ქუთაისის მერიას დაქვემდებარებული დაწესებულებების თანამშრომელთა რაოდენობა და მათი სარგო ურთიერთბრალდებების საგნად იქცა საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებსა და ქალაქის აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. საკრებულოს დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ მერაბ მეშველიანი ხელისუფლებას ადანაშაულებს პარტიული აქტივისტების დასაქმებასა და ნეპოტიზმში და აცხადებს, რომ ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომლებს ზოგიერთ შემთხვევაში შტატიან თანამშრომლებზე მაღალი ხელფასი აქვთ. მისივე ინფორმაციით, მერიის სამსახურებსა და აიპებში ხშირია დუბლირებული პოზიციები.
მერიასა და მერიას დაქვემდებარებულ 15 ორგანიზაციაში 4 013 ადამიანია დასაქმებული, მათი სახელფასო ანაზღაურებისთვის კი, ჯამში, 23 392 417 ლარი იხარჯება, რაც ქალაქის ბიუჯეტის 38,7 %-ია. მერაბ მეშველიანის ინფორმაციით, ქუთაისის მერიის 294 შტატიანი და 36 შტატგარეშე თანამშრომლის და საკრებულოს წევრებისა და თანამშრომელთა ხელფასისთვის წელს გათვალისწინებულია 5 290 500 ლარი, მერიას დაქვემდებარებულ დაწესებულებებში დასაქმებულებისთვის კი - 18 მილიონზე მეტი.
მერაბ მეშველიანის განცხადებით, „ევროპულმა საქართველომ“ სპეციალური კვლევა ჩაატარა ქუთაისის მერიიდან და საკრებულოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, საკრებულოში, მერიასა და მერიას დაქვემდებარებულ 15 ორგანიზაციაში 4 013 ადამიანია დასაქმებული, მათი სახელფასო ანაზღაურებისთვის კი, ჯამში, 23 392 417 ლარი იხარჯება, რაც ქალაქის ბიუჯეტის 38,7 %-ია. მერაბ მეშველიანის ინფორმაციით, ქუთაისის მერიის 294 შტატიანი და 36 შტატგარეშე თანამშრომლის და საკრებულოს წევრებისა და თანამშრომელთა ხელფასისთვის წელს გათვალისწინებულია 5 290 500 ლარი, მერიას დაქვემდებარებულ დაწესებულებებში დასაქმებულებისთვის კი - 18 მილიონზე მეტი. „ევროპული საქართველოს“ წევრისავე განცხადებით, სახელფასო ხარჯის გარდა, ქალაქის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სახელფასო დანამატები, ჯილდოები და ტრანსპორტის მომსახურებისა და სხვა ხარჯები, რაც, მეშველიანის შეფასებით, იმაზე მიანიშნებს, რომ ქუთაისის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ბიუროკრატიის შენახვაში იხარჯება.
„ევროპული საქართველოს“ წევრ მერაბ მეშველიანის პასუხად ქუთაისის ვიცე-მერი გიორგი იობაშვილი განმარტავს, რომ მერიასა და მის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში თანამდებობების დუბლირების თავიდან ასაცილებლად წლის დასაწყისში რეორგანიზაცია განხორციელდა. გიორგი იობაშვილს მაგალითად მოჰყავს კულტურის სამსახურის გაუქმება იმ მიზეზით, რომ მერიას დაქვემდებარებულ კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასთან ფუნქციების დუბლირება არ მომხდარიყო. ქუთაისის ვიცე-მერი მერაბ მეშველიანს შეახსენებს პერიოდს, როცა ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო და მერიაში რამდენიმე ასეული ადამიანი მუშაობდა.
თავის მხრივ, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ქუთაისის საკრებულოში, მერაბ მეშველიანი, ქალაქის ხელისუფლებას მოუწოდებს გადახედოს მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციების საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივი სარგოსთვის განკუთვნილ თანხას და რაციონალურად დააკომპლექტოს 11 ააიპ გაერთიანება და 4 შპს.