სამწუხაროა, რომ საქართველომ მოსაზრებისთვის გვიან მოგვმართა, - ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ „საერთო სასამართლოების შესახებ კანონს“ შეეხება.

საქართველოს სიტუაცია უჩვეულოა და ძალიან მაღალი დონის გამჭვირვალობას მოითხოვს.
ვენეციის კომისია

დასკვნას საქართველოში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დასკვნაში ქვეყანაში განხორციელებული პროგრესია ასახული, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ომბუდსმენის შეფასებით კი, ვენეციის კომისიის დასკვნა კრიტიკულია.

თავად დასკვნაში ნათქვამია, რომ „საქართველოს სიტუაცია უჩვეულოა და ძალიან მაღალი დონის გამჭვირვალობას მოითხოვს“. კომისიის აზრით, ეს გამოწვეულია იმით, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარსულში უჭირდა სანდოობის დამყარება ქართულ სისტემაში. ვენეციის კომისია იწონებს „დეტალურ სამუშაოს, რომელიც შეფასებისა და კენჭისყრის პროცესში ცვლილებების მხრივ განხორციელდა“.

დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ფარული კენჭისყრის გაუქმებით და ხმის მიცემის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით „სწორი მიმართულებით წავიდა“. თუმცა განცხადებაში ნათქვამია ასევე, რომ ჯერ კიდევ რჩება ვენეციის კომისიის მიერ 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებული რეკომენდაციები, რომლებიც კანონში ასახული არ არის და შემდგომ მუშაობას საჭიროებს.

ვენეციის კომისიის ემბლემა
ვენეციის კომისიის ემბლემა

აზრთა სხვადასხვაობა კი მოჰყვა ვენეციის კომისიის წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ საკმარისი დრო არ ჰქონდათ დეტალური რეკომენდაციების შესამუშავებლად. „კომისია მზად იყო დახმარებოდა საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის რეფორმირებაში იმგვარად, რომ ეს ევროპულ სტანდარტებთანაც ყოფილიყო თანხვედრაში და ადგილობრივ კალენდარსაც მორგებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში, - „თუმცა, რადგან მოსაზრების დაგვიანებით მოთხოვნის გამო დრო უკიდურესად იყო შეზღუდული, კომისია იძულებული გახდა ანალიზი დაეყვანა იქამდე, მოდიოდა თუ არა კანონპროექტი კომისიის წინა რეკომენდაციებთან თანხვედრაში“.

საქართველოს ხელისუფლებამ ვენეციის კომისიას კანონპროექტის შეფასების თხოვნით 2020 წლის 22 სექტემბერს მიმართა. კანონპროექტი მესამე მოსმენით 2020 წლის 30 სექტემბერს დამტკიცდა“.

ისინი ამბობდნენ, რომ ერთ კვირაში შეეძლოთ დასკვნის მომზადება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ვერ მოახერხეს.
ირაკლი კობახიძე

ევროკავშირმა ამით უკმაყოფილება ვენეციის კომისიის დასკვნამდეც გამოთქვა. 29 სექტემბერს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების აუცილებლობას, შემდეგ კი, 5 ოქტომბერს, მისმა პრესმდივანმა პეტერ სტანომ ძალიან მკაცრი და კრიტიკული განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამი იყო, „დასანანია, რომ პარლამენტი არ დაელოდა ამ კანონმდებლობაზე ვენეციის კომისიის აუცილებელი მოსაზრების გამოქვეყნებასო“ და ხაზგასმულად იყო აღნიშნული, „ეს პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობააო“.

„ქართული ოცნების'' აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, დასკვნის კომენტირებისას განაცხადა: მეცხრე მოწვევის პარლამენტი მუშაობას ამთავრებდა, სხვა შანსი, რომ ამ პარლამენტს ეს კანონი მიეღო, არ არსებობდაო. მან ერთგვარი პასუხისმგებლობა თავად ვენეციის კომისიას დააკისრა და თქვა: „ისინი ამბობდნენ, რომ ერთ კვირაში შეეძლოთ დასკვნის მომზადება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ვერ მოახერხეს“.

არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე
არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმითაც, ევროკავშირის საელჩო და ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა წინასწარ იყვნენ ინფორმირებული, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების ბოლო შესაძლებლობა 30 სექტემბერი იყო.

"ქართული ოცნება" არ ითვალისწინებს საერთაშორისო თანამეგობრობის და ჩვენი მეგობრების მოსაზრებებს სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით
სერგი კაპანაძე

„მაშინ, როდესაც არაერთი მოქალაქე ელოდება საქალაქო სასამართლოებში და უზენაეს სასამართლოში საქმეების განხილვას და დავების გადაწყვეტას, ჩვენ არ გვქონდა უფლება საკანონმდებლო ცვლილებები შემდეგ პარლამენტში განსახილველად გადაგვედო და ამით პროცესი თვეებით, კიდევ ერთი წლით გაგვეჭიანურებინა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძეც და კობახიძეც მიიჩნევენ, რომ არსებითი შენიშვნები ვენეციის კომისიას არ ჰქონია და კომისიის რეკომენდაციები სათანადოდ იქნა ასახული კანონპროექტში.

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას, შეფასებით, დასკვნაში გარკვეულ გაუმჯობესებაზე არის ლაპარაკი, თუმცა, საბოლოოდ, ის მაინც კრიტიკულია.

ოპოზიციის წარმომადგენლები კი დასკვნას მეტად კრიტიკულად ხედავენ. „ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, "ვენეციის კომისიამ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ "ქართული ოცნება" არ ითვალისწინებს საერთაშორისო თანამეგობრობის და ჩვენი მეგობრების მოსაზრებებს სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ კი თქვა, ხელისუფლება ვენეციის კომისიას სწორედ იმიტომ არ დაელოდა, რომ „სასამართლოს კლანი“ კვლავ ერთგულ სამსახურში ჰყოლოდაო.

„კლანის ინტერესებზე“ ელაპარაკა რადიო თავისუფლებას იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, რომელმაც თქვა, „მთავარი პრობლემა, რაც აქამდე იყო კანონმდებლობაში, ისევ რჩება 30 სექტემბერს დამტკიცებული ამ ბოლო ცვლილებების შემდეგაც. სასამართლოს გავლენიანი ჯგუფი, "სასამართლოს კლანი", ისევ თავისუფლად შეძლებს თავისთვის სასურველი კანდიდატურების გაყვანას. ეს კანონი არანაირად არ ზღუდავს "კლანის" ინტერესებით მოქმედების შესაძლებლობებს“.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG