Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერინ მაქიი (USAID): “ხალხის ხმა უნდა ისმოდეს, დაცული უნდა იყოს სამოქალაქო სექტორი”


ერინ მაქიი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში
ერინ მაქიი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში

"მსოფლიოს ბევრ რეგიონში მიმუშავია, ბევრ ქვეყანაში. და ვიტყოდი, რომ საქართველოს აქვს სიამაყის საფუძველი. დემოკრატიას შრომა ჭირდება." - ეუბნება "რადიო თავისუფლებას" ერინ მაქიი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში. სამხრეთ კავკასიაში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას მაქიი "რადიო თავისუფლებას" ორგანიზაციის მიზნებზე და ქართული დემოკრატიის ახლო და შორეულ პერსპექტივებზე ესაუბრა.

ინტერვიუ ერინ მაქიისთან
please wait

No media source currently available

0:00 0:07:29 0:00


რადიო თავისუფლება - პირველ რიგში, კეთილი იყოს თქვენი ფეხი საქართველოში. პირდაპირ გკითხავთ - რა ჩამოგვიტანეთ?

ერინ მაქიი: იმით დავიწყებ, რომ ჩემი წინა ვიზიტი საქართველოში, არც მეტი, არც ნაკლები, 80 იანებში იყო, და ვიტყოდი, რომ საქართველომ უნდა იამაყოს იმით, თუ რა შორს წავიდა - ქვეყანა ნამდვილად გარდაიქმნა, ასე ვთქვათ, ფერი შეიძინა. არსებობს იმედის და ოპტიმიზმის განცდა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა საკმაოდ მძიმე დროა ყველასთვის, როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების კუთხით. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობამ და სულგრძელობამ. ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისადმი ასეთია: უნდა იამაყოთ იმით, რაც ამ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში შესძელით, რასაც მიაღწიეთ. და ვამაყობ, რომ USAID ამ გზაზე თქვენი პარტნიორია წლების განმავლობაში, რათა საქართველოს ჰქონდეს თავისუფალი, დამოუკიდებელი, უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე მომავალი.

“ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისადმი ასეთია: უნდა იამაყოთ იმით, რაც ამ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში შეძელით, რასაც მიაღწიეთ”

რადიო თავისუფლება: მშვენიერია.ახალი ჩამოსული ხართ, თუმცა ვიცი, უკვე მოასწარით რამდენიმე ახალი პროექტის, ასე ვთქვათ, გაშვება. მოგვიყევით ამ პროექტებზე.

ერინ მაქიი: ვფიქრობ, ეს იყო ერთგვარი საჩუქარი ჩემი გუნდისგან. სომხეთიდან მარნეულში გავჩერდით, რათა ქართულ საავადმყოფოებთან პარტნიორობით შექმნილი პროექტი გაგვეხსნა. თუმცა ეს არაა უშუალოდ ჯანდაცვის პროგრამა - ეს უნარ-ჩვევების განვითარების, კომპეტენციის ამაღლების პროგრამაა. პროექტი მიმართულია იმისკენ, რომ არა მხოლოდ რეგიონებში იყვნენ კვალიფიციური კადრები, რომლებიც იქვე დასაქმდნებიან. ეს ჰარმონიულად ერწყმის ევროკავშირთან დაახლოებისთვის საჭირო სტანდარტებისა და ხარისხების დაცვის კომპონენტს. ამასთან, აღმოვაჩინეთ, რომ ამ კუთხით, ქართულ ინდუსტრიაში ერთგვარი ნაპრალია - დანარჩენ სამყაროში ერთ ექიმზე ოთხი ექთანი მოდის, საქართველოში პირიქით - ოთხი ექიმი ერთ ექთანზე. ეს პროფესია უმნიშვნელოვანესია და მათი კომპეტენცია უზრუნველყოფს პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას. ასევე გახლდით გორში, სადაც დავიწყეთ ახალი პროექტი იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც ე.წ. ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ცხოვრობენ. მათ სჭირდებათ მეტი ეკონომიკური შესაძლებლობები, რათა ღირსეულად იცხოვრონ. ეს ის ხალხია, ვინც ამ გამყოფი ხაზის ჩრდილქვეშ ცხოვრობს - ჩვენც ვნახეთ ეს ხაზი, გზიდანაც მოჩანს. ხალხს, ვისაც ყოველდღე ამ ჩრდილის ქვეშ უწევს ცხოვრება, უკეთესად ცხოვრების შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ, რათა საკუთარ ოჯახებს, შვილებს უკეთესი, იმედიანი მომავალი შეუქმნან. პროექტიც ამაზეა გათვლილი - ჩვენი პარტნიორები არიან ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროები.

რადიო თავისუფლება: რა მასშტაბის პროექტზეა საუბარი, რამდენი ბენეფიციარი ეყოლება?

ერინ მაქიი: 11 მუნიციპალიტეტთან ვთანამშრომლობთ, პროექტის საწყისი ბიუჯეტი კი 24 მილიონი დოლარია შემდეგი 5 წლის განმავლობაში. როგორც აღვნიშნე, ეს არ არის მხოლოდ USAID-ის ინვესტიცია, პროექტში მონაწილეობას იღებს როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე კერძო ინვესტორები. ასე რომ მთლიანობაში, თუ პროექტი წარმატებული გამოდგება, ვფიქრობ, 24 მილიონ დოლარზე ბევრად მეტი იქნება.

