Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნულ გამოცდებზე მავთულხლართებზე დასერილი ხელით


ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადმოსვლისას ერთ-ერთმა აბიტურიენტმა სხეულის დაზიანება მიიღო. ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვების გამო, რამდენიმე ახალგაზრდამ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრა შემოვლითი გზით გადაწყვიტა რა დროსაც ერთ-ერთმა, მავთულხლართზე ხელი დაისერა და ძაფის დადებაც დასჭირდა.

მოზარდი, რომლის ვინაობასაც მისივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ ვასახელებთ, ყვება, რომ შემთხვევა 28 ივნისს, დილით მოხდა, როცა ოკუპირებული გალის რაიონის მოსაზღვრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხვედრას ცდილობდა. იმ დილით 6-მა აბიტურიენტმა გაიარა მავთულხლართებიანი გზა. ეგონა, რომ თავადაც მარტივად მოახერხებდა იგივეს:

„თავდაპირველად ჩემი მეგობრები გადმოვიდნენ. რაღაც დროის შემდეგ, როცა არ იყვნენ სეპარატისტები საზღვარზე, მეც დამიკავშირდნენ და მეც მოვედი. მათ გამაფრთხილეს გზაზე, მაგრამ ვერ ვკონცენტრირდი. ავედი ხეზე, ამ ხიდან რომ გადავმხტარიყავი, საზღვის მეორე მხარეს ვიქნებოდი. გადავახტებოდი მავთულხლართებს და ეკალბარდებს. ხეზე რომ ავედი, ტოტი მალევე ჩამომიტყდა. ჩემი ხელი გამოედო მავთულხლართს. სისხლი დავინახე ხელზე. ვიფიქრე უკან გავბრუნდებითქო, მაგრამ სამედიცინო პუნქტამდე შორი გზა იყო. ჭრილობის დამუშავება გაჭირდებოდა. ისევ წინ გავაგრძეკლე წასვლა. ძლივს გადმოვედი. ხელის ჭრილობის გარდა დაზიანებული მაქვს სხეული. დაბეჟილობები მაქვს. აქეთ ჩემი კლასელები დამხვდნენ. ქართველი ჯარისკაცებიც მეძახდნენ. არავინ არ არის, გადმოდიო. ჭრილობა ადგილზე დამიმუშავეს. ქართველმა ჯარისკაცებმა სასწრაფო გამოიძახეს. რვა ძაფი დამადეს“, - ყვება დაზარალებული მოზარდი.

ფოტოს შინაარსი შეიძლება აგრესიულად ან უსიამოვნოდ ჩათვალოთ

ის ახლა თავს ნორმალურად გრძნობს, ჭრილობის და დაბეჟილობების მიუხედავად ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობასაც იღებს. გალელი რესპონდენტის სიტყვებით, მართალია ხელზე საკმაოდ მოზრდილმა ჭრილობამ გარკვეულწილად ხელი შეუშალა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე თუმცა, მისთვის ახლა მთავარია, რომ ამ ეტაპზე მიზანს მიაღწია - საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება და სხვა თანატოლებლთან ერთად გამოცდებს აბარებს. უფრო დიდი მიზანი კი, ჯერ კიდევ წინ აქვს - გახდეს სოციოლოგი. სურს სწავლა გააგძელოს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

აბიტურიენტი ყვება, იმასაც რომ მას და მის მეგობრებს სოხუმის უნივერსიტეტში განათლების მიღება არ სურთ, რადგან სათანადოდ არ იციან არც რუსული და არც აფხაზური, ქართულად კი აფხაზეთში განათლების მიღება შეზღუდული აქვთ.

როგორც რესპონდენტი ყვება, საფუძვლიანი განათლების მიღების შემდეგ კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნება და იქ ცხოვრების გაგრძელება სურს.

ოკუპირებული გალისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს შორის არსებულ საოკუპაციო ხაზზე ამდროისთვის მხოლოდ ერთი ე.წ. ოფიციალური გამშვები პუნქტი, ენგურის ხიდზე ფუნქციონირებს. სოხუმმა უსაფრთხოების მიზნით, თბილისში მიმდინარე აქციების ფონზე ხიდზე შეზღუდვები 28 ივნისს დააწესა. შედეგად გადაადგილების პრობლემა შეექმნათ მოქალაქეებს, მათ შორის აბიტურიენტებს.

რადიო თავისუფლების გალელი რესპონდენტების თქმით, დე ფაქტო ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება რეალურად არა უსაფრთოებას, არამედ ეროვნულ გამოცდებს უკავშირდება, რადგან სურთ ახალგაზრდებს სოხუმის უნივერსიტეტში სწავლა აიძულონ. დაწესებული შეზღუდვების შემდეგ ახალგაზრდების ნაწილმა საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა თანხის სნაცვლოდაც მოახერხა.

როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნონა შონიამ განაცხადა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისთვის ოკუპირებული აფხაზეთიდან სულ 185 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. აქედან 11-ის გარდა გადმოსვლა ყველამ შეძლო. რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აფხაზეთიდან კიდევ ერთ ახალგაზრდას ელოდებიან, ვისაც მანამდე დოკუმენტებთან დაკავშირებით გაურთულდა გადმოსვლა. რაც შეეხება დანარჩენებს, როგორც ნონა შონია განმარტავს, ოთხმა სოხუმის უნივერსიტეტში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება, სხვებმა კი სხვადასხვა მიზეზებით გადაიფიქრეს.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ახალგაზრდებს ამდენი წინაღობის გადალახვა უწევთ განათლების მისაღებად, მათი უფლებების დარღვევაზე დარღვევაზე მიუთითებს. თუმცა განმარტა, რომ ხელისუფლების ძალისხმევით, უმრავლესობამ ზუგდიდში გადმოსვლა მაინც მოახერხა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, ამ ეტაპზე მაინც მოხერხდა აბიტურიენტების ნაწილის გადმოყვანა და ეს პროცესი გრძელდება.

მისივე სიტყვებით, საგამოცდო გრაფიკიდან გამომდინარე, მუშაობენ აბიტურიენტებისთვის ინდივიდუალური ფორმის შერჩევაზე, რათა მათ ეროვნულ გამოცდებში სრულფასოვნად მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ და უმაღლესი განათლების შესაძლებლობის მიღმა არ დარჩნენ.

XS
SM
MD
LG