ეს არის ამბავი ოჯახზე, რომელიც აფხაზეთთან პირობითი საზღვრისპირა სოფელში მოცვის ბაღის გაშენებას იწყებს და გზადაგზა აღმოაჩენს, რომ სახელმწიფო პროგრამა “დანერგე მომავალი” არც ისეთი ხელსაყრელია ახალი ცხოვრების და ბიზნესის დასაწყებად, როგორც ეს დასაწყისში ჩანდა. ფილმის ნაწილია უკრაინაში რუსეთის შეჭრაც და ის მღელვარებაც, რაც ომგადატანილ ადამიანებს აქვთ ტრავმების გახსენებისას.
ომი ელენესთვის ბავშვობის მოგონებების ნაწილია, აფხაზეთი მისი მეორე სახლია. ეთნიკურად ქართველი მამისა და აფხაზი დედის ოჯახში დაბადებული 5 წლის იყო, როცა აფხაზეთის ომი დაიწყო. ამ დროს ის ბებიასთან იყო სტუმრად, აფხაზეთში და ახსოვს როგორ სთხოვდა დედა პერიოდულად მას და მის უმცროს ძმას საწოლის ქვეშ დამალვას, როცა სროლა განსაკუთრებით ინტენსიური ხდებოდა. ომმა ოჯახები დიდი ხნით დააშორა: ბებია, ბიძა და ბიძაშვილები აფხაზეთში დარჩნენ, ელენეს მშობლები კი ხანგრძლივ ემიგრაციაში ბრიუსელში წავიდნენ. ბელგიაში 25-წლიანი ცხოვრების და პოლიტიკური მეცნიერებების შესწავლის შემდეგ ელენე სამშობლოში დაბრუნდა, ქართული ისწავლა და კინო გადაიღო. უნდოდა კინოს ენით მოეყოლა თავისი ქვეყნის ამბები.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ის ჰყვება, როგორ ჩაეშალა პირველი გეგმა, აფხაზეთში საკუთარი ბიძაშვილების შესახებ ფილმის გადაღების შესახებ, იხსენებს მელაძეების ოჯახის პოვნის ამბავს და გადაღების პროცესს. ფილმის დასრულების შემდეგ მისი მეგობრობა ფილმის გმირებთან კვლავ გრძელდება - ახლა გადამღები ჯგუფი ცდილობს მელაძეების ოჯახს ბიზნესის გაფართოებასა და პლანტაციის უკეთ აღჭურვაში დაეხმაროს.
“ლურჯი მოცვის” მსოფლიო პრემიერა 2024 წლის 19 მარტს, კოპენჰაგენის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის CPH:DOX საკონკურსო სექციის (Next:Wave Competition) ფარგლებში გაიმართა და კრიტიკოსთა საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.
„ლურჯი მოცვი“ ასევე ნაჩვენები იყო ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე BRIFF, ასევე არლის ფოტო_ და კინოფესტივალზე Les Rencontres de la Photographie (საფრანგეთი). 2024 წლის ივლისის ბოლოს ფილმი ასევე აჩვენეს ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე (კიევი, უკრაინა), სექტემბრის დასაწყისში კი - სარაევოს კინოფესტივალზე.
საქართველოში მისი ჩვენება იგეგმება ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომლის გახსნა 27 სექტემბერსაა დაგეგმილი, და ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზეც 4-8 ოქტომბერს.
ფორუმი