“საქართველოს ჯერ კიდევ აქვს პოტენციალი, დემოკრატიის შუქურა იყოს”

რადიო თავისუფლება: ახლა საქართველოში, არც თუ ისე „დალაგებული დროა“. მაგალითად, ზეწოლის ქვეშაა სამოქალაქო საზოგადოება, განსაკუთრებით ისინი ვინც გარე, მათ შორის ამერიკის მთავრობის დაფინასებით სარგებლობს. საზოგადოების გარკვეული სეგმენტი მათ მიმართ უნდობლობითაა განმსჭვალული - ეს კიდევ უფრო გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც მმართველ პარტიას გამოყოფილ დეპუტატთა ჯგუფის მხრიდან ღიად კრიტიკული განცხადებები გაისმა ამერიკის მისამართით, ისინი ეჭვქვეშ აყენებენ ამერიკის მოტივებს საქართველოში. ამიტომ მინდა გკითხოთ - რამდენად გირთულებთ საქმეს ეს ყველაფერი, მით უმეტეს, რომ USAID-ი უშუალოდაა ჩართული საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების პროცესებში?

ერინ მაქიი: ვფიქრობ, ფაქტია, რომ სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო და ადგილობრივი ორგანიზაციები იმ ხალხის ხმას წარმოადგენენ, რომელსაც ემსახურებიან და რომ სამოქალაქო სექტორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია ნებისმიერი გამართული, მუშა დემოკრატიისთვის. მათ მთავრობამდე მიაქვთ საზოგადოების პრიორიტეტები, იქნება ეს უკეთესი განათლება, ბავშვების უფლებები, გარემოს დაცვის საკითხები, თავისუფალი არჩევნები თუ სხვა - ისინი პლატფორმას ქმნიან ხალხსა და მთავრობას შორის. ასე რომ მათზე თავდასხმა მიუღებელია - შეიძლება არ ეთანხმებოდეთ მათ, მაგრამ მათი ხმა, მათი ჩართულობა, ხიდი ხალხს, სამოქალაქო სექტორსა და მთავრობას შორის დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. ასე რომ როდესაც ამ სივრცის შეზღუდვას ლამობენ, ეს ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერას მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა ქართული დემოკრატია იყოს ძლიერი და გამძლე. გუშინვე დავიწყეთ ახალი ადგილობრივი მმართველობის პროგრამა, 20 მილიონიანი ბიუჯეტით - 22 მუნიციპალიტეტში იმუშავებს. ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი იქნება მეტი ეკონომიკური შესაძლებლობები, უფრო მიმზიდველი კერძო სექტორი, კომპეტენტური კადრები, უკეთესი მომსახურება, უკეთესად აღჭურვილი სკოლები და ა.შ. - იმის მიხედვით, თუ რა იქნება კონკრეტული რეგიონის პრიორიტეტი.

რადიო თავისუფლება: არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ამერიკა საქართველოს „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსენიებდა. როგორ ფიქრობთ, დღესაც იმსახურებს საქართველო ამ წოდებას?

ერინ მაკი: ვფიქრობ, საქართველოს აქვს პოტენციალი, ნათელი წერტილი იყოს - იყოს თავისუფალი, წარმატებული, დაცული და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი დემოკრატია. აქამდე მისასვლელად შრომაა საჭირო. რეფორმები, განსაკუთრებით კი 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიამ მოგცათ კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ყურადსაღებია. როგორც დასაწყისში გითხარით, საქართველომ დიდი გზა განვლო. და სხვათაშორის, დღეს მსგავს თემაზე ჩემს გუნდთანაც მქონდა საუბარი - და მათ შევახსენე, რომ ზოგჯერ მნიშვნელოვანია შეჩერდე, თვალი შეავლო იმას, თუ სად იმყოფები და გაიაზრო, თუ რამხელა გზა გამოიარეთ და რას გაძლევთ ეს გამოვლილი გზა.

მე მსოფლიოს ბევრ რეგიონში მიმუშავია, ბევრ ქვეყანაში. და ვიტყოდი, რომ საქართველოს აქვს სიამაყის საფუძველი. დემოკრატიას შრომა ჭირდება. და ეს შრომა მარტო მთავრობას არ ეხება - ხალხის ხმაც უნდა ისმოდეს, დაცული უნდა იყოს სამოქალაქო სექტორი, უნდა ისმოდეს და ყურად უნდა იღონ სხვადასხვა უმცირესობის ხმები, ისინი სრულად უნდა მონაწილეობდნენ დემოკრატიის შენების პროცესში. ეს დიდი სამუშაოა - ამაზე ჩემ ქვეყანაშიც ჯერ კიდევ ვმუშაობთ. და ვიტყოდი, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს პოტენციალი, დემოკრატიის შუქურა იყოს, ეს სავსებით შესაძლებელია და ჩვენ მზად ვართ საქართველოს ხალხსა და მთავრობას ამის მიღწევაში დავეხმაროთ, დავეხმაროთ, მათი პოტენციალის რეალიზებაში - პოტენციალის, რომ ჰქონდეთ თავისუფალი, წარმატებული, დამოუკიდებელი და დაცული საქართველო.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG