Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარჩა ერთი დღე და ბევრი პრობლემა - ემიგრანტები საარჩევნო ხმის უფლებას მოითხოვენ


ემიგრანტების საარჩევნო უფლებების მხარდამჭერი აქცია თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა - 6 ოქტომბერი, 2024 წელი.
ემიგრანტების საარჩევნო უფლებების მხარდამჭერი აქცია თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა - 6 ოქტომბერი, 2024 წელი.

ერთი დღე რჩებათ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობისთვის აუცილებელი პროცედურების მოსასწრებად. საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ 7 ოქტომბრის ჩათვლით აქვთ შესაძლებლობა - დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე ან გაიარონ რეგისტრაცია.

8 ოქტომბრიდან პროცესი შეწყდება და საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეგროვილი ინფორმაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა გადასცეს - საარჩევნო სიების ფორმირებისთვის.

საკონსულო აღრიცხვის განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულად; ხოლო რეგისტრაციის მიზნით საჭიროა უშუალოდ მისვლა საელჩოებსა და საკონსულოებში, სადაც საარჩევნო უბნების გახსნა გადაწყდა.

„საკონსულოები მუშაობენ დღესაც [კვირას]“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას, 6 ოქტომბერს, კვირას, საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყებაში ასევე დაგვიკონკრეტეს, რომ - ემიგრანტებს უქმე დღეებშიც შეეძლოთ როგორც ელექტრონული განაცხადების გაგზავნა, ასევე ფიზიკურად მისვლა - დასარეგისტრირებლად.

ემიგრანტების პლატფორმა „თაობები ქვეყნისთვის“ ხელმძღვანელი, თავადაც ემიგრანტი - რევაზ ბეროზაშვილი გვეუბნება, რომ იცნობენ მთელ რიგ დამადასტურებელ ფაქტებს, რომ ემიგრანტები შაბათ-კვირას არ მიიღეს საელჩოებსა და საკონსულოებში და მაგალითად - ესპანეთსა და საბერძნეთში.

ინფორმაციის გადამოწმება რადიო თავისუფლებამ, კვირას, ესპანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საელჩოებისა და საკონსულოების ცხელი ხაზის ნომრებზე სცადა.

საფრანგეთსა და გერმანიაში გვითხრეს, რომ ემიგრანტებს სრულფასოვნად ემსახურებოდნენ კვირასაც და მათ ადგილზე მისვლაც შეეძლოთ. ესპანეთის საელჩოსა და საკონსულოს [ბარსელონა] ცხელ ხაზებზე გვიპასუხეს, რომ საკონსულო განაცხადის ელექტრონულად წარდგენა შესაძლებელი იყო კვირასაც, ხოლო რეგისტრაციის მსურველები ადგილზე ორშაბათს უნდა მისულიყვნენ. გარკვეული დროის შემდეგ [ევროპის დროით 15:00 საათისთვის], ესპანეთის საელჩოდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ - ემიგრანტებს კვირასაც შეეძლოთ ადგილზე მისვლა.

7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაცია სავალდებულოა რეგისტრაციის მისამართის ოკუპირებულ რეგიონებში მქონე ემიგრანტებისთვის, რომლებიც, მანამდე, საკონსულო აღრიცხვის მიუხედავად, მაინც ვერ მოხვდნენ საარჩევნო სიაში.

ცესკოს სხდომაზე 5 ოქტომბერს მიიღეს გადაწყვეტილება, რომელმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება მისცა - ფაქტობრივი მისამართების შესაბამისად. ინიციატივა ოპოზიციამ წამოჭრა და შესაბამისი დადგენილების პროექტიც წარადგინა.

რა დრო სჭირდება საკონსულო აღრიცხვას?

განაცხადის მიღებიდან საკონსულო აღრიცხვაზე პირის დასაყენებლად, კანონში, 5-დღიანი ვადაა გათვალისწინებული, მაგრამ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, „კვირას და ორშაბათს შეტანილი ყველა განაცხადი ჩვეულებრივად დამუშავდება და იქნება ჩათვლილი“.

