Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმი ქართველ აბიტურიენტებს განათლების უფლებას უზღუდავს


ზუგდიდის საგამოცდო ცენტრი
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრი

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს დე ფაქტო ხელისუფლება განათლების უფლებას უზღუდავს. იმის გამო, რომ სოხუმმა ენგურის ხიდზე გადაადგილება ცალმხრივად ჩაკეტა, აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტების ნაწილი ერთიან ეროვნულ გამოცდებს ვერ აბარებს.

ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში დღეს დილით აფხაზეთიდან მხოლოდ 6 აბიტურიენტი გამოცხადდა, ნაწილი კი ჯერ კიდევ საოკუპაციო ხაზთანელოდება, როდის შეძლებენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას:

„ის ექვსი აბიტურიენტი, რომელიც დღეს გამოცხადდა გუშინ გადმოვიდა. ადმინისტრაციულ საზღვართან 25-მდე ახალგაზრდა დგასო. ზუსტად არ ვიცი, ესენი დღეს აბარებენ, თუ ხვალ", - განაცხადა ზუგდიდის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ქირიამ.

ახალგაზრდების მცირე ნაწილი, რომელმაც ზუგდიდში ჩამოსვლა შეძლეს, რადიო თავისუფლებასთან პირად საუბარში ყვებიან, რომ ენგურის ხიდზე, ე.წ. რუსულ საგუშაგოზე თანხა გადაიხადეს. ერთ-ერთმა, რომელმაც საოკუპაციო ხაზი დღეს გადმოკვეთა, აბობს, რომ ზუგდუდში ჩამოსვლა 600 ლარი დაუჯდა. გაცილებით იაფი, 200 ლარი გადაიხადეს მათ, ვინც ეს გუშინ მოახერხა.

თავად აბიტურიენტები ამაზე საჯაროდ საუბარს და მით უფრო ჩაწერას უსაფრთხოების მიზნით ერიდებიან რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. იგივე მიზეზით თემაზე მოკლედ საუბრობენ რადიო თავისუფლებასთან გალში მცხოვრები რესპონდენტები.

მათი სიტყვებით, ე.წ. საგუშაგოზე კონტროლის გავლა შესაძლებელია 5000 რუბლის (224 ლარის) სანაცვლოდ. იმ შემთხვევაში თუ მგზავრს თან რუბლი არ აქვს, 300 ლარის გადახდას თხოვენ.

რადიო თავისუფლების გალელი რესპონდენტების ინფორმაციითვე, მას შემდეგ რაც გავრცელდა ცნობები თანხის სანაცვლოდ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის შესახებ, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი თემურ ნადარაია პირადად მივიდა ე.წ. გამშვებ პუნქტთან და მესაზღვრეებს დაავალა, გალიდან დანარჩენ საქართველოში გაუშვან მხოლოდ ბავშვები და მოხუცები. ნადარაიამ გააფრთხილა ე.წ. საგუშაგოს თანამშრომლები, რომ გადაადგილების უფლება არ მისცენ 18 წელს მიღწეულ პირებს.

თავის მხრივ საქართველოს განათლების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მუშაობენ სქემაზე, რათა აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტები და სტუდენტები არ შეფერხდნენ და მათ შეძლონ დაუბრკოლებლად განათლების უფლებით სარგებლობა. მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აბიტურიენტებს მიმართა:

„მოვუწოდებ აბიტურიენტებს, მიუხედავად იმისა, მათ შეძლეს თუ არა პირველ გამოცდაზე მისვლა, აუცილებლად როგორც კი შესაძლებლობა ექნებათ შემდგომ გამოცდებში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და საბოლოო ჯამში, მივიღებთ გადაწყვეტილებას როგორ და რა სქემით ვუზრუნველვყოთ მათვის განათლების ხელმისაწვდომობა",- განაცხადა ირინა აბულაძემ.

სოხუმის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი გაურკვეველით დროით ცალმხრივად 28 ივნისს ჩაიკეტა. შეზღუდვა არ ეხება ზუგდიდიდან აფხაზეთში მიმავალ მგზავრებს, ენგურჰესის თანამშრომლებს და ჯანმრთელობის ცნობის მქონე მძიმე ავადმყოფებს.

დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ზუგდიდში მიმდინარე "პროვოკაციული ხასიათის" საპროტესტო აქციებია, რომელიც "აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას" საფრთხეს უქმნის.

XS
SM
MD
LG