ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა 26 მაისს გამოაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირისგან მიიღებს დამატებით 40 მილიონ ევროს ორმხრივი თანამშრომლობის მიზნებისთვის და 45 მილიონ ევროს მაკროფინანსური დახმარების სახით. დაწესდება, ასევე, ყოველწლიური შეხვედრები ევროკომისიისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველოს საკითხების განსახილველად. „საქართველო ახლოს არის ჩემს გულთან“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირზე საქართველოს პრემიერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოში პირველი რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავის აღსანიშნავად ჩამოვიდა. ეს არის მისი პირველი ვიზიტი როგორც საქართველოში, ასევე მთელ რეგიონში.