მსურველების სიმრავლის გათვალისწინებით, რევაზ ბეროზაშვილი შიშობს, რომ საელჩოები, შეზღუდული რესურსით ყველას დაკმაყოფილებას ვერ მოასწრებენ და ამიტომ ურჩევს ემიგრანტებს, რომ თუკი ახლოს ცხოვრობენ, ფიზიკურად გამოცხადდნენ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, ხოლო ვინც შორს ცხოვრობს - საკონსულო აღრიცხვის განაცხადი ონლაინ გააგზავნოს და რაც შეიძლება სწრაფად.

დამატებითი ძალისხმევა არ ესაჭიროება ემიგრანტების ორ კატეგორიას:

  • რომელსაც ამ წუთისთვის უდასტურდება საკონსულო აღრიცხვა აქტიურ სტატუსში [შემოწმება შესაძლებელია აქ];
  • და რომელთა საკონსულო აღრიცხვა უკვე ასახულია საარჩევნო სიაში [შემოწმება შესაძლებელია აქ].

„თაობები ქვეყნისთვის“ განუმარტავს ემიგრანტებს, რომ საკონსულო აღრიცხვის განახლება აუცილებელია, თუკი სტატუსად მითითებულია - „შეჩერებული“ [ საქართველოს საზღვრის კვეთის გამო] და „მოხსნილი“ [ვთქვათ,6 თვე საქართველოში ყოფნის გამო ].

ბოლო პერიოდში გამოვლენილი პრობლემების გათვალისწინებით, „თაობები მომავლისთვის“ მოუწოდებს ყველა ემიგრანტს - არ მოდუნდნენ და მუდმივად შეამოწმონ საკუთარი თავი და ოჯახის წევრები როგორც საკონსულო აღრიცხვის, ასევე საარჩევნო სიებში.

„საკონსულო აღრიცხვაზე ჩვენ ათასობით მოქალაქე ხელახლა დავარეგისტრირეთ, რადგან - იყვნენ დარეგისტრირებული და „აქტიური“ სტატუსიც ჰქონდათ, მაგრამ მერე აღარ აღმოჩნდნენ სიაში. მაგალითად, ჩვენს ბაზაში იყო 300 ასეთი ემიგრანტი გერმანიიდან, 400-ზე მეტი - საბერძნეთიდან, 800-ზე მეტი - ამერიკიდან და ასე შემდეგ. ხელახლა გაგზავნის შემდეგ, ამ ხალხს აღუდგა სტატუსი ისევ. მაგრამ ეს ხალხი ჩვენ რომ არ აღმოგვეჩინა, ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში. ერთი დღე რჩება და ყველა ძალიან ყურადღებით უნდა იყოს“, - გვეუბნება რევაზ ბეროზაშვილი.

ევროპისა და აშშ-ის ქალაქებში ემიგრანტები განაგრძობენ საპროტესტო აქციებს საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით. მოთხოვნათა შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხი კვლავ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას უკავშირდება. თუმცა დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის ბოლო ვადა სექტემბრის ბოლოს ამოიწურა და ცესკომ ეს საკითხი დახურა.

ცესკოს განკარგულებით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 60 უბანი გაიხსნება - 42 ქვეყნის 53 ქალაქში.

ემიგრანტების დიდ ნაწილს 26 ოქტომბერს ძალიან შორი გზის გავლა და სოლიდური თანხის გადახდაც მოუწევს. ეს პრობლემა განსაკუთრებით ხილულია აშშ-ში, სადაც არჩევნებზე წასასვლელად ბევრს თვითმფრინავიც დასჭირდება.

ბევრი კი იმაზე წუხს, რომ - ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ფიზიკურად ვერ შეძლებს ხანგრძლივ მგზავრობას.

6 ოქტომბერს, საპროტესტო აქცია თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთანაც გაიმართა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG