Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენერგოომბუდსმენი “საქორგაზისგან” მომხმარებლების უფლებათა დაცვას მოითხოვს


გაზის იმპორტიორ და გამანაწილებელ კომპანიას დაუპირისპირდნენ ბაღის აღმზრდელ-მასწავლებლები და მშობლებიც.
გაზის იმპორტიორ და გამანაწილებელ კომპანიას დაუპირისპირდნენ ბაღის აღმზრდელ-მასწავლებლები და მშობლებიც.

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი მოუწოდებს “საქორგაზს“ და ყველა ლიცენზიატ კომპანიას, არ დაუშვან მომხმარებელთა უფლებებისა და დადგენილი ნორმატიული აქტების დარღვევა, „არ გაავრცელონ განგებ არასწორი ინფორმაცია, რაც შეცდომაში შეიყვანს და აგრესიულად განაწყობს მოქალაქეს“.

სალომე ვარდიაშვილი ამ განცხადებით გამოეხმაურა „საქორგაზის“ წარმომადგენლების მცდელობას, უსაფრთხოების მიზნითა და „ახალი მარეგულირებელი ნორმების“ მოტივით, გადაეკეტათ რუსთავის „ბაგა-ბაღების გაერთიანებაში“ შემავალი სააღმზრდელო დაწესებულებებისა და საჯარო სკოლებისათვის ბუნებრივი აირი. სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, უკანასკნელ ხანებში ბუნებრივი გაზისა და გაზის დანადგარების მოხმარების უსაფრთხოების შესახებ ახალი რეგულაციები არ შემუშავებულა:

სალომე ვარდიაშვილი
სალომე ვარდიაშვილი

„რაიმე ქმედების გამართლება ცრუ ინფორმაციით ყოვლად მიუღებელია და მიანიშნებს კომპანიის ცუდ ტენდენციაზე, შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი და განაწყოს უარყოფითად მოსალოდნელი ცვლილებების მიმართ, რომელიც ამ მიმართულებით მუშავდება“.

ენერგოომბუდსმენი „საქორგაზისგან“ მოითხოვს „დაუყოვნებლივ“ გააკეთონ ოფიციალური ახსნა-განმრატება.

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ 18 ოქტომბერს “საქორგაზის” წარმომადგენლებს ხელი შეუშალეს რუსთავის პირველ ბაგა-ბაღში შემოწმების ჩატარებასა და ბუნებრივი აირის ჩაჭრაში. გაზის იმპორტიორ და გამანაწილებელ კომპანიას დაუპირისპირდნენ ბაღის აღმზრდელ-მასწავლებლები და მშობლებიც, მაგრამ ქალაქის კერძო სკოლებსა და საბავშვო ბაღებს ერთი დღით ადრე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტეს.

სკოლა „მილენიუმის“ დირექტორმა ელზა ლეკვეიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათ ცენტრალური გათბობა აქვთ. ამის მიუხედავად, ბუნებრივი აირი მაინც ჩაუჭრეს იმ მოტივით, რომ სამზარეულოში გაზქურა უდგათ:

„ეს არის საბოტაჟი. გაზქურა ნორმების ყველა დაცვით არის დამონტაჟებული და უსაფრთხოა, შესაბამისი შემოწმებაც გავიარეთ. ისედაც ბევრს გვახდევინებენ. ახლა ელექტროქურაც თუ დავდგით, ელექტროენერგიის გაზრდილი გადასახადიც მოგვივა“.

კერძო ბაგა-ბაღ „ბალავრის“ დირექტორმა ეკა გაბაშვილმა კი განაცხადა, რომ კომპანიის წარმომადგენლები მათთან გაუფრთხილებლად შევიდნენ.

„ორკამერიანი გამათბობლები გვაქვს დამონტაჟებული და შესაბამისი ნებართვა “საქორგაზისგანაც” გვაქვს. ყოველ ჩართვაზე კომპანიის წარმომადგენლები მოდიან. ამის მიუხედავად, ბუნებრივი აირი მაინც ჩაგვიჭრეს“, თქვა ეკა გაბაშვილმა და დასძინა, რომ კომპანიის ადგილობრივ ხელმძღვანელებს მიაკითხა, რომლებიც დაჰპირდნენ „რომ რაღაცას იღონებენ“.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG